გიორგი კვერნაძე, ფროზინონე, ეუსებიო დი ფრანჩესკო
Aa
Aa

„გუნდური თამაში უნდა ისწავლოს“ - დი ფრანჩესკო კვერნაძის დებიუტზე

სერია ა-ს 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „ფროზინონე“ შინ „ნაპოლისთან“ 1:3 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, აბდუ არუიმ პენალტიდან გაიტანა, თუმცა შემდეგ „პარტენოპეიმ“ სამი გოლი შეაგდო და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა (24-ე წუთი), ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა (42-ე და 79-ე წუთები).

სერია ა-ში 20 წლის ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა, „ფროზინონეს“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო. Sofascore-მა კვერნაძეს 6,1 დაუწერა. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 14-ჯერ შეეხო, მისი 7 გადაცემიდან შვიდივე ზუსტი იყო. ბურთი ხუთჯერ დაკარგა, თამაშის წესი ორჯერ დაარღვია, ხუთი ორთაბრძოლიდან ხუთივე დათმო.

მატჩის შემდეგ „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა გიორგი კვერნაძის თამაშის შეფასებას ეხებოდა:

„ვფიქრობ, საკმარისი დრო მივეცი იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოცდილებაც აქვს იტალიურ ფეხბურთში. ბრწყინვალე მონაცემები აქვს, თუმცა გუნდური თვისებები უფრო მეტად უნდა გამოავლინოს. გუნდურად უნდა თამაშობდეს და არა მარტო. ერთ მომენტში ბურთი კარგად მიიღო, შემდეგ ბურთის წაღება შეწყვიტა და დრიბლინგის ძებნა დაიწყო. ეს კარგია, მაგრამ ყოველთვის დრიბლინგის დრო არაა, გაჯიუტდა, გუნდურად არ ითამაშა. მან გუნდთან ერთად თამაში უნდა ისწავლოს“.

სერია ა-ს 2023-24 წლების სეზონის მეორე ტურში „ფროზინონე“ ბერგამოს „ატალანტას“ მიიღებს (26 აგვისტო, 20:30), „ნაპოლი“ - „სასუოლოს“ (27 აგვისტო, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები