Aa
Aa

"რწყილის" ისტორია - "შენ ერთ დღეს უფრო მაღალი იქნები ვიდრე მარადონა"

ლეო მესის ისტორიის შესახებ მეტ-ნაკლებად ყველა ქომაგმა იცის, თუმცა როგორია სრული ვერსია, ამის შესახებ ინფორმაცია ბევრს არ აქვს.

"ლა პულგას" (რწყილი), ბავშვობის ექიმმა დიეგო შვარცშტაინმა Conmebol-თან ინტერვიუში მესის ბავშვობის წლები გაიხსენა და მის პრობლემებზე დეტალურად ისაუბრა.

"მშვიდად იყავი, შენ ერთ დღეს უფრო მაღალი იქნები ვიდრე მარადონა. არ ვიცი მასზე ძლიერი ფეხბურთელი გახდები, თუ არა, მაგრამ უფრო მაღალი ნამდვილად იქნები", უთხრა მესის 1998 წელს მისმა ენდოკრინოლოგმა, როდესაც პატარა ლეოს დიაგნოზი დაუსვა.

"როცა ის მომიყვანეს 9 წლის იყო და სიმაღლეში 1.27 იყო. აშკარად რაღაც დარღვევასთან გვქონდა საქმე. სწორმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ახლა ის 1.69 გახლავთ, პლიუს ამას ლეო საოცარი ფეხბურთელია.

ჩემთან პირველად შეხვედრის დროს მან მკითხა, რამხელა გაიზრდებოდა სიმაღლეში. მესის აინტერესებდა შეძლებდა, თუ არა ფეხბურთის თამაშს. სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ის მარადონაზე მაღალი იქნებოდა.

რამდენიმე წლის წინ მას ისევ შევხვდი და ვუთხარი, რომ დანაპირები შევასრულე - ის მარადონაზე მაღალი იყო და თან მასზე უკეთესი ფეხბურთელიც. ამ დროს მესიმ სიცილი შეწყვიტა და მითხრა - არა არა, დიედო დიეგოა.

1997 წელს, ჩემს ოფისში "ნიუელს ოლდ ბოისის" წარმომადგენლებმა მესი მოიყვანეს და მითხრეს, რომ ახალგაზრდული გუნდებიდან ასეთი საოცარი მოთამაშე არასდროს ენახათ, მაგრამ მას ზრდის პრობლემა ჰქონდა. მისი დაავადების მქონე 20 ათასი ბავშვიდან, სტატისტიკურად მხოლოდ ერთს შეიძლება გაუმართლოს.

როცა ბავშვებს ზრდის პრობლემა აქვთ, ისინი მხოლოდ იმაზე ღელავენ, რომ ათლეტები ვერ გაიზრდებიან და გოგოებს თავს ვერ მოაწონებენ, მესის კი მხოლოდ ფეხბურთის თამაში აღელვებდა.

2001 წელს არგენტინაში ეკონომიკურმა კრიზისმა იმძლავრა, რამაც მესის დაფინანსების საკითხი გაართულა და მას ის შეუწყდა. იმ დროისთვის ლეოს თვეში 1300 დოლარის მედიკამენტები ესაჭიროებოდა, რომელსაც ოჯახი ვერ გასწვდებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა "ბარსელონა".

კატალონიელებმა ხარჯები თავის თავზე აიღეს, თუმცა იმ მომენტისთვის მესი 70%-ით განკურნებული იყო.

თითქმის 4 წლის განმავლობაში, ლეომ ნემსი 1400-ჯერ გაიკეთა და ეს ყველაფერი მხოლოდ სიმაღლეში გასაზრდელად ხდებოდა. რომ არა მკურნალობა, დღეს მესი 10-15 სანტიმეტრით დაბალი იქნებოდა და ახლა მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავი არ ეყოლებოდა".

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები