ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

უგოლო ფრე აუტსაიდერთან - საზონოვი სასტარტოში დაბრუნდა და მე-80 წუთზე შეცვალეს

იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში „ტორინო’’ - „სალერნიტანას’’ მატჩი 0:0 დასრულდა. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვი სასტარტოში ათამაშა, მე-80 წუთზე ლოვატოთი შეცვალა.

ტექნიკის კუთხით საბას უჭირს, პირველ ტაიმში მისმა ორმა არაზუსტმა პასმა კონტრშეტევა განაპირობა, ერთხელ კი როცა შეტევაში ჩაერთო, მარტივ ვითარებაში მისი არაზუსტი გადაცემით ბურთი დაიკარგა.

საბა პირველად მეორე წუთზე შეცდა, როცა მარჯვენა ფლანგზე ბურთი მარტივ ვითარებაში დაკარგა, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თამაშში დარჩა და საბოლოოდ ლუმ ჩაუნას ერთი-ერთზე აჯობა. გარდა არაზუსტი პასებისა, პირველ ტაიმში არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა. საბა ყველაზე კარგი ორთაბრძოლებში იყო, ფიზიკურად ძლიერია და მასთან გამკლავება რთულია. მეორე ტაიმში „ტორინო'' უპირატესობას ფლობდა, შეტევაში აქტიურად გადადიოდა და საზონოვს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში საბა უფრო დამაჯერებელი იყო.

საბამ 58-დან 52 პასი ზუსტად შეასრულა. მინდორზე ერთი დუელი ჰქონდა და დათმო, მეორე სართულზე ორი ორთაბრძოლიდან ორივე წააგო. ბურთი 7-ჯერ დაკარგა. მეტოქის შეტევისას ვითარება სამჯერ განმუხტა. საბას 4 გრძელი გადაცემიდან 2 ზუსტი იყო.

შეგახსენებთ, საბა საზონოვის მთავარი კონკურენტი ალესანდრო ბუონჯორნო ტრავმირებულია. არსებობდა მოლოდინი, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდებოდა და სამ თვეს გამოტოვებდა, თუმცა ექიმებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს, თერაპიულ კურსს გაივლის და სავარაუდოდ ერთ თვეში მოედანზე დაბრუნდება. ბუონჯორნოს არყოფნაში საზონოვი სასტარტოში დაბრუნდა, სერია ა-ს მიმდინარე სეზონში სასტარტოში მეორედ ითამაშა.

ბუონჯორნოს გარეშე „ტორინო’' „სასუოლოსთან’’, „ლეჩესთან’’, „ლაციოსთან’’ და „რომასთან'' ითამაშებს. დიდი ალბათობით, ბუონჯორნო „ფიორენტინასთან’’ შეხვედრასაც გამოტოვებს, ეს მატჩი 2 მარტს გაიმართება. 

„ტორინომ'' 22 ტურში 32 ქულა დააგროვა, ამ მომენტში მე-10 ადგილზეა. რაც შეეხება „სალერნიტანას'', 13 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები