მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, მკვლელი ფორვარდია“ - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

საფრანგეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდი გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

Ligue1: „მიქაუტაძის თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, მაგრამ ქართველმა ტალღები მხოლოდ იტალიაში არ გადალახა. 22 წლის მიქაუტაძემ გასული სეზონის ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა, „მეცის“ აღზევებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა''.

beIN SPORTS-ი ლასლო ბოლონის კომენტარს აქვეყნებს, რუმინელი სპეციალისტი „მარსელთან“ მატჩის შემდეგ ქართველ ფორვარდზე საუბრობს.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცი“ - „მარსელის“ მატჩი 2:2 დასრულდა. 71-ე წუთზე მიქაუტაძის გოლით ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა, თუმცა 82-ე წუთზე ვიტინიან ანგარიში გაათანაბრა, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ლასლო ბოლონი: „ასეთი მომენტები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება, ჩვენს თავებსა და გულებში. ბედნიერი ვარ, ის მკვლელი ფორვარდია, მან ეს დაიმსახურა. მოხარული ვართ მისი თამაშით და დიდ სიამოვნებას ვიღებთ''.

ასევე, beIN SPORTS-ი მიქაუტაძის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც „სერენსა“ და „მეცში“ გატარებულ წლებს ეხება:

„მეცში“ დავბრუნდი და მინდოდა გუნდს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დავხმარებოდი. ბელგიაში ორი წარმატებული სეზონი გავატარე, „სერენი“ ელიტაში აღზევდა, „მეცში“ იგივეს გასაკეთებლად მოვედი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შევძელით“.

აღსანიშნავია, რომ ლიგა 2-ის საწყის ორ ტურში გიორგი მიქაუტაძემ „რენისთან“ მატჩში საგოლე პასი შეასრულა, „მარსელთან“ კი ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები