„რედ ბული“ კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს
Aa
Aa

„რედ ბული“ კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს

ამ კვირას, "რედ ბული" გამართავს სხდომას იმ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, რომელშიც გუნდი მომავალი სეზონისთვის აღმოჩნდა. როგორც იცით, ავსტრიულ საჯინიბოს არ აქვს ძრავები 2016 წლის ჩემპიონატისთვის, ხოლო "მერსედესმა" და "ფერარიმ" უარი თქვეს "რედ ბულისთვის" ძალისმიერი აგრეგატების მიწოდებაზე.

თუ პრობლემა მოგვარებული არ იქნება, "რედ ბულმა" და "ტორო როსომ", შესაძლოა, დატოვონ ფორმულა 1. შექმნილი კრიზისული სიტუაცია ბრიტანელმა ექსპერტმა, ჯეიმს ალენმა გააანალიზა.

"როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რომ ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ოქტომბერში არ ექნებოდა კონკურენტუნარიანი ძრავა მომავალი სეზონისთვის და იძულებული გახდებოდა ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად მთავარი კონკურენტების იმედად ყოფილიყო.

ერთის მხრივ, გვესმის "რედ ბულის" ხელმძღვანელობის - მას სერიოზული მოლოდინი ჰქონდა "რენოს" ჰიბრიდულ ძრავებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტურ აეროდინამიკასთან და შესანიშნავ შასისთან ერთად, გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა. გასულ წელს, გუნდმა სამი რბოლა მოიგო და 2015-ში უფრო მეტის იმედი ჰქონდა, მაგრამ "რენომ" შეცდომა დაუშვა მომავალი განვითარების გზის არჩევისას.

"რედ ბულს" ჰქონდა უფლება უფრო მეტის იმედად ყოფილიყო. გარდა ამისა, განაწყენების საბაბიც გააჩნდათ - აეროდინამიკაში უპირატესობა, რომელიც 2010-13 წლებში ჰქონდათ, რეგლამენტში ცვლილებებით განადგურდა, ხოლო "მერსედესის" უპირატესობა მრავალი წლით გამყარდა, რადგან ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატების გამოყენების კურსი გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ ლიდერთა დაწევა რთული იქნება. 

თუმცა "ფერარიმ" შეძლო "მერსედესთან" მიახლოება, როცა 2014 წელთან შედარებით, ამ სეზონში სერიოზულ პროგრესს მიაღწია. და იგივეს გაკეთება შეეძლო "რედ ბულს" "რენოსთან" ერთად. სავარაუდოდ, ეს არ მოხდა იმის გამო, "რედ ბულის" ხელმძღვანელობაში ძალიან აგრესიულ მიდგომას იყენებდნენ, ძალიან დიდი ზეწოლა ჰქონდათ ძრავის მწარმოებლებზე, "რენოში" კი ამისთვის მზად არ აღმოჩდნენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, დიტრიხ მატეშიცს შეეძლო სიტუაციის გადარჩენა, როცა "რენოს" მიმართა წინადადებით - დაევიწყებინათ კონფლიქტი და წინსვლა გაეგრძელებინათ ახალი გეგმით. კერძოდ, ფრანგულ მხარეს არ შეეძინა "ლოტუსი", არამედ, თანდათანობით, რამდენიმე წელიწადში გადაებარებინა "რედ ბული".

ყველას აქვს იმედი, რომ "რედ ბული" არ დატოვებს ფორმულა 1-ს, რადგან მას დიდი წვლილი შეაქვს ჩემპიონატის პოპულარიზაციაში.

სამწუხაროდ, იყო ნეგატიური გავლენაც. "რედ ბულმა" დაანგრია გუნდების ასოციაცია (FOTA), 2006 წელს Michelin-ის წინააღმდეგ მისცა ხმა, დაბლოკა ხარჯების შემცირების რამდენიმე ინიციატივა... "რედ ბულში" მიჩვეულნი არიან იმ შეჯიბრის კონტროლს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ. ამ კომპანიას ბევრი ტურნირი ეკუთვნის.

"რედ ბულში" გრძნობენ, რომ კარგავენ კონტროლს სიტუაციაზე, "მერსედესსა" და "ფერარის" კი არ აქვთ აშკარა სტიმული მათ დასახმარებლად - თუ ძლიერ მეტოქეს მისცემენ ისეთივე ძალისმიერ აგრეგატს, როგორსაც თავად იყენებენ, ისინი წაგებით რისკავენ.

თუ ისე მოხდა, რომ "რედ ბული" ფორმულა 1-დან ორ თავის გუნდს გაიყვანს, მათი მეტოქეები მიიღებენ კონტრაქტის გაფორმების საშუალებას ოთხ ნიჭიერ პილოტთან. აგრეთვე გამონთავისუფლდება 210 მილიონი დოლარი, რომელსაც "რედ ბულის" ორი გუნდი იღებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს თანხა თანაბრად გადანაწილდეს - ეს არ არის ფორმულა 1-ის ტრადიციებში, მაგრამ თუ ეს მოხდება, გუნდები მიიღებენ 20-20 მილიონს, რაც მათ არსებობის საშუალებას მისცემს".

ცხელი ამბები