ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ალექსს ნოკაუტის ძალა არ აქვს, მე კი პირიქით“ - თოფურიას პრესკონფერენცია

UFC 298-ზე, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლამდე ილია თოფურიამ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ილია თოფურია:

ამ ბრძოლისთვის ჩემს თავს ისე ვამზადებ, როგორც ყველა ბრძოლაში. ვემზადები რთული ბრძოლისთვის. ვემზადები და მზად ვარ 17 თებერვალს გამარჯვებისთვის. განსაკუთრებული არაფერია, ჩემს წინ ნორმალური ოპონენტი დგას. მას ყველა კომპონენტში ვჯობნი. მასზე ყველაფრით უკეთესი ვარ.

ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ის ხალხს დაამახსოვრდება როგორც ერთ-ერთი დიდებული მებრძოლი ქვემსუბუქ წონაში. ის ნამდვილად იყო დიდებული ჩემპიონი.

გულწრფელად რომ გითხრათ, რასაც ჩემი ინსტაგრამის ბიოგრაფიაში გავაკეთებ, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. არ მესმის, რატომ უყურებს ჩემს ინსტაგრამს. მის გვერდზე არასდროს შემიხედავს. მის შესახებ თუ რამე ყოფილა, მხოლოდ იმიტომ რომ ხალხმა გამომიგზავნა რაღაც.

რას ვხედავ ამ ბრძოლაში? ვხედავ, რომ მას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ.

რა შეიცვლება ამ ბრძოლის შემდეგ? სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, მინდა, რომ ბედნიერი ვიყო. მაგრამ ახლაც, ჩემი ცხოვრებით და ყველაფერი იმით, რაც მაქვს ძალიან ბედნიერი ვარ. ასე რომ, ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში უკვე ისედაც ბედნიერი ვარ.

იაირ როდრიგესის და ბრაიან ორტეგასთან შესაძლო ბრძოლა? რომელ მებრძოლს არ უნდა ახლა ჩემთან შეხვედრა? ჯერ ჩემპიონი არ გავმხდარვარ, ამისთვის 3 დღე დამრჩა, მაგრამ ეს ხალხი უკვე მიწვევს. ყველა მიწვევს, რატომ?

UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჩავიწერები როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ჩემპიონი. ხალხი მეც ისე დამიმახსოვრებს, როგორც თავის დროზე ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის... ჩემი სახელიც ამ წიგნში ჩაიწერება.

ჩემი და მერაბის ერთობლივი ბრძოლა? ჩვენ უბრალოდ ვგეგმავთ, რომ 17 თებერვალს დიდი შოუ მოვაწყოთ, გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა და გავიმარჯვოთ.

ვის გამოვიწვევ სანტიაგო ბერნაბეუზე? კონორ მაკგრეგორს. ამ ბრძოლას დიდი სიამოვნებით გავმართავ სანტიაგო ბერნაბეუზე.

რა შეიცვალა ჩემში ანაჰეიმში ბოლო ბრძოლიდან? ამ დღის შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. თითოეულ ასპექტში ბევრი რამ გავაუმჯობესე როგორც პროფესიონალურად, ისე პერსონალურად. ნამდვილად სიამაყით მავსებს ისე გრძნობა, რომ ანაჰეიმში ახლა სატიტულო ბრძოლისთვის დავბრუნდი.

იქნება თუ არა ვოლკანოვსკის სტრატეგია ჭიდაობა? ყველა ბრძოლაში, რომელიც აქამდე მქონია ასე ამბობდნენ. ამბობდნენ, რომ ყველა მებრძოლი რაღაცაში მაინც ჩემზე უკეთესი იყო. ამაზე გეტყვით, რომ ვიცი, ისე იბრძოლებს, როგორც აქამდე აკეთებდა. ეცდება, რომ ჩემს გარშემო იმოძრაოს და ისე დამარტყას, ეცდება რამდენიმე კომბო გააკეთოს და შემდეგ ძლიერად დამარტყას. ეცდება, რომ გალიასთან მიმიყვანოს და დაცვაში წნეხში მომაქციოს. ესაა მხოლოდ, რაც მას აქვს და ამას ძალიან კარგად აკეთებს. მუდამ ამას ვხედავთ მის UFC-ის ჟურნალში. მე უფრო მეტი რამის შეთავაზება შემიძლია. ის უნდა მიხვდეს ერთ რამეს, რომ აქამდე ჩემნაირ მებრძოლს არ შეხვედრია. მე არცერთ მებრძოლს არ ვგავარ, რომელსაც აქამდე შეხვედრია და დაამარცხა. მე ილია თოფურია ვარ და მე მას რაღაც განსაკუთრებულს დავმართებ. დავაფინიშებ. მე მესმის, რომ მას ნოკაუტის ძალა არ აქვს, მე კი მაქვს. მას ფინიშით გამარჯვება არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა UFC 298-ზე, აშშ-ის ქალაქ ანაჰეიმში 18 თებერვალს, საქართველოს დროით 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალმა მწვრთნელმა კარგი რჩევა მომცა“ | მერაბის სახუმარო ვიდეო
„ახალმა მწვრთნელმა კარგი რჩევა მომცა“ | მერაბის სახუმარო ვიდეო