ანასტასიოს ბაკასეტასი
Aa
Aa

საბერძნეთის კაპიტანი: „სტადიონის ფაქტორი სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ“

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა ანასტასიოს ბაკასეტასმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ანასტასიოს ბაკასეტასი:

ჩვენთვის ყაზახეთთან მატჩი წარმატებული იყო და პირველი ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ხვალინდელი თამაშის სცენარზე პროგნოზების გაკეთება არ მსურს. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე წუთიდან ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციითა და თავდაჯერებით ვითამაშოთ.

ფინალია და ფინალში ფავორიტები არ არსებობენ. ასეთ გადამწყვეტ თამაშში არ შეიძლება ფავორიტის დასახელება. განწყობა კარგი გვაქვს, ერთ-ერთი მიზეზი კი ყაზახეთთან თამაშია, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მარტივი გამარჯვება იყო, რადგან ყაზახეთი ძლიერი და მძიმე გუნდია.

მართალია, რომ სახლში კარგად ვთამაშობთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მაყურებელი დიდი რაოდენობით მოდიოდა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ. ვფიქრობ, რომ მაყურებლის ფაქტორი ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. გამოცდილი ფეხბურთელები ვართ, რომლებსაც არაერთ მსგავს მატჩში მიგვიღია მონაწილეობა.

ბოლო თამაში კარგად მახსოვს და მარტივი არ ყოფილა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა. ახლა გაცილებით ძლიერი და გამოცდილი გუნდი ვართ, თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებზეც, იმ მატჩის შემდეგ გაცილებით გაძლიერდა. ვფიქრობ, ხვალ დაძაბულ და საინტერესო მატჩს ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი საკუთარ მოედანზე ყაზახეთს 5:0 მოუგო. წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები