კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ბომბარდირთა დავის ლიდერის პოზიცია უკვე რამდენიმე წელია დაიკავა და ჯერჯერობით არათუ არ თმობს, არამედ მიღწევებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ პორტუგალიელის მთავარი კონკურენტი ლიონელ მესია, რომელმაც კრიშტიანუს მსგავსად ევროპა დატოვა კარიერის უკანასკნელ წლებს სხვა კონტინენტზე ატარებს. ამ ორი ლეგენდის დუელი ახლაც გრძელდება, რითაც მოგებული პირველ რიგში ფეხბურთის გულშემატკივარი რჩება და რაც უფრო დიდხანს ითამაშებენ კრიშტიანუ და ლეო, მით უკეთესი იქნება საფეხბურთო აუდიტორიისთვის. ქვემოთ მოცემულ სტატიაში დეტალურად არის დაყოფილი მათ მიერ გატანილი გოლები და განხილულია რომელ კომპონენტში რომელი უფრო ძლიერია.
ალბათ გასაკვირი არავისთვის არის, რომ მესის ცაციათი გაცილებით უფრო მეტი ბურთი აქვს გატანილი, ვიდრე კრიშტიანუს. ბოლოს და ბოლოს, არგენტინელი განსაკუთრებით კარიერის საწყის ეტაპზე, ყველაზე მეტად ცნობილი სწორედ თავისი საფირმო დარტყმით იყო, რომელსაც მუდამ მარცხენათი ასრულებდა. რაც შეეხება რონალდუს, ის მარჯვენათი გაცილებით კარგად ურტყამს, თუმცა სუსტი ფეხითაც ბევრზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე იმ ფეხბურთელებს, რომელთათვისაც მარჯვენათი დარტყმა ძლიერ მხარედ ითვლება, ეს ყველაფერი კი პორტუგალიელის დაუღალავი შრომის შედეგია. არგენტინის ნაკრებში მესის თანაგუნდელი და ახლო მეგობარი კარლოს ტევესი, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ რონალდუსთან ერთად ორი წელი თამაშობდა, იხსენებს: „თუ ვარჯიში დილის 9 საათზე გვქონდა და მე რვაზე მივიდოდი, რონალდუ მაინც იქ მხვდებოდა, რადგან ის შვიდის ნახევრიდან იქ იყო“.
მარჯვენა ფეხით პორტუგალიელს არგენტინელზე ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი და ამ თემასთან დაკავშირებით „ბარსელონაში“ თამაშისას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა: „მესის მარჯვენა ფეხი არ სჭირდება, ის მხოლოდ მარცხენას ხმარობს. წარმოიდგინეთ, ის რომ მარჯვენას ისეთივე წარმატებით იყენებდეს, როგორც ცაციას, დანარჩენ მოთამაშეებს სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა“. მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან განსხვავებით, არგენტინელისთვის მარჯვენა სუსტ წერტილად ითვლება, ჟერომ ბოატენგისთვის გაკეთებული ლეგენდარული ცრუ-მოძრაობის შემდეგ, მანუელ ნოიერის კარში გოლი მან სწორედ არასამუშაო ფეხით შეაგდო, რის შემდეგაც რეკორდმაისტერის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლეოზე განაცხადა: „მასზე კონტროლის დამყარება და მისი აყვანა უბრალოდ შეუძლებელია“.
მარჯვენა ფეხით გატანილი გოლების მსგავსად, აქაც ცალსახად უპირატესობა პორტუგალიელი ვარსკვლავის მხარესაა. ისიც სათქმელია, რომ რონალდუ მესიზე 17 სანტიმეტრით მაღალია, რაც საქმეს ერთიორად უადვილებს. „მეორე სართულზე“ გოლების ნაკლებობას მესი ხარისხით უკეთებს კომპენსირებას და არავის ავიწყდება მის მიერ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გატანილი გოლი, რომლის დასრულების შემდეგაც სერ ალექს ფერგიუსონმა აღნიშნა: „ჩემთვის დაუჯერებელია ის ფაქტი, პრემიერლიგის გუნდის მცველებს თავით თამაშისას, 170 სანტიმენტის სიმაღლის მესიმ აჯობა“.
თერთმეტმეტრიანების ხშირად შესრულებისა და რეალიზების გამო, საფეხბურთო სამყაროში „პენალდოსა“ და „პესის“ ეპითეტებით პორტუგალიელ და არგენტინელ ვარსკვლავებს ხშირად მოიხსენიებენ. ამ ორ ფეხბურთელს ჯამში 200-ზე მეტი პენალტი აქვთ გატანილი, თუმცა არამხოლოდ რაოდენობით, არამედ საერთო პროცენტული მაჩვენებლითაც ამ კომპონენტში კრიშტიანუ ლეოზე უკეთესია. 11-მეტრიანებს რონალუ 85, მესი კი 78-პროცენტიანი სიზუსტით ასრულებს. მეტსაც გეტყვით, 2021 წლის მაისამდე, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ჩვიდმეტი წლის მანძილზე, ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატების მატჩებში არც ერთი პენალტი არ ჰქონდა გაცუდებული, სანამ „იუვენტუსში“ ასპარეზობისას „ინტერთან“ შეხვედრაში სიზუსტემ არ უმტყუნა.
კარიერის დასაწყისში კრიშტიანუ საჯარიმოების ნამდვილი სპეციალისტი იყო და „პორტსმუთის“ კარში მის მიერ შესრულებული სტანდარტი ინგლისის პრემიერ ლიგაში ყველა დროის საუკეთესოდ არის დასახელებული. თუმცა, წლების მატებასთან ერთად, ამ კომპონენტში მისმა შედეგიანობამ საგრძნობლად იკლო, მესის შემთხვევაში კი პირიქით - მოიმატა. კარიერის საწყის 11 სეზონში მესიმ საჯარიმოს ნიშნულიდან მხოლოდ 16 ბურთი გაიტანა, ბოლო სამ სეზონში კი -18.
იქიდან გამომდინარე, რომ კრიშტიანუს მესისთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერი და ყუმბარისებური დარტყმა აქვს, ბევრისთვის ეს სტატისტიკა შეიძლება უცნაური იყოს, თუმცა ლეომ იმდენად ხელოვნებამდე აიყვანა ცენტრისკენ შეწევის შემდეგ დაბალი, საფირმო ზუსტი დარტყმები, რომ ბევრი ამას „მესის პენალტსაც“ კი უწოდებს. რაც შეეხება რონალდუს, ის უკნიდან მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ასპარეზობისას თამაშობდა, „რეალში“ გადასვლის შემდეგ კი ლამის საჯარიმოს ფორვარდად იქცა და ამიტომაც იკლო შორიდან მისმა გოლებმა.
მესი შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დრიბლიორიც იყოს და შესაბამისად, ცოტა უცნაურია, რომ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილად მას მხოლოდ ხუთ გოლს უთვლიან. მათ შორის ბუნებრივია ყველას პირველ რიგში ახსენდება 2007 წელს „ხეტაფესთან“ გაბრწყინება, როდესაც ყველას 1986 წელს დიეგო მარადონას მიერ ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ბურთი გაახსენა. მესის გოლის მერე ერთ-ერთი კომენტატორი ბოლო ხმაზე ყვიროდა: „ეს დიეგოა! მითხარით ვინმემ რომ ეს ასე არ არის! ჩემთვის ეს მარადონაა... მისი რეინკარნაცია“. ესპანურმა სპორტულმა გამოცემა „მარკამ“ კი „ბარსას“ ვუნდერკინდის „მესიდონა“ უწოდა. რაც შეეხებ რონალდუს დრიბლინგის შედეგად გატანილ გოლებს, ერთი ასეთი მშობლიურ „სპორტინგში“ ასპარეზობისას იყო, მეორე კი 2007 წელს, „იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ლიდერმა „ფულჰემის“ მეკარეს, იან ლაშტუვკას გაუტანა.
კარიერის დასაწყისში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ 6-წლიანი ასპარეზობის მანძილზე, კრიშტიანუმ ერთ შეხვედრაში სამი ბურთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაიტანა, „რეალში“ გადასულმა კი ჰეთ-თრიკი 44-ჯერ შეასრულა. რონალდუ (34) ლა ლიგაში შესრულებული ტრებლების რაოდენობით მესის (36) მცირედით ჩამორჩება, ხოლო პროფესიონალურ კარიერაში ლეომ პირველად ერთ შეხვედრაში სამი ბურთი 2007 წელს „რეალს“ გაუტანა და ეს მატჩი „კლასიკოების“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
ამ შემთხვევაში რას უთვლიან და როგორ შეიძლება განსაზღვრო გამარჯვების გოლი რომელია, როდესაც გუნდი 5:0-ს იგებს, რთული სათქმელია, თუმცა პორტუგალიელი არგენტინელს ამ კომპონენტში აშკარად სჯობნის. „მანჩესტერში“ რონალდუს თანაგუნდელს უეინ რუნის და „ბარსელონაში“ მესის პარტნიორს ფრენკი დე იონგს თავის დროზე მათზე ნათქვამი აქვთ, რომ ისინი არიან იმ კალიბრის მოთამაშეები, რომლებიც თამაშებს ინდივიდუალურად იგებენ და რთულია არ დაეთანხმო.
ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუ მესის მხოლოდ იმიტომ სჯობნის გატანილი გოლების რაოდენობით, რომ ევროპა მასზე ექვსი თვით ადრე დატოვა და გაცილებით დაბალი დონის საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდა. მხოლოდ ევროპაში გატანილ გოლებს თუ მივიღებთ მხედველობაში, ლეომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენში“ 704 ბურთი შეაგდო, კრიშტიანუმ კი „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „რეალსა“ და „იუვენტუსში“ – 701. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელი პორტუგალიელზე ორი წლით უმცროსია, ვარაუდობენ, რომ ის უფრო გვიან დაასრულებს კარიერას, თუმცა რონალდუს საოცარი ფიზიკური მომზადებიდან გამომდინარე, ყველაფერი შესაძლებელია.