გიორგი წიტაიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი არაბიძე, ლევან ხარაბაძე, ბიორნ იონსენი
Aa
Aa

ჩემპიონის ქამბექი | დინამო ბათუმმა ტორპედო მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ფავორიტების დაპირისპირება ვიხილეთ. „დინამო ბათუმმა“ და „ტორპედომ“ 5-გოლიანი ტრილერი გვაჩუქეს და მასპინძლებმა მაგარი ქამბექი შემოგვთავაზეს - 3:2.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. აჭარლებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. უერდი მარამ გიორგი წიტაიშვილს ბურთი ქუსლით გაუყოლა, „წიტას“ ჩაწოდების შემდეგ კი ონორე გომისმა გაიტანა. იმერლებმა 28-ე წუთზე გაათანაბრეს. გიორგი მჭედლიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ბიორნ იონსენი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. ბურთი ფელიპე პირესს მიუვიდა, რომელმაც „დინამო ბათუმის“ კარი დალაშქრა - 1:1.

პირველ ტაიმში „ტორპედომ“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გიორგი არაბიძის წაქცევის გამო, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა. არაბიძის დარტყმა კვასხვაძემ მოიგერია, მაგრამ კარის ხაზი ნაადრევად დატოვა, რის გამოც, სტუმრებმა პენალტი ახლიდან დაარტყეს. ამჯერად, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ბიორნ იონსენი მივიდა და „ტორპედო“ დააწინაურა - 1:2.

„დინამო ბათუმმა“ წონასწორობა 86-ე წუთზე აღადგინა. ლევან ხარაბაძის ჩაწოდების შემდეგ, პედრო მონტეირომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე დაფიქსირდა. „დინამო ბათუმმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიყენა და აჭარლებმა 3 ქულა აიღეს - 3:2.

ცნობისთვის, „დინამო ბათუმი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს და 15 ქულა აქვს. აჭარლები მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს გამართავენ და „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდებიან, „ტორპედოს“ 6 ქულა აქვს და 5 ტურის შემდეგ, მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშამდე კაშიამ და ხვიჩამ სიტყვით მოგვმართეს“ | ბუდუ ზივზივაძის ინტერვიუ
„თამაშამდე კაშიამ და ხვიჩამ სიტყვით მოგვმართეს“ | ბუდუ ზივზივაძის ინტერვიუ