Aa
Aa

"სპორტინგის" ქომაგებმა გუნდის ფეხბურთელს და მწვრთნელებს სცემეს

"სპორტინგის" სავარჯიშო კომპლექსთან საშინელი ფაქტი დაფიქსირდა. სამშაბათს, პორტუგალიური გუნდის ნიღბიანი გულშემატკივრები თავს ფეხბურთელებს და კლუბის პერსონალს დაესხნენ. ჯოხებითა და ქამრებით შეირაღებულმა ქომაგებმა ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ ბას დოსტს, ხოლო შემდეგ მწვრთნელის ასისტენტებს მარიო მონტეიროს და რაულ ჟოზეს მიაყენეს.

გავლენიანი პორტუგალიური გამოცემის, "A Bola"-ს მიხედვით თავდასხმის მსხვერპლი სხვა ფეხბურთელებთან ერთად გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუშიც  გახდა. ქომაგების გაბრაზება „სპორტინგის“ მიერ პორტუგალიის ჩემპიონატში დაკავებულმა მესამე ადგილმა განაპირობა. ლისაბონურმა კლუბმა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "ფეხბურთელების, მწვრთნელების და კლუბის პერსონალის მიმართ განხორციელებული ყოველგვარი ვანდალიზმის ან აგრესიის აქტი დაუშვებლად მიგვაჩნია და ყველაფერს ვიზამთ რომ დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი დასჯა დროულად მოხდეს. ძალადობა სპორტინგის გზა  არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება". 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კლუბის პრეზიდენტი ბრუნო დე კარვალიო მთლიან გუნდს დისკვალიფიკაციით მას შემდეგ დაემუქრა, რაც სპორტინგმა ევროპა ლიგაზე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ საშინლად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ 19-მა ფეხბურთელმა დე კარვალიოს განცხადება სოციალურ ქსელში დაგმო და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მუქარა არ აუსრულებია მხარეებს შორის დღემდე დაძაბული ურთიერთობაა.

ყველაფერი "მარიტიმუსთან" მარცხის შემდეგ დაიწყო, სადაც ლისაბონელმა გულშემატკივარმა საკუთარ გუნდს უსტვინა. კვირას "სპორტინგი" პორტუგალიის თასის ფინალში "ავეშს" დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელები ბოიკოტის გამოცხადებას აპირებენ, რამაც შესაძლოა გუნდთან გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტაც გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები