“საიმედო და სტაბილურია” - ენრიკემ კვარა შეაქო
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც. კვარას დიდებული მატჩი ჰქონდა და პარიზელთა მხრიდან მე-2 გოლი სწორედ მან გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.
ენრიკე:
„ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მათ ჩვენს წინააღმდეგ ტაქტიკა შეცვალეს, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ — გუნდების უმეტესობა ცდილობს, ჩვენი თამაშის სტილს მოერგოს. განსაკუთრებით მეორე ტაიმში ჩვენი უპირატესობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.
ფრუსტრაცია არ არსებობს — ეს ფეხბურთია. უნდა მიიღო შედეგი და აღიარო, რომ მაღალი დონის თამაში აჩვენე ისეთ გუნდთან, როგორიც „ლივერპულია“. მოთმინება შევინარჩუნეთ, სწორად ვაზროვნებდით და ასევე ვაჩვენეთ, რამდენად საოცარი გულშემატკივრები გვყავს. კმაყოფილები ვართ იმით, რაც დღეს ვაჩვენეთ.
დონეებს შორის დიდი სხვაობა არ არის. დღეს უმაღლესი დონის მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ვიცით, რომ „ენფილდზე“ თამაში უკიდურესად რთული იქნება. მოგვიწევს ტანჯვა, თუმცა ასეთ მომენტებში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება — სადაც არ უნდა ვითამაშოთ, გამარჯვებისთვის გავდივართ.
„ჩვენ უნდა გვინდოდეს იქ გამარჯვება და ამისთვის გოლების გატანა აუცილებელია. მხოლოდ შედეგის დაცვაზე თამაში ჩვენს ფილოსოფიაში არ ჯდება. მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით, თუმცა ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება.“
კვარა ყველა ტურნირზე ერთნაირია. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება მიიღო. ჩემპიონთა ლიგაზე სხვანაირი მენტალიტეტია საჭირო, რაც მას ნამდვილად აქვს. ხვიჩას მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ის სტაბილური და საიმედოა. ბრძოლისთვის ყოველთვის მზად არის.”
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე პასების რაოდენობას, ქართველ სუპერვარსკვლავს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.
ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ლივერპული
მამარდაშვილის მოგერიებები VS პსჟ