ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

3-4 ფეხბურთელს დავიმატებთ - ლაურენტისს ხვიჩას ახალ კონტრაქტზე არ უსაუბრია

„ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნაპოლი’’ მინიმუმ სამ ფეხბურთელს დაიმატებს. ასევე, ელმასის „ლაიფციგში’’ წასვლა გადაწყვეტილია, შესაძლოა ნეაპოლური კლუბი პიოტრ ჟელინსკიმაც დატოვოს.

„შესაძლოა 4 ფეხბურთელი დავიმატოთ, სულ მცირე 3 ახალწვეული გვეყოლება. გუნდი ცენტრალური მცველით და მარჯვენა მცველით უნდა გავაძლიეროთ. დი ლორენცოს შემცვლელი ეყოლება. ასევე, ორი ნახევარმცველი გვჭირდება.

ელმასის წასვლა გადაწყვეტილია. მას ყოველთვის თამაში სურდა. ვერ გაიაზრა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია მაშინაც კი, როცა 90 წუთს არ თამაშობს.

ჟელინსკისთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. მან თქვა რომ ნეაპოლში დარჩენა მთელი ცხოვრება სურს, მაგრამ მისი სიტყვა და საქმე განსხვავებულია’’.

საინტერესოა რომ ლაურენტისს ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე არ უსაუბრია. მას ამ თემაზე არც ჰკითხეს, არადა კვარაცხელიას ხელფასი მისი საშემსრულებლო ოსტატობიდან გამომდინარე მიზერულია - დაახლოებით 1,2 მილიონი ევრო.

Napolipiu შირაზე დაყრდნობით წერს, რომ მამუკა ჯუღელი და დე ლაურენტისი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ხვიჩას ხელშეკრულება 2028 წლამდე გაგრძელდება და +1 წლით კიდევ გახანგრძლივების შესაძლებლობაც იქნება, თუ ორივე მხარის შეხედულებები დაემთხვევა. რაც შეეხება ანზღაურებას, წყაროს თანახმად ის 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად კვარა 1.2 მილიონს იღებს.

დე ლაურენტისმა კვარაცხელიას კონტრაქტზე 2 დეკემბერს, Sportitalia-სთან ისაუბრა. დე ლაურენტისი კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენების შესაძლებლობაზე და „ინტერთან“ მოახლოებულ მატჩზე კომენტირებდა, რა დროსაც ჟურნალისტებმა ხვიჩას კონტრაქტზე კითხვა დაუსვეს.

„კვარაცხელია? ახლა კვარა რა შუაშია? მას კონტრაქტით გათვალისწინებული კიდევ 4 წელი აქვს. ქალაქში ძალიან ბევრი ნეგატივია. ნუ გლოვობთ მიცვალებულს, რომელიც არ არსებობს“.

Sky-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„მართალია, რასაც დე ლაურენტისი ამბობს, მას კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ის ფაქტი აშკარაა, რომ ქართველი ნეაპოლელთა მაისურისთვის ყველაფერს იღებს და თავს არ ზოგავს. თუმცა ხანდახან გჭირდება დაფასება და მეტი სიამოვნება. უნდა იყო უფრო მშვიდად და მყარად, რადგან, როცა შენი ფეხბურთელის შესაძენად ვიღაც მოდის, ეს ყველაფერი დაგჭირდება. ერთია იმის ფიქრი, თუ ვინ გამოიმუშავებს წლიურად 1 მილიონს და მეორეა, თუ მოცემული მოთამაშე 2 ან 6 მილიონს მიიღებს. გუნდები, რომლებსაც კვარას შეძენა შეუძლიათ ცოტანი და ძალიან მდიდრები არიან. შენ ეუბნები მას, რომ სთავაზობ ამჟამინდელზე ოთხმაგად მეტ ანაზღაურებას. არის ფსიქოლოგიური განსხვავებაც, რაზეც დაფიქრება ღირს. დე ლაურენტისის პოზიცია ასეთია - არსებობს მოქმედი კონტრაქტი, რომელზეც ხელი მოწერილია და მაგიდაზე არავის დაუდია იარაღი, რომელიც ვინმესკენ არის მიმართული. ნაპოლის ლეგიტიმური პოზიცია ასეთია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები