ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ლუკა პარკაძე, საბა საზონოვი, გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

საქართველო ევროპას დაიპყრობს | Calciomercato-ს სტატია ქართული ფეხბურთის მომავალზე

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Calciomercato-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ქართულ ფეხბურთს მიუძღვნა. „საქართველო ევროპას დაიპყრობს: კვარაცხელია პირველია, აქ არიან ტალანტები, რომლებიც გაბრწყინებისთვის მზად არიან“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს Calciomercato:

„Just an old sweet song keeps Georgia on my mind”, - ეს სიტყვები რეი ჩარლზის სიმღერიდანაა და გუშინდელი მატჩის შემდეგ, ახალგაზრდული ფეხბურთის გულშემატკივრებს საქართველო ნამდვილად არ დაავიწყდებათ. რამაზ სვანაძის გუნდმა, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დებიუტანტია, მოახერხა და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ტარდება, მაგრამ მონაწილეობის მიღება 2000 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა - ითამაშა თუ არა ნაპოლის ჩემპიონმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მარტის შუა რიცხვებამდე ყველა მოაჯადოვა.

მნიშვნელოვანი დანაკლისები

პასუხი მარტივია. არა, კვარაცხელიას არ უთამაშია. მან აირჩია, ეროვნულ ნაკრებში, კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ეასპარეზა და ახალგაზრდულ გუნდში ადგილი ზურიკო დავითაშვილს დაუთმო. ზურიკო ბორდოს გარემარბია და ნიდერლანდების წინააღმდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. კვარაცხელიას გარდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში გიორგი მიქაუტაძეც არაა. გამომდინარე აქედან, სვანაძის გუნდმა პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ (ძველი კონტინენტის სამი ყველაზე წარმატებული საფეხბურთო სკოლის მქონე ქვეყნები) თავისი ორი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე იასპარეზა.

კოლონიზაცია

მეოთხედფინალში გასვლა ყველაზე პრესტიჟული შედეგია, რომლისთვისაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ოდესმე მიუღწევია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს მხოლოდ დასაწყისია. მას შემდეგ, რაც 2004 წელს, უეფამ HatTrick-ის პროგრამა წამოიწყო, ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, პროგრესს მიაღწიეს. წარსულს ჩაბარდა დღეები, როცა უმაღლეს დონეზე საქართველოს მხოლოდ კახაბერ კალაძე და ლევან კობიაშვილი წარმოადგენდნენ. ეს უკანასკნელი გერმანიაში თამაშობდა, რომლის მთავარმა კლუბმა, მიუნხენის ბაიერნმა ახლახან დინამო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 2005 წელს დაბადებული ლუკა პარკაძე შეიძინა.

შემტევი ფეხბურთელების გარდა, პროგრესია დაცვით ხაზში. წარსულში, ქართველთა დაცვის ხაზის ლიდერი სოლომონ კვერკველია იყო, 21-წლამდე გუნდის უსაფრთხოებაზე კი საბა საზონოვი ზრუნავს. საზონოვი დინამო მოსკოვის ფეხბურთელია და შესაძლოა, ლუკა ლოჩოშვილთან ერთად, ვილი სანიოლის ფორმაციის საქართველოს ნაკრების ცენტრალური დაცვის ბურჯი გახდეს.

სხვა ქართველი ფეხბურთელები

დინამო ბათუმი მზადაა, გიორგი კვერნაძე ფროზინონეს მიჰყიდოს. იგივე აგენტი, იგივე კლუბი, კვარას პოზიცია, დიდი სურვილი, რომ მისი ნაბიჯები გაიმეოროს და სერია A-ზე გამანადგურებელი გავლენა მოახდინოს. ინტერი ანდრე ონანას ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს, რომელიც ვალენსიას პრობლემური სეზონის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. 2000 წელს დაბადებული მეკარე იუვენტუსის რადარზეც იმყოფება და პირველი ბრწყინვალე გოლკიპერია, რომელიც საქართველოს აღუზრდია. და შემდეგ არის მიქაუტაძე, რომელსაც ბოლო თვეებია, იუვენტუსი აკვირდება. კვერნაძის ტრანსფერი დახურულია, მამარდაშვილი ვარიანტია, მიქაუტაძე კი - განიხილება“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა და 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა და სავარაუდო ოპონენტები გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა სალუქვაძე: „საზონოვი ძლიერი მცველია, გაგნიძემ ბევრი უნდა იმუშაოს“
ლაშა სალუქვაძე: „საზონოვი ძლიერი მცველია, გაგნიძემ ბევრი უნდა იმუშაოს“