სანდერლენდი, ბრედლი ლოური
Aa Aa

ბრედლი ლოურისთვის და შემდეგ ყველა დანარჩენისთვის - სანდერლენდის გმირობა და დაბრუნება

24 მაისი.. უემბლი.. 95-ე წუთი.. სანდერლენდი ფავორიტი შეფილდის წინააღმდეგ.. ბურთთან  19 წლის ტომ უოტსონი აღმოჩნდა.. გაისროლა და ისტორია გადაწერა..

სირთულეებით სავსე 8-წლიანი ტანჯვა დასრულდა.. სანდერლენდი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა!!


2017 წელი - შავი კატები საბოლოოდ გატყდნენ.. თითქოს დანებდნენ კიდეც.. საშინელი სეზონი დასრულდა.. დევიდ მოიესის სრული კრახი.. სანდერლენდმა პრემიერ ლიგა 24 ქულით დაასრულა და ელიტას დაემშვიდობა.. 6 მოგება, 6 ფრე და 26 წაგება - ეს ნამდვილი კატასტროფა და იმედგაცრუება იყო..

კიდევ უფრო უარესი შემდეგი სეზონი გამოდგა.. სანდერლენდი ჩემპიონშიფიდანაც გავარდა, სადაც 46 მატჩიდან 7 მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 23 წააგო. გაუშვა 80 გოლი და მხოლოდ 52 გაიტანა.. გაშვებული გოლების მხრივ, შავ კატებზე უარესი შედეგი მხოლოდ ბარტონს ჰქონდა(81 გოლი), რომელიც ასევე გავარდა ჩემპიონშიფიდან..

დაიწყო ტანჯვა.. სანდერლენდი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში აღმოჩნდა, რომელსაც ლიგა ერთი ჰქვია.. ერთ დროს ევრო ტურნირებისთვის მებრძოლი გუნდი საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა..

სიტუაცია უიმედო ჩანდა, რადგან შავი კატები ლიგა ერთის ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოდნენ. წინ საკმაოდ დიდი ბარიერი იყო. სანდერლენდმა 2018/2019 წლების სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ჯერ ორი მატჩის ჯამში პორცმუტს ძლივს 1:0 მოუგო და ფინალში ჩარლტონთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დამარცხდა.

სანდერლენდს ჩემპიონშიფში გადასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა. მე-4 წუთზე სარმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და შავი კატები დაწინაურდნენ, თუმცა 35-ე წუთზე ჩარლტონმა წონასწორობა აღადგინა. სანდერლენდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ, როგორც უკვე მოგახსენეთ, 94-ე წუთზე ბაუერმა გაიტანა და სეზონი კრახით დასრულდა..


დიდად განსხვავებული არც შემდეგი სეზონი აღმოჩნდა. სანდერლენდი პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძოდა და 59 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფებოდა. მე-6 ადგილოსან ფლიტვუდთან კი მხოლოდ 1 ქულა აშორებდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო აღნიშნული სეზონი ანულირდა..

2020/2021 წლების სეზონის მიმდინარეობისას, შავი კატების გულშემატკივრებს საკმაოდ დიდი იმედი ჩაესახათ. გუნდი ლიგა ერთში კარგად გამოიყურებოდა და გათამაშება მე-4 ადგილზე დაასრულა.

პლეი-ოფში სანდერლენდი ლინკოლნს დაუპირისპირდა და მორიგი იმედგაცრუების ჯერი დადგა. პირველი შეხვედრა ლინკოლნმა 2:0 მოიგო. მეორე შეხვედრაში ქამბექის დიდი შანსი იყო. მეტიც, სანდერლენდი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჰოპერმა ერთი ბურთი გაქვითა და ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ლინკოლნი გამოვიდა.


დადგა ბედნიერების პერიოდიც.. 2021/2022 წლების სეზონი სანდერლენდის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხია. მომქანცველი სეზონი სანდერლენდმა მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის ზონაში კვლავ მოხვდა.

ნახევარფინალში შავი კატები შეფილდ ვედს დაუპირისპირდნენ. საკუთარ კედლებში 1:0 დაამარცხეს, ხოლო გასვლითი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ალექს ნილის გაწვრთნილი გუნდი ფინალში უიკომბს შეხვდა და უდიდესი უპირატესობის ფონზე 2:0 დაამარცხა. ისტორიული გოლები ემლეტონმა და სტიუარტმა გაიტანეს. სანდერლენდი ჩემპიონშიფში აღზევდა!!


მატჩის დასრულების შემდეგ, ალექს ნილმა განაცხადა: „დაიმახსოვრეთ, სანდერლენდი ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება პრემიერ ლიგაში. ამისთვის კი მე ყველაფერს გავაკეთებ. ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის პრიორიტეტულები იყვნენ და მათ ეს ბედნიერება აუცილებლად უნდა მივანიჭოთ.“

სამწუხაროდ, ნილს ამის გაკეთება არ აცალეს. შოტლანდიელ სპეციალისტს გუნდთან 12-თვიანი კონტრაქტი აკავშირებდა. ჩემპიონშიფის დაწყებიდან 6 ტურის შემდეგ, ნილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ეს გადაწყვეტილება ბევრს არ გაუხარდა, თუმცა საწყის 6 ტურში შავმა კატებმა მხოლოდ 8 ქულა დააგროვეს. მიზნები კი გაცილებით დიდი იყო. მის ნაცვლად ტონი მოვბრი დანიშნეს, რომელმაც გაამართლა და სანდერლენდი პლი-ოფში გაიყვანა.

ტონის ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონშიფი მე-6 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში ლუტონს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა სანდერლენდმა 2:1 მოიგო და გულშემატკივრებმა საოცარი ჟრიამული მოაწყვეს. ყველა ბედნიერი იყო იქამდე, სანამ მეორე მატჩი არ გაიმართა. ლუტონმა 2:0 მოიგო და პრემიერ ლიგაში დაბრუნების მცდელობა კრახით დასრულდა.


2023/2024 წლების სეზონი სანდერლენდმა ჩააგდო. დაკავებული თანამდებობიდან მოვბრიც გაათავისუფლეს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგები იყო. მისი ადგილი 38 წლის მაიკ ბილიმ დაიკავა, თუმცა ვერც მან გაძლო ამ პოსტზე დიდი ხნით და 2024 წლის 19 თებერვალს გაათავისუფლეს.

როგორც იქნა, შავ კატებში, მწვრთნელების კუთხით სტაბილურობამ დაისადგურა. სანდერლენდს სათავეში ფრანგი სპეციალისტი რეჟი ლე ბრი ჩაუდგა, რომელმაც სეზონი დიდებულად წარმართა და გუნდი ნანატრ პრემიერ ლიგამდე მიიყვანა.

სანდერლენდმა სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ლე ბრის გუნდმა ჩემპიონშიფში ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ამის გამო გულშემატკივრები პლეი-ოფის წინ განერვიულდნენ.

შავი კატები ნახევარფინალში ქოვენთრის შეხვდნენ. პირველი მატჩი სტუმრად 2:1 მოიგეს, ხოლო მეორე საკუთარ კედლებში ფრედ 1:1 დასრულდა.

დადგა ნანატრი მატჩი - საფინალო შეხვედრა, რომელსაც სანდერლენდი პრემიერ ლიგაში უნდა გადაეყვანა..

სანდერლენდი შეფილდის წინაააღმდეგ..

მატჩი შავი კატებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. 25-ე წუთზე კემპბელმა ანგარიში გახსნა. შეფილდმა მეორეც გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ გაუქმდა. წარმოიდგინეთ, სანდერლენდის ქომაგების ემოციები იმ დროს, როდესაც VAR გოლს ამოწმებდა.. ალბათ ღირდა ასეთი ნერვიულობა.. წინ დიდებული წუთები ელოდათ..

მეორე ტაიმში, ფრანგი სპეციალისტის გუნდი კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლა და არაერთი მომენტი შექმნა.. 76-ე წუთზე მაიენდამ წონასწორობა აღადგინა.. ორივე გუნდისთვის ყველაფერი ახლიდან დაიწყო..

დარჩენილ დროში ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ 90 წუთი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ არა..

95-ე წუთი.. ბურთთან 19 წლის ტომ უოტსონი აღმოჩნდა.. გაისროლა და ისტორია გადაწერა.. სანდერლენდი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა!!

რთულია სანდერლენდის ხსენებაზე ბრედლი ლოური არ გაგახსენდეთ.. პატარა ბიჭი, რომელიც ალბათ შავი კატების ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო.. სამწუხაროდ ის 2017 წელს გარდაიცვალა..

2017 წელი გახლავთ ზუსტად ის წელი, როდესაც სანდერლენდი პრემიერ ლიგიდან გავარდა.. ლოური ვერ მოესწრო მისი საყვარელი გუნდის ცუდ პერიოდს..

ეს გამარჯვება და პრემიერ ლიგაში დაბრუნება პირველ რიგში სწორედ ბრედლის ეძღვნება და შემდეგ ყველა გულშემატკივარს.. 24 მაისი ყოველთვის იქნება სანდერლენდის გულშემატკივრების გულებში.. ისევე, როგორც ბრედლის.. სადღაც იქ პარალელურ და უხილავ სამყაროში..

გაზიარება: