დრაგან სტოიკოვიჩი, გარეტ საუთგეიტი, კასპერ ჰიულმანი, მატიაჟ კეკი
Aa Aa

ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის C ჯგუფის წარდგენა

ევრო 2024-ის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და განსაკუთრებულად ვემზადებით. ეს ის ტურნირია, რომლის გარშემოც ნებისმიერი ინფორმაცია საინტერესოა და ჩვენს თამაშებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს.

CrystalSport-ი, ჯგუფების მიხედვით, მონაწილე გუნდების წარდგენას აგრძელებს. სტატიის მიზანია, გაგაცნოთ მნიშვნელოვანი დეტალები, ფაქტები, სტატისტიკები და ამბები, გუნდებისა თუ ფეხბურთელების გარშემო. ასე რომ, დავიწყოთ და დეტალურად გავიცნოთ, ვის, რატომ და რა ინტერესით უნდა ვუყუროთ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. უკვე ვისაუბრეთ A ჯგუფისა და B ჯგუფის შესახებ, დღეს C ჯგუფის ჯერია.

B ჯგუფი: ინგლისი, დანია, სლოვენია, სერბეთი

OPTA-ს სუპერ კომპიუტერის პროგნოზი 1/8 ფინალში გასვლაზე: ინგლისი - 95.4%; დანია - 69.2%; სლოვენია - 42.1%; სერბეთი - 56.2%

16 ივნისი - 20:00 - სლოვენია V დანია (შტუტგარტი, მერსედეს ბენც არენა)

15 ივნისი - 23:00 - სერბეთი V ინგლისი (გელზენკირხენი, ფელტინს არენა)

20 ივნისი - 17:00 - სლოვენია V სერბეთი (მიუნხენი, ალიანც არენა)

20 ივნისი - 20:00 - დანია V ინგლისი (ფრანკფურტი, დოიჩე ბანკ პარკი)

25 ივნისი - 23:00 - დანია V სერბეთი (მიუნხენი, ალიანც არენა)

25 ივნისი - 23:00 ინგლისი V სლოვენია (კიოლნი, რაინენერგიშტადიონი)

ინგლისი

ევრო 2024-ის უმთავრეს ფავორიტთა შორის, ინგლისის ნაკრები პირველია. ყველაზე მეტი ექსპერტი და გულშემატკივარი ფიქრობს, რომ ტიტულის მოგების ყველაზე მეტი შანსი ამ გუნდს აქვს. არაა გასაკვირი, რადგან პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის სეზონის MVP-ები ამ გუნდში თამაშობენ, აქაა სეზონში 44 გოლის გამტანი ცენტრფორვარდიც და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან მაგარი ინდივიდუალური სეზონი ჰქონდა.

ჰარი კეინს ტიტული კვლავ არ მოუგია, მაგრამ კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა - 44 გოლი შეაგდო. წარმოიდგინეთ, ევროს 26-კაციანი განაცხადიდან 5 ფეხბურთელია ისეთი, ვინც პრემიერ ლიგის დასრულებულ გათამაშებაში მინიმუმ 15 გოლი შეაგდო - ფოდენი (19 გოლი, 8 ასისტი), საკა (16 გოლი, 9 ასისტი), უოტკინსი (19 გოლი, 13 ასისტი), პალმერი (22 გოლი, 11 ასისტი), ბოუენი (16 გოლი, 6 ასისტი). ამას დავუმატოთ ლა ლიგაში 19 გოლის გამტანი და 6 ასისტის შემსრულებელი ბელინგემი და ვაცნობიერებთ, რომ გასაოცრად მაგარი საერთო სტატისტიკაა.

უბრალოდ, ინტერესისთვის და ინფორმაციისთვის მინდა, დავთვალო ბელინგემის, პალმერის, გალაჰერისა და შემტევების საერთო სეზონური საგოლე მოქმედებების ჯამური რაოდენობა. ესე იგი, ბელინგემი, გალაჰერი, პალმერი, ფოდენი, საკა, უოტკინსი, ბოუენი, ეზე, კეინი, გორდონი, ტონი - ამ 11 ფეხბურთელის ანგარიშზე, ყველა საკლუბო ტურნირის ეგიდით, 220 გოლი და 117 საგოლე პასია. „სამი ლომის“ შეტევითი პოტენციალი, სულ რომ არც ერთი საკლუბო თამაში გენახა, მარტო ამ სტატისტიკითაც ძალიან ნათლად აიხსნება და სუპერ შთამბეჭდავია.

შეტევაზე ყველაფერი გასაგებია, მთავარია, მწვრთნელმა ეგოები აკონტროლოს, ფუნქციები სათანადოდ გადაანაწილოს და ბალანსი მონახოს. აი, რაც შეეხება დაცვას, ინგლისელთა შედარებით სუსტ წერტილად სწორედ უკანა ხაზს მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ ამ რგოლის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰარი მაგუაიერმა ტრავმა მიიღო და ევროზე ვერ ითამაშებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა წინა დიდ ტურნირებზეც არსებობდა, მაგრამ საუთგეითი ახერხებდა, რომ გუნდის თამაში ისე აეწყო, ინგლისს საუკეთესო სტატისტიკა ჰქონოდა: 2018-2022 წლის მუნდიალებსა და ევრო 2020-ზე, პენალტების გამოკლებით, ჯამურად 19 მატჩი ჩაატარეს და 12 გოლი გაუშვეს, რაც თამაშში საშუალოდ 0.63 გოლია - ბელგია ამ სამ ტურნირზე საშუალოდ თამაშში 0.73 გოლს უშვებდა, საფრანგეთი - 0.75-ს, ესპანეთი - 0.83-ს, ხოლო გერმანია  - 1.6-ს.

ვერდიქტი: წინა აბზაცებში გუნდის პოტენციალზე, როგორც შეტევითი, ასევე დაცვითი კუთხით, უკვე ვისაუბრე და არგუმენტებიც დავასახელე, თუ რატომ თვლის ექსპერტთა უდიდესი ნაწილი ინგლისს მთავარ ფავორიტად. ჩემ აზრს დავამატებ: ინგლისის ნაკრებს არასდროს ჰქონია ისეთი საჩემპიონო მენტალიტეტი გუნდში, როგორც - ახლა. ამას ემატება ლიდერთა ბრწყინვალე ინდივიდუალური სეზონები და მათი სტატისტიკები, ეს ყველაფერი გუნდის ფსიქოლოგიურ მხარეს ძალიან აძლიერებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს სეზონში ყველაზე დატვირთული კალენდარი აქვთ, რაც, რაღაც მხრივ, შეუძლებელია, ფიზიკურ მხარეზე არ აისახებოდეს. საუთგეითმა ესეც უნდა გადააზღვიოს და დააბალანსოს. მივდივართ დასკვნამდე, რომ ინგლისს ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტის სტატუსი დანარჩენ ყველა გუნდზე მეტად ეკუთვნის.

საკვალიფიკაციო ეტაპი: ინგლისი (20); იტალია (14); უკრაინა (14); ჩრდ. მაკედონია (8); მალტა (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: კეინი - 8

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: საკა - 3

3 ყველაზე მეტი კეპი: კეინი - 91; უოკერი - 83; სტოუნსი - 72

მონაწილეობა ევროზე: მე-11

საუკეთესო შედეგი: ფინალისტი - 2020

შედეგი ევრო 2020-ზე: ფინალი, იტალიასთან 1:1 (პენ. 2:3)

ფაქტი: ტოპ 5 ევროპული ჩემპიონატიდან 2-ის 2023-24 წლების სეზონის MVP ინგლისის ნაკრებში თამაშობს: ჯუდ ბელინგემი (ლა ლიგა) და ფილ ფოდენი (პრემიერ ლიგა).

მთავარი მწვრთნელი: გარეტ საუთგეითი. ევრო 2024-ის მწვრთნელებს შორის, დიდიე დეშამის შემდეგ, საუთგეითი ყველაზე ხანგრძლივმოქმედი სპეციალისტია - ინგლისის ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალი და ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშა, ბოლო მუნდიალზე კი 1/4 ფინალამდე მივიდა, რაც საკმარისი გამოცდილება და ფუნდამენტია იმისთვის, რომ გუნდმა უფრო მაღალ შედეგზე იფიქროს.

3 საკვანძო ფეხბურთელი: კეინი (ბაიერნი); ბელინგემი (რეალი); რაისი (არსენალი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ოლი უოტკინსი. ძირითად შემადგენლობაში კეინი, ცხადია, ხელშეუხებელია, თუმცა უოტკინსი, წესით, ცვლილებებიდან გარკვეულ დროს მიიღებს და შეუძლია, საუთგეითისთვის მნიშვნელოვან კოზირადაც იქცეს. „ასტონ ვილაში“ ჩატარებული სუპერ სეზონის შემდეგ, ოლიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის შემსრულებელია და ევროსაც მშვენიერ ხასიათზე ხვდება. ცენტრფორვარდია და პრემიერ ლიგაში 19 გოლი შეაგდო, რაც შესრულებული მისიაა, მაგრამ კიდევ უფრო ჟღერადია ის ამბავი, რომ სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა - 13 საგოლე პასით. ნაკრებში დიდი შედეგი არასდროს ჰქონია, დიდი არ ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანი ბონუსი რომ იყოს, საამისოდ ახლა, ალბათ, ყველაზე შესაფერისი დროა.

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი); ჯორდან პიკფორდი (ევერტონი); აარონ რამსდეილი (არსენალი);

მცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული); ლუის დანკი (ბრაიტონი); ჯო გომესი (ლივერპული); მარკ გუეი (კრისტალ პალასი); ეზრი კონსა (ასტონ ვილა); ლუკ შო (მანჩესტერ იუნაიტედი); ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი); კირან ტრიპიე (ნიუკასლი); კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი);

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი); ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი); კონორ გალაჰერი (ჩელსი); კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი); კოულ პალმერი (ჩელსი); დეკლან რაისი (არსენალი); ადამ უორტონი (კრისტალ პალასი);

თავდამსხმელები: ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი); ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი); ენტონი გორდონი (ნიუკასლი); ჰარი კეინი (ბაიერნი); ბუკაიო საკა (არსენალი); აივონ ტონი (ბრენტფორდი); ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა).

დანია

რამდენად გამოუვა არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ინგლისისთვის ჯგუფში კონკურენციის გაწევას შეეცდება, კასპერ ჰიულმანის დანიაა. თანაც, დანიელებმა ევრო 2020-ის ნახევარფინალში სწორედ „სამ ლომთან“, დამატებით დროში, დათმეს და ესეც დამატებითი მოტივაციაა.

დანიელებს ამ ჯგუფში თავიანთ კიდევ ერთ ძალიან კარგად ნაცნობ მეტოქესთან მოუწევთ თამაში - სლოვენიასთან, რომელიც საკვალიფიკაციოზე მათ ჯგუფში იყო. საერთოდ, დანიელებმა შესარჩევი დამაჯერებლად ჩაატარეს, ყველა საშინაო მატჩი მოიგეს და 22 ქულა მოაგროვეს, რაც მთლიანად ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საკვალიფიკაციოზე გამორჩეულად ითამაშა რასმუს ჰოილუნმა, რომელმაც 7 გოლი შეაგდო და თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი დარტყმა (23) და კარში დარტყმა (13) შეასრულა. ჰოილუნი დანიელთა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი და იმედია. ერთი ისაა, რომ ექსპერტთა არც ისე ცოტა ნაწილი თვლის, რომ ჯერ დაუღვინებელია და არასტაბილურ თამაშს აჩვენებს.

გუნდმა ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო - ჩრდილოეთ ირლანდიასთან შესარჩევის ბოლო ტურში, როცა პირველი ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა. კარგად ჩაატარეს ევრომდე გამართული მოსამზადებელი შეხვედრებიც - შვედეთი და ნორვეგია დაამარცხეს.

ვერდიქტი: ჰიულმანის ფორმაციის დანიის ნაკრები უკვე საკმაოდ გამოცდილია, რისი მთავარი საფუძველი წინა ევროს 1/2 ფინალში გასვლაა. გუნდისთვის პროგრამა მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა იქნება, შემდეგ კი, თუნდაც „ანდერდოგის“ სტატუსით, კონკრეტულ მატჩში დანიას ნებისმიერის დასამარცხებლად ბრძოლა შეუძლია.

საკვალიფიკაციო ეტაპი: დანია (22); სლოვენია (22); ფინეთი (18); ყაზახეთი (18); ჩრდ. ირლანდია (9); სან მარინო (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: ჰოილუნი - 7

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: უინდი, ერიქსენი - 3-3

3 ყველაზე მეტი კეპი: სიმონ კიაერი - 132; კრისტიან ერიქსენი - 130; კასპერ შმეიხელი - 101

მონაწილეობა ევროზე: მე-10

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი - 1992

შედეგი ევრო 2020-ზე: 1/2 ფინალი, ინგლისთან 1:1 (დ.დ. 1:2)

ფაქტი: დანიის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე 33 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ თამაშებში ჯამურად 92 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ 2.79-ია, ეს კი იმ 12 ნაკრებს შორის, რომელსაც ფინალურ ტურნირზე მინიმუმ 20 შეხვედრა უთამაშია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მთავარი მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანი. ნაკრებს სათავეში 2020 წლიდან უდგას და შტამბეჭდავი მოგების პროცენტი აქვს - 63.27% (სულ 50 მატჩი). ჰიულმანი, ზეპ პიონტეკს, რიხარდ მიოლერ-ნილსენსა და მორტენ ოლსენს შეუერთდება და გახდება მე-4 მწვრთნელი, რომელიც დანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ უხელმძღვანელებს. წინა ევროზე გუნდი 1/2 ფინალამდე მიიყვანა, იქაც მასპინძელ ინგლისთან ფრედ ითამაშა, თუმცა დამატებით დროში დამარცხდა. ეს შედეგი ევრო 1992-ზე ჩემპიონობის შემდეგ მათთვის საუკეთესო იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის ჩარჩენის ფონზე, 52 წლის სპეციალისტს სურს, მის ქვეყანას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ზაფხული აჩუქოს.

3 საკვანძო ფეხბურთელი: რასმუს ჰოილუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); პიერ-ემილ ჰოიბიერგი (ტოტენჰემი); კასპერ შმეიხელი (ანდერლეხტი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: მორტენ ჰიულმანი. 24 წლის ფიზიკურად ძლიერი საყრდენი, რომელსაც საკმაოდ კარგი პირველი პასიც აქვს, ნაკრებში პირველად წელს გამოიძახეს. „ლეჩეში“ ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, ლისაბონის „სპორტინგთან“ ერთად, კიდევ უფრო მაგარი სეზონი ჰქონდა და პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. პრიმეირა ლიგის 30 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი ჰქონდა, თავის უშუალო მოვალეობას კი ბრწყინვალედ ასრულებდა და თანაგუნდელებისთვის მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად საიმედო დასაყრდენი იყო. მოედნის ცენტრში უდიდესი სამუშაოს შესრულება შეუძლია და დანიის ნაკრების სტრუქტურულად გამართვაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს.

მეკარეები: მადს ჰერმანსენი (ლესტერი); ფრედერიკ რონოვი (უნიონ ბერლინი); კასპერ შმეიხელი (ანდერლეხტი);

მცველები: იოახიმ ანდერსენი (კრისტალ პალასი); ალექსანდრ ბა (ბენფიკა); ანდრეას კრისტენსენი (ბარსელონა); მატიას იორგენსენი (ბრენტფორდი); სიმონ კიაერი (მილანი); რასმუს კრისტენსენი (რომა); ვიქტორ კრისტიანსენი (ბოლონია); იოაკიმ მელე (ვოლფსბურგი); იანიკ ვესტერგორი (ლესტერი);

ნახევარმცველები: იაკობ ბრუუნი (ბარნლი); თომას დილეინი (ანდერლეხტი); ანდერს დრეიერი (ანდერლეხტი); კრისტიან ერიქსენი (მანჩესტერ იუნაიტედი); მორტენ ჰიულმანი (სპორტინგი); პიერ-ემილ ჰიბიერგი (ტოტენჰემი); მატიას იენსენი (ბრენტფორდი); კრისტიან ნორგორი (ბრენტფორდი);

თავდამსხმელები: მიკელ დამსგორი (ბრენტფორდი); კასპერ დოლბერგი (ანდერლეხტი); რასმუს ჰოილუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); ანდრეას სკოვ ოლსენი (ბრიუგე); იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი); იონას უინდი (ვოლფსბურგი).

 სლოვენია

სლოვენიის ნაკრები ამ ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევა, თუმცა ცალსახაა, რომ გუნდს კარგი პერიოდი აქვს და ეს საკვალიფიკაციო ეტაპმაც დაადასტურა - 14-წლიანი პაუზის შემდეგ დიდ ტურნირზე დაბრუნდნენ, უშუალოდ ევროზე კი 24 წელია არ უთამაშიათ.

იან ობლაკის სახით, უკვე წლებია ტოპ დონის ფეხბურთელი ჰყავთ, მის გარდა, ამ ნაკრებშია ტოპ ტალანტი - ბენიამინ შეშკო, რომელიც „ლაიპციგის“ რიგებში გავიცნით, მაგრამ დიდი შანსია, მალე იქ აღარ იყოს. საინტერესო ფეხბურთელები არიან „უდინეზეს“ დუეტი - სანდი ლოვრიჩი და იაკა ბიოლი, ასევე „პანთინაიკოსის“ ანდრაჟ შპორარი და კიტეიშვილის თანაგუნდელი „შტურმში“ - ტომი ჰორვატი. აქაა უკვე ვეტერანი იოსიპ ილიჩიჩიც, რომლის კლასი, გამოცდილება და სრულიად უნიკალური სათამაშო ინტელექტი, საჭირო ბონუსი უნდა იყოს.

ის, რომ მატიაჟ კეკი ამ ფეხბურთელებთან ეფექტიანად მუშაობს, რიცხვებიდანაც ნათლად ჩანს - გუნდმა ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო - 13 მოგება და 6 ფრე. ეს თამაშები ერთა ლიგის B დივიზიონს, ევრო 2024-ის შესარჩევსა და ამხანაგურ შეხვედრებს მოიცავს. რაც არ უნდა იყოს, სლოვენიის ნაკრების კალიბრის გუნდისთვის მაგარი სტატისტიკაა და სტაბილურობაზე ნათლად მიუთითებს.

საინტერესოა, რომ სლოვენიას ამ ჯგუფში მის ორ მთავარ კონკურენტთან სრულიად ახლო წარსულში აქვს ნათამაშები - სერბეთთან 2022 წელს, ერთა ლიგის ეგიდით, დანიასთან კი სულ ახლახანს, ამ ევროს შესარჩევში. სტატისტიკა ორივესთან იდენტურია - შინ ფრე და სტუმრად წაგება.

ვერდიქტი: ინგლისი ისედაც ცალკეა და რთული სათქმელია ისიც, სერბეთთან ან დანიასთან, სლოვენიელთა უპირატესობა რა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ გუნდს რომ სიურპრიზები შეუძლია, პორტუგალიასთან მარტში მოგებულმა ამხანაგურმა შეხვედრამაც გვიჩვენა. თუკი გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება და სამივე მატჩში მინიმალურზე მინიმალური რაოდენობის შეცდომებს დაუშვებს, რასაც ცოტა იღბალიც დაემატება, ჯგუფიდან გასვლის შანსი ექნებათ. სხვა შემთხვევაში, მოხდება ის, რაც, ერთი შეხედვით, უფრო ლოგიკურია, ვიდრე მათი პლეი-ოფში ხილვა.

საკვალიფიკაციო ეტაპი: დანია (22); სლოვენია (22); ფინეთი (18); ყაზახეთი (18); ჩრდ. ირლანდია (9); სან მარინო (0)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: შეშკო - 5

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: შპორარი, სტოიანოვიჩი, გნეზდა ჩერინი - 3-3

3 ყველაზე მეტი კეპი: იასმინ კურტიჩი - 91; იოსიპ ილიჩიჩი - 81; იან ობლაკი - 65

მონაწილეობა ევროზე: მე-2

საუკეთესო შედეგი: ჯგუფური ეტაპი

ფაქტი: სლოვენიის ნაკრებს ბოლო 21 მატჩში მხოლოდ 2 წაგება აქვს - 13 მოგება და 6 ფრე.

მთავარი მწვრთნელი: მატიაჟ კეკი. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელობისას ნაკრებში მხოლოდ 1 თამაში ჩაატარა და არაფრისთვის მიუღწევია, მწვრთნელის რანგში, სლოვენიური ფეხბურთისთვის გამორჩეულ სპეციალისტად იქცა. სლოვენიის ეროვნული გუნდი, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ, დიდ საფეხბურთო ფორუმზე მეოთხედ მოხვდა, აქედან 2-ჯერ - სწორედ კეკის ხელმძღვანელობით, თანაც 14-წლიანი ინტერვალით. მიხვდებოდით, რომ იგი ნაკრების თავკაცის პოსტზე მეორე ვადითაა. პირველად 2007-2011 წლებში და მუნდიალის ჯგუფში (ინგლისი, აშშ, ალჟირი) მე-3 ადგილი დაიკავა, რასაც საუდის არაბეთში გატარებული 1 წელი და ხორვატული რიეკას მწვრთნელობის 5-წლიანი პერიოდი მოჰყვა. 2018-ში ეს პოსტი ხელმეორედ დაიკავა და 6 წლის თავზე, გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში მეორედ გაიყვანა.

3 საკვანძო ფეხბურთელი: ბენიამინ შეშკო (ლაიპციგი); იან ობლაკი (ატლეტიკო); იაკა ბიოლი (უდინეზე)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ჟან კარნიჩნიკი. 29 წლის განაპირა მცველი, რომელსაც მთელი კარიერა შიდა ჩემპიონატსა და 3 წლით ბულგარულ „ლუდოგორეცში“ აქვს გატარებული. ამჟამად „ცელიეს“ წევრია და დასრულებულ სეზონში ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 4 გოლი და 10 ასისტი. ეს რიცხვები ადასტურებს, რომ პრაიმი აქვს, რადგან აქამდე ერთ სეზონში 7-ზე მეტი საგოლე მოქმედება არ ჰქონია, ახლა კი ეს შედეგი გაორმაგებულია. კარნიჩნიკი ევროს მაგარ ფორმაში ხვდება და შეუძლია, თავისი ქვეყნის ნაკრებისთვის შეტევაში მნიშვნელოვანი ბენეფიტები მოიტანოს.

მეკარეები: იან ობლაკი (ატლეტიკო); ვიდ ბელეცი (აპოელი); იგორ ვეკიჩი (ველიე);

მცველები: იურე ბალკოვეცი (ალანიასპორი); იაკა ბიოლი (უდინეზე); მიჰა ბლაჟიჩი (ლეხ პოზნანი); დავიდ ბრეკალო (ორლანდო სიტი); ვანია დრკუშიჩი (სოჭი); ერიკ იანჟა (გორნიკ ზაბრჟე); ჟან კარნიჩნიკი (ცელიე); იონ გორენც სტანკოვიჩი (შტურმი); პეტარ სტოიანოვიჩი (სამპდორია);

ნახევარმცველები: ტიმი ელშნიკი (ოლიმპია ლიუბლიანა); ადამ გნეზდა ჩერინი (პანათინაიკოსი); ტომი ჰორვატი (შტურმი); იოსიპ ილიჩიჩი (მარიბორი); იასმინ კურტიჩი (სუდტიროლი); სანდი ლოვრიჩი (უდინეზე); ბენიამინ ვერბიჩი (პანათინაიკოსი); ადრიან ზელიკოვიჩი (სპარტაკ ტრნავა); ნინო ჟუგელი (ბოდო გლიმტი);

თავდამსხმელები: ჟან ცელარი (ლუგანო); იან მლაკარი (პიზა); ბენიამინ შეშკო (ლაიპციგი); ანდრაჟ შპორარი (პანათინაიკოსი); ძან ვიპოტნიკი (ბორდო).

სერბეთი

სერბეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს მათი ეროვნული ნაკრებისთვის პირველი ევროპის ჩემპიონატია. არადა, მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 3-ჯერ ითამაშეს.

იმის მიუხედავად, რომ გუნდმა საკვალიფიკაციოზე მე-2 ადგილი დაიკავა, ჯგუფში იყო ერთადერთი, რომელმაც ყველა თამაშში გაიტანა. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ევრო 2024-ისა და მსოფლიოს 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციოს მატჩებს თუ ავიღებთ მხედველობაში, უკვე 22 თამაშია გოლი გააქვთ. ბოლოს უგოლოდ მოედანი დატოვეს 2019 წლის ივნისში, როცა უკრაინასთან 0:5 წააგეს.

ეს სტატისტიკა, ცხადია, შემთხვევითობა ვერ იქნება და არგუმენტირდება იმით, რომ სერბებს ბოლო წლებში მაგარი თაობები წამოუვიდათ. ალეკსანდარ მიტროვიჩი, დუშან ვლაჰოვიჩი, დუშან ტადიჩი, ლუკა იოვიჩი და, რა თქმა უნდა, გუნდის ნახევარდაცვის გული - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომლისთვისაც საგოლე მოქმედებებში მონაწილეობა რუტინული ჩვეულებრივობაა. სახელებითაც ჩანს, რომ გუნდში ტოპ დონის შემსრულებლების ნაკლებობა აშკარად არაა. განსაკუთრებით, როცა საქმე თავით თამაშს ეხება - სერბებმა საკვალიფიკაციოზე თავით ყველაზე მეტი - 5 გოლი გაიტანეს.

ვერდიქტი: სტოიკოვიჩის ხელმძღვანელობით, სერბებს მხიარული, გამტან-გამშვები გუნდი ჰყავთ. თუკი დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იქნება, პლეი-ოფში გასვლა პრობლემა არ უნდა გახდეს.

საკვალიფიკაციო ეტაპი: უნგრეთი (18); სერბეთი (14); მონტენეგრო (11); ლიეტუვა (6); ბულგარეთი (4)

ბომბარდირი საკვალიფიკაციოზე: მიტროვიჩი - 5

ასისტენტი საკვალიფიკაციოზე: ტადიჩი - 4

3 ყველაზე მეტი კეპი: დუშან ტადიჩი - 108; ალეკსანდარ მიტროვიჩი - 91; ფილიპ კოსტიჩი (63)

მონაწილეობა ევროზე: 1-ლი

ფაქტი: სერბეთის ნაკრების ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციოზე გატანილი გოლების მესამედი თავით შეაგდეს - 5 (15-დან), რაც უფრო მაღალი შედეგია დანარჩენ ნებისმიერ გუნდზე, რომელიც ევრო 2024-ზე მონაწილეობს.

მთავარი მწვრთნელი: დრაგან სტოიკოვიჩი. ლეგენდარული სერბი ფეხბურთელი, რომელსაც 1993 წელს, „მარსელთან“ ერთად, ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. გამორჩეული სერბი მოთამაშეა იმ მხრივაც, რომ ევროს ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი - 7 მატჩი აქვს ჩატარებული. ევრო 1984-ზე 19 წლისამ და 108 დღისამ გაიტანა და ამ მომენტისთვის, იოჰან ვოლტანენის, უეინ რუნისა და რენატო სანჩეშის შემდეგ, ტურნირის მე-4 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა. ასევე, ევრო 1984-ზე 19 წლისამ და 102 დღისამ ითამაშა და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა სერბია, ევრო 2000-ზე კი 35 წლისამ და 114 დღისამ და ეს უკვე ყველაზე ასაკოვანი სერბის სტატუსს აძლევს. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ამ ტურნირზე არავინ წაუყვანია იმ ასაკის, ამ სამიდან რომელიმე რეკორდი რომ გააუმჯობესოს. დავამატოთ, რომ ევრო 2000-ზე 10 ნომერი ეცვა, იუგოსლავიის ნაკრების კაპიტანი იყო და ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიასთანაც ითამაშა - 3:3. სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ 3 გუნდში უმუშავია: იაპონური „ნაგოია“ (2008-2013), ჩინური „გვანჯოუ“ (2015-2020) და სერბეთის ნაკრებში 2021 წლიდანაა. თავისი ქვეყნის გუნდი ამ 3-წლიან პერიოდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ გაიყვანა.

3 საკვანძო ფეხბურთელი: სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ ჰილალი); დუშან ტადიჩი (ფენერბაჰჩე); ალეკსანდარ მიტროვიჩი (ალ ჰილალი)

კაცი, რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ბონუსი გახდეს: ლაზარ სამარჯიჩი. „უდინეზეს“ 22 წლის ტალანტი, რომელიც გასულ ზაფხულს „ინტერში“ გადასვლასთან ნახევარ ნაბიჯში იყო. სამარჯიჩი ბერლინშია დაბადებული და გერმანიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, თუმცა მაინც სერბეთი აირჩია. სერია A-ს დასრულებულ სეზონში 6 გოლი და 2 ასისტი ჰქონდა, ამ 6-დან 3 გოლი გრანდებთან შეაგდო: „ნაპოლისთან“, „მილანთან“ და „ინტერთან“. მართალია, უმძაფრესი კონკურენციის ფონზე, ძირითადში მოხვედრა ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ცვლილებებიდან გუნდის თამაშის მნიშვნელოვნად გაძლიერება და მასში კრეატივის შეტანა შეუძლია.

მეკარეები: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო); ჯორჯე პეტროვიჩი (ჩელსი); პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა);

მცველები: სრდან ბაბიჩი (სპარტაკ მოსკოვი); ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა); ფილიპ მლადენოვიჩი (პანათინაიკოსი); სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი); უროშ სპაიჩი (ცრვენა ზვეზდა); ნემანია სტოიჩი (ცრვენა ზვეზდა); მილოშ ველიკოვიჩი (ვერდერი);

ნახევარმცველები: ველიკო ბირმანჩევიჩი (სპარტა პრაღა); მიატ გაჩინოვიჩი (აეკ ათენი); ნემანია გუდელი (სევილია); ივან ილიჩი (ტორინო); საშა ლუკიჩი (ფულემი); ნემანია მაკსიმოვიჩი (ხეტაფე); სრდან მიხაილოვიჩი (ცრვენა ზვეზდა); სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ ჰილალი); ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე); ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი);

თავდამსხმელები: ლუკა იოვიჩი (მილანი); ალეკსანდარ მიტროვიჩი (ალ ჰილალი); პეტარ რატკოვი (ზალცბურგი); დუშან ტადიჩი (ფენერბაჰჩე); დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი); ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკი).

გაზიარება: