ჰარი კეინი
Aa
Aa

ტოტენჰემმა ბაიერნის მეორე წინადადება დაბლოკა | ახალი ცნობები კეინის ტრანსფერზე

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ცხელი თემა ჰარი კეინის მომავალია. ინგლისელი სუპერვარსკვლავის საკუთარ რიგებში ხილვა „ბაიერნს“ სურს და „რეკორდმაისტერმა“ „ტოტენჰემს“ წინადადებით ორჯერ მიმართა.

Times-ის ინფორმაციით, ლონდონელებმა გერმანელები მეორედაც უარით გაისტუმრეს. „ბაიერნი“ მზად იყო, კეინის სანაცვლოდ 70 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადა, მაგრამ „დეზებისთვის“ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ისინი ინგლისის ნაკრების ლიდერს ბევრად ძვირად აფასებენ.

სატრანსფერო ჭორების პარალელურად, კეინის მომავალზე კომენტარის გაკეთება „ტოტენჰემის“ ახალ თავკაცს, ენჯ პოსტეკოგლუს სთხოვეს, რომელმაც განაცხადა: „ჰარი ამ კლუბის ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მინდა, იგი ტოტენჰემში თამაშობდეს და მსურს, ეს კლუბი წარმატებული გავხადო. დარწმუნებული ვარ, მასაც იგივე მიზნები აქვს.

მაქვს თუ არა გარანტიები, რომ ჰარი დარჩება? არა, გარანტიები არ მაქვს და მათ არც ველოდები. ასეთ ვითარებაში, გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლება. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ კეინი ჩვენი გუნდის ნაწილია და ვარჯიშების განახლებას მოუთმენლად ელის“.

ცნობისთვის, კეინს „ტოტენჰემთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით თავად ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. „დეზებს“ მისი უსასყიდლოდ დაკარგვა არ სურთ და არის შანსი, ამ ზაფხულს შეელიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18-თვიანი დისკვალიფიკაცია და მატჩის შეჩერება | ნიდერლანდები ჰომოფობიის წინააღმდეგ
18-თვიანი დისკვალიფიკაცია და მატჩის შეჩერება | ნიდერლანდები ჰომოფობიის წინააღმდეგ