მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, დენა უაითი
Aa
Aa

„ომალი ორი დღის წინ ვნახე, დენა უაითს კი მალე შევხვდები“ - დვალიშვილი

უახლოეს პერიოდში, მერაბ დვალიშვილი UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს შეხვდება. MMA-ს ქართველმა მებრძოლმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ დენა უაითთან შეხვედრაზე შეთანხმდა და დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე მისი საჩემპიონო ბრძოლის საკითხი გადაწყდება.

რას ამბობს „მანქანა“:

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა, სამწუხაროდ გეგმები შეიცვალა. ალჯო საჯაროდ ამბობდა, რომ წონას იცვლიდა. ალჯო სიტყვის კაცია და ის ამას გააკეთებდა. ქამარზე ბრძოლის პირველი კანდიდატი მე ვიყავი და ახლაც ვარ. როცა ალჯო წონას შეიცვლიდა, მე კორი სანდჰაგენს, ან ჰენრი სეხუდოს შევებრძოლებოდი, თუმცა შონ ომალის ჩემპიონობამ გეგმები რადიკალურად შეცვალა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სხვათა შორის, დენა უაითთან მაქვს შეხვედრა დანიშნული. არსებობს ერთი ჰანტერი, რომელიც დენა უაითზე მაღლა დგას, ახლა საფრანგეთშია და როცა ჩამოვა, თვითონ შემეხმიანება. მოკლედ, უნდა შევხვდე ორივეს, ჰანტერსაც და დენა უაითსაც, სადაც ბევრი რამ გადაწყდება.

გადაცემის მიმდინარეობისას, მერაბ დვალიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ის შონ ომალის შეხვდა, თუმცა, მასთან საქმიანი საუბარი არ ჰქონია.

„გუშინ და გუშინწინ UFC PI-ში ვიყავი და რაღაც გადაღებები ჰქონდა, თან დენა უაითს შეხვდა, თუმცა, მხოლოდ ვახშამზე წავიდნენ. არანაირი ბიზნესშეხვედრა არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ მეგობრული ვახშამი. ომალი ახლა ჩემპიონია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, სუპერვარსკვლავია. როცა შევხვდი, ჩვეულებრივად ჩამოვართვი ხელი, მივულოცე გამარჯვება და კაცურად, როგორც მებრძოლი მებრძოლს, ისე შევხვდი. შემდეგ ცოტა მოშორებით ვსაუზმობდი და როცა გამოიარა მომაძახა - „რა ხდება, ძმაო“. ეს ბუნებრივი მომენტია, ჩვენ პროფესიონალი მებრძოლები ვართ და რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გვაქვს და ქუჩაში ჩხუბს არ ვაპირებთ. ისიც ცდილობს, რომ ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოს. ჩემპიონია და ცდილობს, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთოს. მე, კი კონტენდერი ვარ და ვცდილობ, რომ რაც სწორია, ის გავაკეთო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ალჯოს ეკუთვნის რაც არის, თუ ალჯო მალე არ დაბრუნდება და ასეც აპირებს, მაშინ პირველი მე ვარ და არ ვაპირებ ვინმეს რამე დავუთმო. აქციებს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემს სათქმელს ვამბობ და იმედი მაქვს, არ დავიჩაგრები“.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგის დამარცხების შემდეგ, ომალიმ მარლონ „ჩიტო“ ვერასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. ბუკმეკერების აზრით, ის ვერასთან აშკარა ფავორიტია, დვალიშვილთან კი განსხვავებული ვითარებაა და აუტსაიდერის სტატუსი აქვს.

მერაბ დვალიშვილის სრული გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითს უპასუხა და ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია | მერაბის ინტერვიუ
დენა უაითს უპასუხა და ომალი კიდევ ერთხელ გამოიწვია | მერაბის ინტერვიუ