გურამ თუშიშვილი, თბილისის გრანდ სლემი
Aa
Aa

ბრწყინვალე იპონი! - თბილისის გრანდ სლემი თუშიშვილის ტრიუმფით დაიხურა

თბილისში, ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი ქართველი ფალავნების ტრიუმფით დაიხურა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში მედლის მოპოვება ორმა ძიუდოისტმა შეძლო, თუმცა, საქართველოს ჰიმნი სამი ქართველისთვის აჟღერდა.

ტატამიზე ჯერ საბა ინანეიშვილი წარსდგა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ყაზახი იერასილ კაჟიბაიევი იპონით დაამარცხა. მსაჯებმა ინანეიშვილის გდება თავდაპირველად ვაზარით შეაფასეს, თუმცა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება იპონით შეცვალეს.

საბა ინანეიშვილის შემდეგ ტატამიზე გურამ თუშიშვილი გამოჩნდა, რომელიც ოქროს მედალს უტევდა და ჩვენდა სასიხარულოდ, ასპარეზობა წარმატებით დაასრულა. ტურნირის ფინალში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდა და შეხვედრის დაწყებიდან 50 წამში ეფექტური გდებით დაამარცხა.

ფინალამდე, თუშიშვილმა პირველ წრეში გერმანელ ერიკ აბრამოვს მოუგო, მეორე წრეში მონღოლი უსუხვაიარი დაამარცხა, 1/4 ფინალში სლოვაკ მარიუს ფიზელს სძლია, ნახევარფინალში კი ინანეიშვილის მეტოქე კაჟიბაიევს მოუგო.

საგულისხმოა, რომ თბილისის გრანდ სლემი, მძიმე წონაში ქართველმა ძიუდოისტმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო, ამჯერად კი საქართველოს ჰიმნი გურამ თუშიშვილმა ააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ დღსვე, ტურნირის გამარჯვებული -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს დელეგაციამ საერთო ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 4 ოქრო და 1 ბრინჯაო. თუშიშვილის გარდა, გრანდ სლემის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები