ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მათ ჯადოსნურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე

იტალიური Gazzetta dello Sport-ი „ნაპოლის’’ შესახებ წერს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტმა „სასუოლოსთან’’ ბრწყინვალედ ითამაშა, რაც კლუბის ქომაგებს აიმედებს, რომ „იუვენტუსთან’’ და „ბარსასთან’’ „პარტენოპეი’’ თავს კარგად წარმოაჩენს. სტატიის ავტორი თვლის, რომ „აძურისთვის'' შეუძლებელი არაფერია, მათ შორის კატალონიური გუნდის ბარიერის დაძლევა.

Gazzetta dello Sport: „ასეთი წყვილი არავის ჰყავს, მათ მიერ შექმნილ მაგიურ საღამოებზე შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი ტესტი „იუვენტუსთან’’ იქნება, მაგრამ ეს ის მზის სხივია „ნაპოლისთვის’’, რომელიც სენსაციურ დაბრუნებაზე ოცნებობს. თუ კვარა და ოსიმენი იქნებიან, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი’’.

სერია A-ს გასულ ტურში „სასუოლო'' შინ „ნაპოლისთან'' 1:6 განადგურდა. ვიქტორ ოსიმენმა 3 გოლი შეაგდო, აფრიკელის მესამე გოლისას საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, ქართველი ფეხბურთელის აქტივში დუბლი და საგოლე გადაცემაა. ხვიჩას პირველი გოლისას საგოლე პასის ავტორი ნიგერიელი თავდამსხმელია.

სერია A-ს მომდევნო ტურში „ნაპოლი'' „იუვენტუსს'' მიიღებს (3 მარტი, 23:45), შემდეგ „ტორინოს'' უმასპინძლებს (8 მარტი, 23:45), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან'' გასვლითი შეხვედრა მოჰყვება (13 მარტი, 00:00). 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ნაპოლი'' - „ბარსას'' შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები