კახა კალაძე
Aa
Aa

კახა კალაძე: „არავის ვურჩევდი ბაზა დაანგრიოს, სანამ მერი ვარ, ეს არ მოხდება“

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ისაუბრა. კალაძის თქმით, საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია, ვინაიდან ქვეყნის ისტორიას ინახავს და სანამ დედაქალაქის მერია, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი, ჩემი წარმატება ამ გუნდიდან დაიწყო. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ „დინამო“ შევიძინო. ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შესაძლოა, რაღაც იყიდო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ გამართული იყოს.

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაიმეს ხელს ვკიდებ, მაქსიმალურად მინდა საუკეთესოდ გაკეთდეს. არ გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, შესაძლოა, პრობლემური იყოს. არანაირი მოლაპარაკების ეტაპი არ ყოფილა. მე არ მაქვს ის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კლუბი შევიძინო. მას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რათა გამართული იყოს. ისეთი გუნდი გაკეთდეს, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „დინამო“, არ და ვერ გავაკეთებ რომ იგივე მდგომარეობაში მყავდეს.

ასევე, საუბარი იყო დიღმის ბაზის დანგრევასა და კორპუსების შენებაზე. ეს გამაოგნებელი იყო. განცხადება ვნახე სოციალურ ქსელში. [ვლადიმერ] გუცაევს დიდ პატივს ვცემ წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, გაუგებარია. სანამ მე დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. საწვრთნელი ბაზის დანგრევა მიუღებელია.

არასდროს გავაკეთებ ამას და არავის ვურჩევდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ხელი აწიოს და დაანგრიოს. თუ ვინმეს ახალი ბაზა უნდა, ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, რომ ახალი საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. ეს ისტორიაა, რომელიც ქვეყანას უნდა დარჩეს“, - აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის“ მფლობელმა რომან ფიფიამ კლუბის ბაზის შესახებ „ფორმულასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, ბაზა გაიყიდოს და მის ადგილას, საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდეს.

წყარო ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამატებითი მოტივაცია | დე ლაურენტისი სუპერ თასის მოგების სანაცვლოდ გუნდს ბონუსს დაჰპირდა
დამატებითი მოტივაცია | დე ლაურენტისი სუპერ თასის მოგების სანაცვლოდ გუნდს ბონუსს დაჰპირდა