ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

წინადადებები? ზაფხულამდე დიდი დროა - ძაკარდომ კვარასა და ლეაუზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელმა აგენტმა კრისტიან ძაკარდომ TuttoMercatoWeb-თან რაფაელ ლეაუსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, დღეს „მილანი'' - „ნაპოლის'' საფეხბურთო დაპირისპირება შედგება და აღნიშნული მოთამაშეების მიმართ დიდი ინტერესია.

ძაკარდო: „სტადიონზე ვიქნები, თამაშს დავესწრები. „ნაპოლის’’ ქულები სჭირდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში დასაბრუნებლად, „მილანის’’ მიზანი კი პირველ ადგილთან მიახლოებაა’’.

ლეაუსა და კვარაცხელიას შესახებ: „ორივე ძალიან ძლიერი მოთამაშეა, ისინი თავიანთ გუნდებში განსხვავებას ქმნიან. ცოცხლად მათი ყურება ყოველთვის შესანიშნავია. „მილანის’’ მიმართ სიმპათიები მაქვს, მილანში ვცხოვრობ, მაგრამ „ნაპოლიც’’ მაღელვებს, იმედი მაქვს ორივე გუნდი თავიანთ მიზნებს მიაღწევს’’.

TuttoMercatoWeb-ის კითხვა: რამდენად მოსალოდნელია, რომ ზაფხულში კლუბებმა ლეაუსა და კვარაცხელიაზე წინადადებები მიიღონ?

ძაკარდო: „ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, ზაფხულამდე დროა. ვფიქრობ, ისინი არიან მოთამაშეები, რომლებსაც უცხოური კლუბებიც ძალიან აფასებენ. ამავე დროს ეს სიამაყის საფუძველია, როცა გუნდში ასეთი მოთამაშეები გყავს. მათ ნებისმიერ ევროპულ კლუბში შეუძლიათ თამაში’’.

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი კვირას „სან სიროზე“ გაიმართება - „მილანი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. იტალიური პრესა ბოლო დღეებში აქტიურად წერს ნეაპოლელთა ტაქტიკურ ცვლილებაზე. ვალტერ მაცარიმ 2 ფორვარდით თამაშისკენ მინიშნება გააკეთა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცენტრფორვარდის გვერდით მოედნის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს.

იტალიური Repubblica წერს, რომ მაცარი „მილანს“ უფრთხის, მას სურს გუნდმა მე-4 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძოს და „როსონერის“ წინააღმდეგ ნეაპოლელები 3 ცენტრალური მცველით ითამაშებენ - ოსტიგორი, რაჰმანი, ჟესუსი.

წყარო წერს, რომ ამჟამად მაცარის გადასაწყვეტი აქვს, 3-4-3 სქემით იქნება, თუ 3-5-2-ით. ეს დამოკიდებულია პოლიტანოს ტრავმაზე და ასევე ნახევარდაცვის ცენტრში ბურთის კონტროლზე, რაც გუნდს 2-კაციანი ცენტრით თამაშის დროს წინა ტურებში გაუჭირდა. ამჯერად მოსალოდნელია, რომ პოლიტანოს ნაცვლად სასტარტოში პლუს ერთ ნახევარმცველს ვიხილავთ.

რაც შეეხება კვარას, მისი მეორე ფორვარდად გამოყენება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.

მაცარი ნაკლებად ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოსალოდნელია, რომ 4-4-2 სქემას გამოიყენებს, როგორც ეს „ვერონასთან“ მეორე ტაიმში გააკეთა და შედეგიც სასურველი მიიღო. ძლიერ მეტოქეებთან კი მეტი ყურადღება დაცვაში უშეცდომო თამაშსა და 5 უკანახაზელით მოქმედებას დაეთმობა.

შეგახსენებთ, „მილანი“ - „ნაპოლის“ მატჩი 11 თებერვალს 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები