ემპოლი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ჩემი კუმირი მალდინი იყო - გოგლიჩიძის პირველი პრესკონფერენცია იტალიაში

„ემპოლის’’ ქართველი ახალწვეული საბა გოგლიჩიძე იტალიურ მედიას პირველად ესაუბრა. მას სხვადასხვა თემებზე ჰკითხეს, ახალ გარემოზე, მის პლუსებზე, „ემპოლის'' მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლასა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზეც, რომლის კარგმა თამაშმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება დადებითად შეცვალა.

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. „ემპოლიში'' ოჯახური გარემოა, თავს კომფორტულად ვგრძნობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. რაც შეეხება ქალაქს, პატარა და კომფორტული ქალაქია, შეგიძლია სტადიონთან ახლოს იცხოვრო და მთელი ყურადღება შენი საქმიანობისკენ მიმართო. აქ ყველა პირობაა იმისთვის, რომ პროგრესი აჩვენო, განვითარდე.

კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა ბევრი არ მიფიქრია, არჩევანი „ემპოლიზე’’ გავაკეთე. ასევე, ლევან მჭედლიძეს ვესაუბრე, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა.

ჩემი უპირატესობა ერთ-ერთზე თამაში და პასის შესრულებაა. იტალია ყოველთვის მომწონდა. ჩემთვის როგორც მცველისთვის, აქ თამაში შესანიშნავია.

სერია ა-ში ბევრი ძლიერი მცველია, თუმცა თუ მხოლოდ ერთი უნდა ვთქვა, პაოლო მალდინს დავასახელებ, ის ძალიან მომწონდა, ჩემი კუმირი იყო.

მთავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლა მოედანზე ბევრს მუშაობს, თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს, მე და ჩემს თანაგუნდელებს მითითებებს გვაძლევს, როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ.

კვარაცხელიას „ნაპოლიში'' ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ ქართველი ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, ახლა ქართველ ფეხბურთელებს იტალიური და ევროპული კლუბები აკვირდებიან''.

გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში დებიუტი კი 2021 წელს ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა დღემდე, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 30 შეხვედრა ჩაატარა, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე კი ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კარიერა იტალიურ „ემპოლის'' დაუკავშირა, თუმცა ჯერ მისი დებიუტი სერია ა-ში არ შემდგარა.

საბას საქართველოს 18, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ მაკედონიასთან შეხვედრა გამოტოვა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები