არსენალი, ბაიერნი, სერჟ გნაბრი
Aa Aa

“ფეხბურთი ყველაზე მნიშვნელოვანი უმნიშვნელო რამეა“ - მე სერჟ გნაბრი ვარ

„არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როცა არსენ ვენგერს პირველად შევხვდი..

მაშინ 16 წლის ვიყავი და საკმაოდ ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება გერმანიაში მქონდა გატარებული და საცხოვრებლად ლონდონში გადავედი.. ცხადია, 6000-კაციანი სოფლიდან ასეთ დიდებულ გუნდში გადასვლა, თავიდან შოკი იყო.

მახსოვს, როცა ლონდონში საცდელ ვარჯიშებზე ჩავედი, აეროპორტში „არსენალმა“ მძღოლი გამოგვიგზავნა. ახალგაზრდა მძღოლი შავი BMW-თი მოვიდა და თვალებს არ ვუჯერებდი..

მე გერმანიიდან ვარ და იქ თითქმის ყველას BMW ჰყავს, მაგრამ ეს რაღაც განსხვავებული იყო. დედას ისე ვუყურებდი, თითქოს კინოში ვიყავით.

დადგა დრო.. არსენ ვენგერს პირველად შევხვდი..

მშობლებთან ერთად კაბინეტში შევედი. ვენგერმა გამიღიმა და მკითხა: „როგორ ხარ სერჟ?“

ბედნიერებისგან ცრემლები ვერ შევიკავე.. თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი..

მაგრამ მე გაჩერება არ შემეძლო.. ცრემლები წამომივიდა და ამავდროულად გავიღიმე.. ალბათ 10 სიტყვაზე მეტი ვერ ვთქვი. არ მჯეროდა, რომ ვენგერმა ჩემი სახელი იცოდა..

„არსენალში“, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სხვა სივრცე არსებობს. გასახდელიც სხვაგან იყო, მაგრამ ისეთ ადგილზე მდებარეობდა, საიდანაც პირველი გუნდის გასახდელი კარგად ჩანს. იქიდან თავისუფლად შეიძლებოდა იმათი დანახვა, ვისაც ამდენი წლის განმავლობაში ტელევიზორში ვუყურებდი. ვენგერმა მითხრა, რომ იქ მოსახვედრად ბევრი უნდა მემუშავა..

იმ დროს ინგლისური კარგად არ ვიცოდი და შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რომ მამაჩემის აღტაცებული სახე აღმეწერა..

მე უბრალოდ ვიღიმოდი და თავს ვაქნევდი. მამაჩემმა ვენგერს საუბარი გააწყვეტინა და უთხრა: „დიახ არსენ, მეც სულ იმას ვეუბნები სერჟს, რომ გაცილებით მეტი უნდა იმუშაოს.“

ისე შემრცხვა.. ვფიქრობდი: „მამა რას ამბობ, გაჩუმდი..“

ეს რომ გაიგოთ, მამაჩემის ხასიათი უნდა იცოდეთ.. ზოგადად ჩემი მშობლებით ძალიან ვამაყობ, რადგან ორი მხარე მაქვს. დედა გერმანელი, ხოლო მამა ტრადიციული კოტ დიუვარელი. გერმანიაში ის ახალგაზრდობაში გადაბარგდა და ვფიქრობ, ამან მას ცხოვრების განსხვავებული პერსპექტივა მისცა..

იცით? მის ბავშვობაში გასართობი მხოლოდ ტელეფონზე საუბარი იყო.. ეს ჩვევა დღემდე შემორჩა და სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული..

ბავშვობაში ჩემმა მშობლებმა ჩამიბეჭდეს, რომ კანის ფერის გამო ყოველთვის სხვებზე მეტი უნდა გამეკეთებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მივაღწევდი. ამას ძალიან ბევრჯერ და გულმოდგინედ მეუბნებოდნენ..

შტუტგარტთან ახლოს, პატარა სოფელში ვცხოვრობდით და რასიზმთან შეხება არასდროს მქონია. ცხადია, მე სკოლაში სხვა ბავშვებთან შედარებით განსხვავებულად გამოვიყურებოდი, მაგრამ თავს განსხვავებულად ვერ ვგრძნობდი..

მამაჩემი სულ მეუბნებოდა: „თუ გინდა, რომ განსაკუთრებული იყო და ყველაფერი გამოგივიდეს, სხვებზე ორჯერ მეტი უნდა გააკეთო..“

„ორჯერ უფრო რთული.. ორჯერ უფრო რთული..“ - დღემდე ჩამესმის მისი სიტყვები..

დრიბლინგს და კარში დარტყმას მამა მასწავლიდა. ჩემს სოფელში ნორმალური სავარჯიშო სტადიონი არ იყო. ხშირად კარს ნაგვის ურნებისგან ვაკეთებდით..

მამა ამბობდა: „თუ ამ ნაბიჯს სწორად გადადგამ, მოწინააღმდეგეს დაუსხლტები და გოლის გატანას შეძლებ..“

მის მითითებას სრულყოფილად ვასრულებდი, მაგრამ გამეორებისკენ მომიწოდებდა..

იცით? ვფიქრობ, რომ მამები მომავალს ხედავენ. მან ზუსტად იცოდა, თუ როგორი კარიერა მექნებოდა მე და სწორედ ამის გამო მაძალებდა ამდენ ვარჯიშს..

ეს რუტინა 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 9 წლიდან 15 წლამდე.. მხოლოდ მე და მამა.. პარკში, ნაგვის ურნებით გაკეთებულ კართან..

იცით? ხშირად ვღიზიანდებოდი. 15 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად გართობა გინდა და არა გამუდმებით ვარჯიში.. მამა ამის საშუალებას არ მაძლევდა..

მაგრამ რეალობა რა იყო? ოცნების ახდენის სურვილი.. ასეთ დროს, გჭირდება ვინმე, ვინც ამას შეგახსენებს.. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზარდი ხარ.. მამა ასეთი რომ არ ყოფილიყო, ამდენს ვერ მივაღწევდი.. ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, საუბარი პიროვნულ განვითარებაზეც მაქვს..

რთულია ვინმეს აუხსნა, თუ რას ნიშნავს 15 წლის ასაკში საკუთარი სოფლის დატოვება. იმ დროს ბევრი ფული არ გვქონდა. 17 წლის პრემიერ ლიგაში ვთამაშობდი და დიდი ხელფასი მქონდა.. ეს დიდი წინსვლა იყო.. ფაქტობრივად დაუჯერებელი..

მეგობრებთან ერთად, ტელევიზორში მესუთ იოზილს უყურებ, რომელიც შენი კერპია. 2 წლის შემდეგ კი მასთან ერთად ყავას სვამ..

იოზილი კრიშტიანუ რონალდუს „ელ კლასიკოში“ გოლების გატანაში ეხმარებოდა და ახლა შენ გეკითხება, თუ როგორ ხარ.. ეს სიურრეალისტურია.. ასეთ დროს, ძნელია არ შეიცვალო..

მახსოვს, პერ მერტესაკერი ჩემს მიმართ ყოველთვის მკაცრი იყო, მაგრამ ეს კარგი თვალსაზრისით.. ის ჩემთვის უფროსი ძმასავით იყო.. როგორ კარგადაც არ უნდა მეთამაშა ან მევარჯიშა, ის ყოველთვის ამბობდა:

კარგი მოიცადეთ, ამ ნაწილის მოყოლას აზრი არ ექნება, თუ მერტესაკერს კარგად არ იცნობთ.. თქვენ უნდა გესმოდეთ მისი ხმა, თქვენ უნდა ხედავდეთ მის სახეს. პერი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბიჭია. ყველაფერი, რასაც ის ამბობს ინტენსიურია..

ის ისეთი მაღალია და თითქოს შენ შეშინებას ცდილობს, მაგრამ პერი ძალიან მეგობრულია. დაახლოებით იცით რა წარმოიდგინეთ? არნოლდ შვარცენეგერის მიერ შესრულებული როლი „ტერმინატორი“, რომელიც რიგ ეპიზოდებში ძალიან მეგობრულია..

ასეთია პერი.. და რაც არ უნდა გამეკეთებინა ვარჯიშზე, ის მოდიოდა ჩემთან და იწყებდა ყვირილს: „სერჟ, დაიმახსოვრე საიდან მოდიხარ!!!! შტუტგარტიდან ხარ!!!! თავმდაბლობა, თავმდაბლობა, თავმდაბლობა!!!! სერჟ, ფიქრობ, რომ ახლა კარგად ხარ, არა? თავმდაბალი უნდა იყო!!!!!! თავმდაბლობა!!!!!”

მერტესაკერმა კარგად იცის ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად, რომ იცვლება. ჩემი მაგალითიც ამის დასტურია. ფინანსური კუთხით, მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული და ერთ დღეს ისე მოხდა, რომ მათზე მეტს გამოვიმუშავებდი. თავიდან, ფულს უაზროდ ვხარჯავდი. დავიწყე მდიდრული ნივთების შეძენა..

ამ ფაქტმა კი ჩემი მშობლები აანერვიულა. ისინი იძულებულები იყვნენ, რომ ჩემთან ესაუბრათ..

დედამ მითხრა: „სერჟ, მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სამუდამოდ არ გქონდეს. ფულის ასე დახარჯვა არ შეიძლება. მიწაზე უნდა დარჩე, რადგან რაღაც მომენტში ყველა ეცემა..“

ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. მუხლი დავიზიანე და დაახლოებით 8 თვე მოედანზე ვერ გავედი. დრო გაიყინა.. როდესაც ვარჯიში განვაახლე, ფორმაში ვერაფრით შევედი და უეცრად „ვესტ ბრომვიჩში“ იჯარით წავედი..

თითქოს დედაჩემმა მომავალი დაინახა..

მოდით ახლა „ვესტ ბრომვიჩზე“ ვისაუბროთ..

იცით ყველაზე სასაცილო რა იყო? ყველაფერი, რაც მედიაში ჩემსა და „ვესტ ბრომვიჩში“ გატარებულ პერიოდზე დაიწერა.. ამის გამო დღემდე დაბნეული ვარ..

როცა იქ გადავედი, ყველაფერს დადებითად განვიხილავდი. რატომ ავირჩიე ეს გუნდი? მწვრთნელის გამო. მას ძალიან უნდოდა ჩემი მისვლა.. ცხადია, მე არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში.. „ვესტ ბრომვიჩში“ ისეთი ფეხბურთის თამაში დამავალეს, რომელსაც ჩემი კატეგორიის მოთამაშე ვერ თამაშობს. რატომ მიმიყვანეს იქ? „ჩელსისთან“ 15 წუთი ვითამაშე და ამის შემდეგ, 6 თვე ტრიბუნაზე გავატარე. საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა და ახსნა არასდროს მიმიღია..

შესაძლოა მე სრულყოფილი ფეხბურთელი არ ვიყავი და ვარჯიშებზეც შეცდომებს ვუშვებდი, მაგრამ ყველაფერს გულით ვაკეთებდი. ამის თქმა თამამად შემიძლია..

შემდეგ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები წერდნენ, რომ მე ზარმაცი ვიყავი და შესაბამისად არ ვვარჯიშობდი. ამან იმედი გამიცრუა..

და ისევ ჩემი მშობლების ჯერი დადგა.. რომ არა ისინი, ამ სიტუაციას თავს ვერ დავაღწევდი..

გერმანიაში დაბრუნება შვება იყო. ვითამაშე „ვერდერში“ და „ჰოფენჰაიმში“. ამ კლუბებს მართლა ძალიან უნდოდათ ჩემი იქ ყოფნა..

როცა ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ თამაში გინდა. შესაძლოა ადამიანებს არ ესმით, რამდენად ღრმად ვგრძნობთ ამას. როცა ვერ თამაშობ, თითქოს დრო გაყინულია..

„ბაიერნთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. უდიდესი ზეწოლის ქვეშ ვიყავი, მაგრამ ყველას ყველაფერი დავუმტკიცე. ვთამაშობდი ჩემპიონთა ლიგაზე და საოცარ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი გაჩერდა.. კორონავირუსი დაიწყო და „ბაიერნის“ ნებისმიერ ფეხბურთელთან ან სტაფის წევრთან კომუნიკაცია ზუმის საშუალებით მქონდა..

თითქოს ყველაფერი გაქრა..

სახლში ვვარჯიშობდი და ბევრი ფიქრის საშუალება მქონდა. სწორედ მაშინ ბევრად უკეთესად გავიაზრე, რომ მე „ბაიერნის“ ფეხბურთელი ვიყავი..

აქ თამაში ახდენილი ოცნებაა. მახსოვს, 9 წლის ასაკში ტურნირზე ვიყავით და „ბაიერნის“ აკადემიასთან მოგვიწია თამაში. ის ბავშვები წითელი მაისურებით.. ძალიან გვეშინოდა, მაგრამ დავისახე მიზნად, რომ ერთ დღეს მეც ამ მაისურს მოვირგებდი..

„ბაიერნის“ წითელი სამოსის ტარება ახლა ნამდვილად საოცარია. მაგრამ მარტო მე არ ვიყავი. კიმიხი, გორეცკა, ზიულე.. ჩვენ ერთად დავიწყეთ ყველაფერი და როგორც კი მიჭირდა ვიხსენებდი, თუ ვისთან ერთად მიწევდა თამაში..

ყველას სხვადასხვა წარსული გვაქვს, მაგრამ ყველანი დერეფნის მეორე მხარეს მოვხვდით..

არსებობს გამოთქმა, რომელიც სოციალურ მედიაში მინახავს და სრულიად ვეთანხმები..

"ფეხბურთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო რამ ცხოვრებაში.."

ახლა მსოფლიოში ძალიან ბევრი სერიოზული რამ ხდება და ფეხბურთი მხოლოდ თამაშია. მაგრამ ეს არის თამაში, რომელიც აერთიანებს ხალხს. სადაც არ უნდა იყოთ, ფეხებთან ბურთით თავს ცუდად ვერ იგრძნობთ..

ახლაც კარგად მახსოვს 13 წლის ასაკში, კოტ დიუვარში ჩემს ნათესავებთან ერთად, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს. ბალახი მუხლებამდე იყო.. ფრანგულად ვერ ვსაუბრობდი.. მაგრამ საუბარი არ მჭირდებოდა, მე ხომ ბურთი მქონდა და ეს ყველაფერი იყო..

ყველაზე მნიშვნელოვანი უმნიშვნელო რამ მსოფლიოში.. გესმით?

ეს არის სიმართლე..

მალე შევხვდებით..“ - მე სერჟ გნაბრი ვარ

გაზიარება: