ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ალექსანდერ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია: „ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში დავაფინიშებ“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ელ მატადორმა“ ხმამაღალი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში დააფინიშებს.

„თავს კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები, წონას როდის დავაფიქსირებ. ემეტთან ჩხუბისას ერთადერთი, რასაც უნდა ვუფრთხილდე, მისი ჰუკია. სხვა არაფერი. მისი ჭიდაობა და პარტერი საერთოდ არ მაღელვებს. პირიქით, მას უნდა აღელვებდეს ჩემი კრივი, ჭიდაობა და გრეპლინგი.

მომდევნო მებრძოლი ვარ, ვინც სატიტულო ჩხუბი უნდა მიიღოს. ვინ იმსახურებს ჩემზე მეტად საჩემპიონო დაპირისპირებას? არავინ. ასე რომ, მომდევნო მე ვარ. ვოლკანოვსკისთან ჩხუბში ის იქნება, რაც ყველა სხვა დანარჩენ ბრძოლაში. მას პირველ რაუნდში დავაფინიშებ. რა თქმა უნდა, დიდი მოვლენა იქნება, როცა ბევრის აზრით, Pound for pound ნომერ პირველ მებრძოლს დავამარცხებ. ეს უფრო დიდი მოვლენა იქნება, ვიდრე ალექსს იაირ როდრიგესმა რომ მოუგოს და შემდეგ ის მე დავამარცხო. მირჩევნია, ვოლკანოვსკის ვეჩხუბო და მასთან გავიმარჯვო.

ალექსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მან ისლამ მახაჩევთან კარგად იჩხუბა და ჩემპიონი ტყუილად არაა. მინდა, მის წინააღმდეგ საკუთარი თავი გამოვცადო და ეჭვი არ მეპარება, რომ პირველ ან მეორე რაუნდში დავაფინიშებ. ერთი სული მაქვს, ემეტთან როდის მოვიგებ და ვოლკანოვსკის როდის შევხვდები.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ემეტს სათანადოდ არ ვაფასებ? ეს ასე არაა და ჩემს ყველა მეტოქეს ყოველთვის სათანადოდ ვაფასებ. უბრალოდ თავდაუზოგავი შრომისა და ჩემ მიერ გაწეული სამუშაოსი მჯერა. თავდაჯერებულობა ჰაერიდან არ მოდის. ბევრს ვმუშაობ და საკუთარ თავში ეჭვი არ მეპარება. პედი პიმბლეტი? მასთან ჩხუბი არ მაინტერესებს. თუ ერთ დღეს, ტოპ 15-ში შევა და უკეთესი პროფესიონალი გახდება, რატომაც არა?! სულერთია, რომელ წონით დივიზიონში ვეჩხუბები. თუმცა როცა ვხედავ, ყოველთვის მინდება, რომ სილა გავაწნა".

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება. მის მომდევნო დაპირისპირებას 24 ივნისს ვიხილავთ და ჯოშ ემეტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველომ ყველა შოკში ჩააგდო“ - UEFA-ს შეფასება
„საქართველომ ყველა შოკში ჩააგდო“ - UEFA-ს შეფასება