წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ იტალიასთან 5:22 წააგო
Aa
Aa

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველომ იტალიასთან 5:22 წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა და იტალიას დაუპირისპირდა. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 5:22 დამარცხდა.

იტალიელებმა მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი მეოთხედი მშრალზე მოიგეს - 5:0. ქართველმა წყალბურთელებმა მეორე პერიოდში 2 გოლი გაიტანეს და შესვენებაზე იტალია 9-ბურთიანი უპირატესობით გავიდა - 11:2. სამწუხაროდ, ქართველმა წყალბურთელებმა გოლი ვერც მესამე მეოთხედში გაიტანეს და რვაწუთეული 0:6 წააგეს, მეოთხე მეოთხედში კი იტალიამ 5:3 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ანდრია ბითაძემ, ბესარიონ ახვლედიანმა, დუშან ვასიჩმა და სტეფან პიეშივაცმა (2 გოლი) გაიტანეს, იტალიელთა მხრიდან კი თავი ფრანჩესკო დი ფულვიომ (5 გოლი), ანდრეა ფონდელიმ (5 გოლი), ჯაკომო კანელამ (2 გოლი), ვინჩენცო რენზუტო იოდისემ (2 გოლი), ფრანჩესკო კონდემიმ (4 გოლი), ედოარდო დი სომამ (1 გოლი), ვიჩენცო დოლჩემ (1 გოლი), ლუკა მარციალიმ (1 გოლი) და ლორენცო ბრუნიმ (1 გოლი) გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. ქართველი წყალბურთელების დებიუტი ევროპირველობაზე 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც ჩვენებმა მე-12 ადგილი დაიკავეს. 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე (2022 წელს) კი მერვე შედეგი აჩვენეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველი წყალბურთელები მომდევნო შეხვედრას ზეგ გამართავენ და თბილისის დროით, 20:00-ზე უნგრეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს
შესაძლოა დავითაშვილი გაყიდონ | ბორდოს ფინანსური პრობლემები აქვს