არდა გიულერი
Aa Aa

თურქი მესი | რატომ არის არდა გიულერი საუკუნის ტალანტი

„არის თუ არა თურქეთში ჩემზე კარგი „ათიანი“? რთული შეკითხვაა, თუმცა ერთი გვარი მომდის თავში... მე მყავს პატარა ძმა, რომლისაც მჯერა. იმედი მაქვს, ღმერთი ავი თვალისგან დაიფარავს: ის არდა გიულერია“, - მესუთ იოზილი, 2022 წლის მარტი.

ნიჰათ კაჰვეჯი, ემრე ბელიოზოღლუ, არდა თურანი, ნური შაჰინი, ჰაქან ჩალჰანოღლუ, ენეს იუნალი, ემრე მორი - თურქულ ფეხბურთს გამორჩეული ტალანტები ჰყოლია, ზოგს, ასე თუ ისე, ავანსებიც გაუმართლებია, მაგრამ არავინ ყოფილა ისეთი, ვისზეც ამდენს ილაპარაკებდნენ და ასეთ დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებდნენ. ტალანტის მასშტაბურობას ყველაზე მარტივად რომ მივხვდეთ, არდა გიულერი პირველი თურქია, ვისაც ლეო მესის ადარებენ.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი საინტერესო და აქტუალური პერსონაჟი სწორედ ეს უნიჭიერესი თურქი იყო. „არსენალი“, „ლივერპული“, „ბაიერნი“, „დორტმუნდი“, პსჟ, „ბარსა“, „რეალი“... ევროპული ტოპ კლუბები მისი ტრანსფერისთვის იბრძოდნენ, საბოლოოდ კი ჰამით ალტინტოპისა და ნური შაჰინის შემდეგ, გიულერი მე-3 თურქია, რომელიც „სამეფო კლუბის“ თეთრი მაისურით ითამაშებს. 20 მილიონი ევრო და 10 მილიონის ბონუსები, არც ისე ცოტაა 18 წლის თურქ ბიჭში, თუმცა არც ბევრია და გეტყვით რატომაც...

ანკარას ერთ-ერთ პროვინციაში დაბადებული არდა ბავშვობიდან „ფენერბაჰჩეს“ სიყვარულით იზრდებოდა, ალექს დე სოუზას თამაშით საფეხბურთო რეცეპტორებს იყალიბებდა და „ფენერის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის პირადი გულშემატკივარი გახდა.

9 წლის ასაკში „გენჩლერბირლიგის“ აკადემიაში მიიყვანეს და მალევე მოახერხა, მწვრთნელები თავისი ტალანტით მოეხიბლა. გამხდარ და სუსტ ბიჭს ფიზიკურ ასპექტში მომატება სჭირდებოდა, პრაქტიკულად ყველა სხვა საფეხბურთო მონაცემი კი ღვთისგან უხვად ჰქონდა მომადლებული: საოცარი სხეულის ბალანსი, ბურთის ფლობის მანერა, დრიბლინგი და ჯარიმების უზადო შესრულება. 11 წლისას უკვე ყველა მომავლის ვარსკვლავს ეძახდა.

„იმის მიუხედავად, რომ ისიც ანკარას რეგიონშია, „გენჩლერბირლიგის“ აკადემია ჩვენი საცხოვრებლად შორს მდებარეობდა. არდა იქ ერთ-ერთი მწვრთნელის დაჟინებული თხოვნის გამო წავიყვანე. პირველივე ვარჯიშზე ყველას თავი მოაწონა და ეგრევე ასაკობრივ გუნდში აიყვანეს“, - არდას მამა, უმით გიულერი.

თანდათან დიდმა თურქულმა კლუბებმა მასზე ნადირობა დაიწყეს, თუმცა ერთ-ერთს რომ დიდი უპირატესობა ჰქონდა, უკვე ვიცით, 14 წლის არდამაც „ფენერბაჰჩე“ აირჩია. „ფენერისახალგაზრდული მიმართულების ყოფილი კოორდინატორი, სერჰატ პეკმეზჯი არდას ხასიათს უსვამს ხაზს და 2018 წლის დეკემბრის ამბავს გვიყვება: 

„ოსმანლისპორისა“ და „გენჩლერბირლიგის“ 14-წლამდელთა გუნდების მატჩზე, სკაუტის რანგში ვიყავი. სხვა ფეხბურთელს ვაკვირდებოდი, თუმცა ჩემი ყურადღება არდამ მიიქცია, თავისი საფეხბურთო უნარებითა და მენტალიტეტით. ტერფი სერიოზულად დაიზიანა და ბოლო 15 წუთი მტკივანი ფეხით ითამაშა, მოედნიდან გასვლაზე არ უფიქრია. თამაშის დამთავრების შემდეგ კი ტკივილი და ემოციები მოეძალა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა“.

„ფენერის“ სკაუტმა თინეიჯერში ბოლომდე ბრძოლის თვისება და ფეხბურთის სიყვარული, ვნება და აზარტი დაინახა, რაც ან გაქვს ან არა. ეს ვნება და აზარტი არის ის, რაც ბევრი რამის ინდიკატორია. თუნდაც უბნის ეზოში სათამაშოდ ჩასული ნებისმიერი ჩვენგანი ავიღოთ: ვინც ფეხბურთს ამ მუღამის გარეშე თამაშობს, მისთვის დრო უბრალოდ გადის (ვუსურვოთ ამ ხალხს და იმედია, რომ სასიამოვნოდ), ხოლო ვისაც ეს ვნება, აზარტი და მუღამი აქვს, ის ტკბება და მისი სიამოვნების ხარისხი გაცილებით მაღალია. ასეთ დროს აკეთებ ისეთ რაღაცებს, რასაც საზღვრები, ჩარჩოები და ჩვეულებრიობა არ აქვს. მარტივად ვთქვათ: თავისუფალი ხარ და ყოველი წამით ტკბები და თუ ვინმე ამაში ხელს გიშლის, მზად ხარ, შენი თავისუფლებისთვის თუნდაც ფეხმტკივანმა, სისხლიანმა, წაქცეულმა და ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფმა იბრძოლო, რათა არ დაკარგო ყველაზე მთავარი - ბურთი და მისით მისაღები სიამოვნების ნიაღვარი. ასეა პროფესიონალურ ფეხბურთშიც, ბავშვებშიც და დიდებშიც. ამიტომაც ვამბობ, ეს თვისებები და სურვილები ან გაქვს ან არ გაქვს.

„მის შესახებ „ფენერბაჰჩეს“ მაშინდელ სპორტულ დირექტორ დამიენ კომოლის ეგრევე სპეციალური რეპორტი გავუგზავნე და ვაცნობე, რომ ეს იყო ტალანტი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლებოდა. დაახლოებით 10 დღე ბორდისგან პასუხი ვერ მივიღე, ვიცოდი, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და მოვამზადე ვიდეო, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტ ალი კოჯს გადავუგზავნე. ვიდეოს ნახვის შემდეგ იგი დამეკონტაქტა და ვუთხარი: „15-16 წლის ასაკში ეს ბიჭი უკვე პირველ გუნდში ითამაშებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ევროპული დონის ტოპ ტალანტია, უბრალოდ გეტყვით, რომ პიროვნული თვისებებითაც გამორჩეული და პროგრესირებადია“, - როგორც ამ კომენტარებიდან ირკვევა, პეკმეზჯის არდა გიულერის „ფენერში“ ტრანსფერში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

მშობლიური ანკარადან სტამბულში გადასვლის პირველი თვეები რთული იყო. არდა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, გახსნა უჭირდა და დროის ძირითად ნაწილს სახლში ატარებდა. 6 თვის შემდეგ მასთან საცხოვრებლად ოჯახი ჩავიდა და პრობლემები თანდათან დალაგდა.

სტამბულური გრანდის ასაკობრივ გუნდებში დაახლოებით 2-წლიანი თავგადასავლის შემდეგ, 2020 წლიდან ვიტორ პერეირამ არდას მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მისცა, რასაც რამდენიმე თვეში, 2021-ის იანვარში, პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მოჰყვა. დებიუტი 2021 წლის აგვისტოში, ევროპა ლიგის პლეი-ოფში ფინურ HJK-ისთან ჰქონდა. აი, რას ამბობდა ამ მატჩის შემდეგ „ფენერის“ მწვრთნელი პერეირა, არდას შესახებ:

„თუ გინდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაუმჯობესებაში დაეხმარო, მიეცი დრო და თავდაჯერება. თუ ამას შეძლებ და მას აქვს სათანადო მონაცემები, არის შანსი, ნელ-ნელა გაბრწყინება დაიწყოს. „პორტუს“ აკადემიაში 5 წელი ვმუშაობდი და შემიძლია ვთქვა, რომ არ მინახავს ბევრი ისეთი უნარებისა და ხასიათის ფეხბურთელი, როგორიც არდაა“.

ვიტორ პერეირამ 2021-22 წლების სეზონის თურქეთის ჩემპიონატში, ანუ როცა გიულერი 16 წლის იყო და თებერვალში 17-ის გახდა, 286 წუთი (3 სრულ მატჩზე ოდნავ მეტი) მისცა, სტატისტიკა სოლიდურია - 3 გოლი და 3 ასისტი, ანუ გოლი ან ასისტი ყოველ 48 წუთში!!!..

2022-23 წლების სეზონი „ფენერმა“ ახალი მწვრთნელით, ჟორჟე ჟესუშით დაიწყო. კარგად მახსოვს, ჟესუშის „ბენფიკა“ როგორ ტექნიკურ, ტემპიან და გემრიელ ფეხბურთს თამაშობდა. ეს ის წლებია, როცა ფეხბურთს უკვე სრული ჩართულობით, ინფორმაციულობითა და თინეიჯერული მუღამით ვუყურებ. მისი სტილის მიმდევარი მწვრთნელის ხელში სუპერ ტალანტი კიდევ უფრო რომ გაიფურჩქნებოდა და მეტ თავისუფლებას მიიღებდა, ანხელ დი მარია, ნიკო გაიტანი, აქსელ ვიტსელი, პაბლო აიმარი, ოსკარ კარდოსო და სხვა ფეხბურთის რომანტიზმით სავსე ტვინისა და ფეხების მქონე კარგი ხალხიც დამემოწმება. ჟესუშს ასეთი არაორდინალური ბიჭები ყოველთვის უყვარდა და საფეხბურთო ტალანტს უფასებდა. გამოცდილი მწვრთნელის მოსვლის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ისიც, რომ „არენა შუკრუ სარაჩოღლუ“ მესუთ იოზილმა დატოვა და 17 წლის არდამ ბავშვობის საყვარელი გუნდის 10-ნომრიანი მაისური გადაიბარა. მესუთისგან თავზეხელგადასმული და რჩევამიღებული არდა სტამბულურ გრანდში „ათიანის“ პასუხისმგებლობით ახალ ეტაპზე გადავიდა. ყველაფერი იდეალურად დაიწყო, მაგრამ რთულად გაგრძელდა და სწორედ აქ ჩანს პატარა ბიჭის მებრძოლი ხასიათი და ფეხბურთისადმი ვნება.

ჩემპიონატის მე-2 ტურში, „ქაშიმფაშასთან“ არდა ცვლილებაზე გამოვიდა, ორი გოლი შეაგდო და „ფენერმაც“ 6:0 მოიგო. ყველა ელოდა, რომ რეგულარული დამწყები გახდებოდა, თუმცა მომდევნო 17 ტურიდან მხოლოდ 6-ში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში 41 წუთი გაატარა. ნოემბრის დასაწყისში ევროპა ლიგის მატჩში, კიევისდინამოსთან“ ჟესუშმა ძირითადში დააყენა და ოქროს ბიჭუნამ გოლი და ასისტი შეკლასა - 2:0 მოიგეს. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატის პაუზა და ლოდინი ჩემპიონატის მეორე წრემდე, რომელიც იმავე „ქაშიმფაშასთან“ კარგი მატჩით (5 შექმნილი შანსი თანაგუნდელებისთვის) დაიწყო, შემდეგ ისევ პატარა ჩავარდნა და მარტიდან უკვე არდა დიდ სცენაზეა და განსაკუთრებით სეზონის ბოლოს მოუმატა. 11 ივნისს, თასის ფინალში „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ, თანაგუნდელებს 8 შანსი შეუქმნა, აქედან ერთ-ერთი ასისტი იყო. როგორ ბრწყინავდა არდა გიულერის ტალანტი 2022-23-ში, განსაკუთრებით კი გაზაფხულიდან მოყოლებული, ამ ვიდეოში გაჩვენებთ.

Opta-ს მონაცემებით, გასულ სეზონში გიულერმა შიდა ჩემპიონატსა და ევროპა ლიგაზე ჯამურად 1138 წუთი ითამაშა. ამ დროის 36% მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე, 35% - მარჯვენა ნახევარმცველის, 19% - ცენტრალური ნახევარმცველის, 4% - ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის, 5% - მეორე ფორვარდის და 1% - მარცხენა გარემარბის.

თურქეთის სუპერ ლიგის გასულ სეზონში არდამ თანაგუნდელებს 40 შანსი შეუქმნა, ანუ ამას ყოველ 23 წუთში აკეთებდა. ეს ჩემპიონატის ახალი რეკორდია - 2017-18 წლების მატიე ვალბუენას მაჩვენებელი (24 წუთი) გააუმჯობესა.

2022-23 წ. ყველა ტურნირის ეგიდით, 35 მატჩი: 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. Whoscored-ის სტატისტიკა თურქეთის ჩემპიონატში: საშუალოდ 2.9 Key პასი (ლიგაში მე-6 მაჩვენებელი); საშუალოდ 2 წარმატებული დრიბლინგი (ლიგაში მე-2) და 7.32 საშუალო შეფასება (ლიგაში მე-4).

როგორც ზემოთ გითხარით, სეზონის ბოლოს არდამ მაგარი ფორმა აკრიფა და სანაკრებო შეკრებასაც მშვენიერ ხასიათზე შეხვდა. „ევრო 2024“-ის შესარჩევის მატჩში უელსთან, თავისი ქვეყნის მთავარი გუნდისთვის პირველადაც გაიტანა და თანაც, ძალიან ლამაზი გოლი. არიენ რობენს ასეთ გოლებზე საავტორო უფლებები აქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, თურქს სასჯელი არ ემუქრება, რადგან ის არდა გიულერია, მთელი თავისი უნიკალურობით და ფეხბურთის ენაზე ლაპარაკობს.


თუ ძალიან ცოტა მაინც იცი არდა გიულერის შესახებ, ესე იგი, იცი, მისი აღმაფრთოვანებელი დრიბლინგი პრაღის „სლავიასთან“ მატჩისას. და როცა გეკითხებიან, ვინ არის ეს პატარა თურქი ბიჭი, რატომ იყიდა „რეალმა“, რატომ ადარებენ მესის, რატომ ეძახიან საუკუნის ტალანტს ან რამე მსგავსი, მარტივად შეგიძლია, ეს ვიდეო აჩვენო და დაამატო, რომ თუ კაცი ამას აკეთებს, ის ფეხბურთელია და ფეხბურთს თამაშობს. წეღანდლის არ იყოს - ეს ან გაქვს, ან არ გაქვს! არ ისწავლება და შემთხვევით ვერ აკეთებ. ფეხბურთო, გისურვებ, რომ ამ ბიჭმა ტალანტი ბოლომდე გამოავლინოს!

Transfermarkt-ის თურქული კონტენტის ხელმძღვანელი, ლარა კარაჯანი: „ტექნიკა და ბურთის კონტროლი მისი არსენალის უმთავრესი ნიშნებია. მისი პასები, ზურგს უკან გადაგდებების ჩათვლით, კარგად გააზრებულია. ზუსტი და დაყენებული ჩაწოდებები, კარგი დარტყმის ტექნიკა, როგორც ეს მისმა პირველმა სანაკრებო გოლმაც გვიჩვენა, მის ასაკში ეს შთამბეჭდავია. კარგია ბურთის დაკარგვის შემდეგ პრესინგის დროსაც.

ფიზიკურად საკმარო გამხდარი და სუსტია ისეთი ლიგისთვის, როგორიც თურქეთის ჩემპიონატია, ამიტომაც ჟესუშმა სეზონის პირველ ნახევარში ბევრი დრო არ მისცა. თუმცა, სეზონის ბოლოს მოძლიერდა და მეტი დროც მიიღო, მაგრამ მეტოქეებთან შედარებით ჯერ კიდევ სუსტად გამოიყურება. კიდევ ერთი სისუსტე თამაშის ტაქტიკური აღქმის უნარია: ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს პასებისას ან ბურთის ხანგრძლივი დაჭერისას.

ვფიქრობ, სტილით „ბარსელონას“ უფრო მიესადაგება: ტექნიკური უნარებისა და ერთი შეხებით თამაშის კულტურის გამო. მას არ აქვს შესაფერისი სისწრაფე გარემარბის პოზიციაზე სათამაშოდ, „რეალს“ კი გამთამაშებლის პოზიციაზე ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ სჭირდება. ასევე, მას ექნება რთული კონკურენცია მოდრიჩთან, კროოსთან, ბელინგემთან, ჩუამენისა და კამავინგასთან. სიმართლე გითხრათ, ზუსტად ვერ ვხვდები, რა გეგმები აქვს „რეალს“ გიულერთან დაკავშირებით. ეს ამბავი უფრო საინტერესო იქნება, როცა მოდრიჩი და კროოსი წავლენ. შესაძლოა, ეს პრესტიჟის ტრანსფერიც იყოს იმ კუთხით, რომ „ბარსელონას“ აჯობეს. მეორე მხრივ, „რეალი“ მუდმივად საუკეთესო ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, არდა გიულერი კი თურქეთში საუკუნის ტალანტად ითვლება".

კარაჯანის მსგავსად, სპეციალისტთა ნაწილი მართლაც შიშობს, რომ თინეიჯერი თურქი ტალანტისთვის „რეალიჯერ ადრეა და მისი „ფენერბაჰჩეს“ დონის გუნდში კიდევ ერთი წლით დატოვება და სათამაშო პრაქტიკით უწყვეტი განვითარების პროცესის გაგრძელება აჯობებდა. არის ლოგიკა, მით უმეტეს, თუ ვიცით, რომ „ბლანკოსის“ შეტევის ხაზი დაკომპლექტებულია, ფუნქციები გადანაწილებული და გასულ სეზონში მხოლოდ ორი ბიჭი გვყავს, ვინც 21 წლამდე იყო და კარლო ანჩელოტიმ სათამაშო დრო მისცა - ალვარო როდრიგესი (75 წუთი) და ედუარდო კამავინგა (2001 წუთი).

აქ მეორე მხარეც არის: კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობა, მოდრიჩი-კროოსისგან რჩევების მიღება და მაგალითების აღება. „რეალის“ სამეფო ატმოსფეროს შეგრძნება და მასთან ადაპტირება. იქნებ, ზუსტადაც სწორი დრო იყო?!.. არ ვიცით, მაგრამ ბევრიც აღარაა იქამდე, როცა ახალი სეზონი დაიწყება და კითხვებზე პასუხებს დაგვირიგებს.

გაზიარება: