ვინ შეცვლის ვენგერს? მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა!
Aa
Aa

ვინ შეცვლის ვენგერს? მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა!

როგორც ცნობილია, სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი „არსენალს“ დატოვებს და „მეთოფეებში“ მისი 22 წლიანი ერა დასრულდება.

ფრანგი სპეციალისტის შემცვლელის სავარაუდო კანდიდატებზე ბრიტანული პრესა კარგა ხანია მსჯელობს.

დღეს Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია რომლის თანახმადაც „არსენალის“ ჩაბარების ყველაზე რეალური შანსი ლუის ენრიკეს აქვს.

ესპანელი სპეციალისტი „ჩელსის“ თავკაცის პოსტზეც მოიაზრებოდა, თუმცა ვენგერის წასვლის შემდეგ მისი გვარი „მეთოფეებს“ დაუკავშირეს.

წყარო იმასაც წერს, რომ „არსენალმა“ „ჩელსის“ უკვე აჯობა და ენრიკესთან შეთანხმების მისაღწევად მცირე დეტალები აშორებს.

დამაბრკოლებელ ფაქტორად ასტურიელი სპეციალისტის ანაზღაურება რჩება. ენრიკე წლიურად 15 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ამ წუთისთვის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელად პეპ გუარდიოლა ითვლება, რომელსაც „სიტი“ წელიწადში 20 მილიონ ფუტნს უხდის.

მეორე ადგილს ჟოზე მოურინიო იკავებს, რომლის ხელფასი 15 მილიონი ფუნტია და ენრიკესაც სწორედ ამდენივე სურს.

ეს ნაბიჯი „არსენალისთვის“ შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან ლონდონელები ამხელა ანაზღაურებას გუნდის წევრებს ძალიან იშვიათად უნიშნავენ.

„მეთოფეების“ დირექტორი რაულ სანლეჰი, რომელიც „არსენალში“ 2017 წლის ზამთარში „ბარსელონადან“ გადავიდა, ენრიკეს გადმობირების მთავარი სულისჩამდგმელია.

სანლეჰი ენრიკეს ანაზღაურების საკითხს საკმაოდ ფრთხილად უდგება და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

„არსენალის“ გაწვრთნის ყველაზე დიდი შანსი მაინც ენრიკეს აქვს, თუმცა მის გარდა ლონდონელები ლეონარდო ჟარდიმის (მონაკო), ბრენდან როჯერსის (სელტიკი) და იოაჰიმ ლიოვის (გერმანიის ნაკრები) კანდიდატურებსაც განიხილავენ.

„არსენალში“ არც ახალგაზრდა მწვრთნელის მიწვევას გამორიცხავენ. ასეთ შემთხვევაში წინა პლანზე მიკელ არტეტასა (გუარდიოლას თანაშემწე) და იულიან ნაგელსმანის (ჰოფენჰაიმი) გვარები წამოიწევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები