პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა, ინგლისის სუპერთასი
Aa
Aa

„მსაჯის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული ვარ“ - გუარდიოლას და არტეტას კომენტარები

ლონდონში, უემბლის სტადიონზე ინგლისის სუპერთასი გაიმართა, სადაც „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.

მიკელ არტეტას გუნდი 101-ე წუთამდე 1:0 მარცხდებოდა, თუმცა, „არსენალმა“ ფაქტობრივად ბოლო შეტევაში შეძლო ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ, პენალტების სერიაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

მიკელ არტეტა:

თავს მშვენივრად ვგრძნობ. უემბლიზე, მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დამარცხებაზე უკეთესი არაფერია, თანაც ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. ეს ნამდვილად დიდ შთაგონების წყაროს გვაძლევს.

კარგი შანსები გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა ერთ ეპიზოდში სამი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ასეთ დროს, ყველამ იცის რაც ხდება, როდესაც ასეთ ეპიზოდებს ვერ იყენებ. გოლის ეპიზოდში, მოედნის ცენტრში მცირე შეცდომა დავუშვით და გოლით დავისაჯეთ. თამაშში დაბრუნება ძალიან რთული იყო, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ფორმაცია შევცვალეთ და ამან შედეგი გამოიღო. განსხვავებულად თამაში დავიწყეთ, რამაც იმპულსი მოგვცა. შედეგად, გავათანაბრეთ და შემდეგ პენალტების სერიაში გავიმარჯვეთ.

ჩემპიონობა ძალიან მაგარი გრძნობაა. აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ თასები მოვიგოთ და კლუბი წარმატებისკენ მივიყვანოთ. ძალიან სასიამოვნოა ამდენი ბედნიერი ადამიანის ხილვა.

პეპ გუარდიოლა:

არ აქვს მნიშვნელობა, ამ წაგების და მოგების შემთხვევაშიც ვხედავ, თუ სად არის გუნდი. ძალები რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ და „ბარნლისთან“ თამაშისთვის მოვემზადოთ, შემდეგ გავფრინდეთ ათენში, სადაც ღამის 10 საათზე უნდა ვითამაშოთ და დავბრუნდეთ უკან, შაბათს „ნიუკასლთან“ სათამაშოდ. გეგმა ეს არის.

მოგება გვინდოდა, მაგრამ ხანდახან დამარცხებასაც უნდა შეეგუო, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

როდესაც წარმოუდგენლად დატვირთული სეზონი დავასრულეთ, ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში წავიდნენ და სამი კვირაც ვერ დაისვენეს. როდესაც შევიკრიბეთ, ცოტა ხნით მანჩესტერში ვივარჯიშეთ და მაშინვე აზიაში გავემგზავრეთ, სადაც ვარჯიში ფაქტობრივად შეუძლებელია. „ბაიერნთან“ კარგად ვითამაშეთ და ასევე, იყო კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა. დღეს კიდევ კარგად ვითამაშეთ, იმის გათვალისწინებით, რომ სულ ახლახან დავბრუნდით. დავინახე, რომ ბიჭევი კიდევ მუშაობენ, ამიტომ საჩივარი არაფერი მაქვს.

რაც შეეხება თამაშის მიწურულს, მსაჯის გადაწყვეტილება გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ შეგუება მოგვიწევს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ 1:0-ს ვიგებდით და ბოლო წუთზე გავუშვით, არამედ იმიტომ, რომ მსაჯმა 8 წუთი დაამატა. ამის საჭიროება არ იყო. მეორე ტაიმში ისეთი არაფერი მომხდარა, რომ თამაშს ამდენი დრო დამატებოდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერ ლიგა სტარტს 11 აგვისტოდან აიღებს. პირველ ტურში „მანჩესტერ სიტის“ მეტოქე „ბარნლი“ იქნება, „არსენალი“ კი 12 აგვისტოს „ნოტინგემს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
6 აგვისტოს სატრანსფერო ზონა