მანუელ ნოიერი
Aa
Aa

10-თვიანი პაუზის შემდეგ ნოიერი ითამაშებს - კარგი ამბავი ბაიერნში

გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის’’ მეკარე და კაპიტანი მანუელ ნოიერი ათთვიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, ბუნდესლიგის მორიგ ტურში „დარმშტადტის’’ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს. 35 წლის სვენ ულრაიხი, რომელიც ამ სეზონში „ბაიერნის’’ სასტარტო შემადგენლობაში ნოიერს ცვლიდა, „დარმშტადტთან’’ სათადარიგოთა სკამზე იჯდება.

შეგახსენებთ, ნოიერმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა, ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი გრძელვადიანი გამოვიდა, მისი დაბრუნება რამდენჯერმე გადაიდო. თებერვალში, The Athletic-თან ინტერვიუში, მანუელ ნოიერმა ტრავმასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა:

„თოვლის ქვეშ რაღაც იყო და ამან შემაჩერა. 10-12 კმ/სთ-ით მივდიოდი და ეს არ იყო დაშვება, რომელსაც შნაფსის მიღების შემდეგ ახორციელებ. ეს სავარჯიშო იყო, რათა გონებისა და ორგანიზმის გადატვირთვა მომხდარიყო. ამ გზაზე დაშვება უამრავჯერ განმიხორციელებია და უმეტეს შემთხვევაში, ეს ძალიან მარტივია. რა ვიგრძენი, როცა ფეხი მოვიტეხე? პირველ რიგში, იმედი მქონდა, რომ მძიმე მოტეხილობა არ იყო. ლოცვა არ დამიწყია, მაგრამ საკუთარ თავს ვატყუებდი და ვეუბნებოდი, რომ რთული და მძიმე ტრავმა არ მიმიღია. ვიღაცებს ტკივილთან გამკლავება უჭირთ, მაგრამ ტკივილით უამრავჯერ მითამაშია და გამძლეობა ჩამომიყალიბდა. სწორედ ამიტომ, გონება არ დამიკარგავს და ჩემი მეგობრები გაოცდნენ, როცა გაიგეს, რამდენად მძიმე დაზიანება მივიღე. მეშინოდა თუ არა, რომ კარიერის დასრულება მომიწევდა? არა. როცა გავიგე, რომ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო, მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ოპერაციის შემდეგ, WhatsApp-ის ჯგუფში ფოტო ჩავაგდე და თანაგუნდელებს ბოდიში მოვუხადე. კლუბის ხელმძღვანელებსაც დავურეკე და იგივე გავაკეთე. ლაჩარი არ ვარ და მათ ყველაფერი ავუხსენი“.

მანუელ ნოიერი 2011 წლიდან „ბაიერნის’’ მეკარეა, მიუნხენურ გრანდში 488 მატჩი ჩაატარა. ნოიერმა „ბაიერნთან’’ ერთად ბუნდესლიგა 11-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა - ორჯერ (2012-13, 2019-20). კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

„ბაიერნი'' - „დარმშტადტის'' მატჩი 28 ოქტომბერს, 17 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები