პეპ გუარდიოლა, მან. სიტი
Aa
Aa

„ისტორია ზეცაში დაიწერა და ჩვენ გვეკუთვნის“ - გუარდიოლა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ფინალში „მან. სიტიმ“ სტამბოლში, „ათათურქზე“ მილანის „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე როდრიმ გაიტანა და „ქალაქელები“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი გახდნენ.

მატჩის შემდეგ პეპ გუარდიოლამ BT Sport-თან ისაუბრა: „დაღლა, სიმშვიდე კმაყოფილება. გამარჯვება ძალიან რთული იყო.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს. მოთმინება გამოავლინეს, ეს შესვენებაზე ვთქვი. იღბლიანი უნდა იყო. ზოგჯერ ედერსონი იყო კარგი ან მეტოქემ ვერ გამოიყენა შანსი. არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ მატჩი ფრედ დასრულებულიყო.

ისტორია ზეცაში დაიწერა და ჩვენ გვეკუთვნის.

უმაღლეს დონეზე არ გვითამაშია, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში. მუნდიალის შემდეგ გუნდმა პროგრესი აჩვენა და ჩვენ აქ ვართ, თუმცა დღევანდელი თამაში ჩვენი საუკეთესო პერფორმანსი არ ყოფილა.

იმის ენერგია არ მაქვს, რომ შემდეგ სეზონზე ვიფიქრო, ახლა ეს შეუძლებელია. დასვენება გვჭირდება, არდადეგები ხანგრძლივია.

ახლა ჩვენს ფეხბურთელებს სანაკრებო მატჩები აქვთ. პრემიერ ლიგა ორი ან სამი კვირით ადრე დასრულდა. მოთამაშეები უნდა დაბრუნდნენ და სანაკრებო შეხვედრები ჩაატარონ. ამდენი შეხვედრა საკმაოდ ბევრია. შემდეგ სეზონში ყველაფერს ნულიდან დავიწყებთ.

სასტუმროში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვიზეიმებთ. ორშაბათს მანჩესტერში პარადია. ტრებლის მოგება ძალიან რთული იყო“.

პეპ გუარდიოლამ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგა 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, უკანასკნელად მისი გაწვრთნილი გუნდი ამ ტურნირის გამარჯვებული 2010-11 წლების სეზონში გახდა, როცა „ბარსელონამ“ სერ ალექს ფერგიუსონის „მან. იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა.

გუარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ტრებლი მეორედ მოიგო (ინგლისის პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა). 2008-09 წლების სეზონში გუარდიოლას გაწვრთნილმა „ბარსელონამ“ ანალოგიური შედეგი დააფიქსირა (ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, ესპანეთის თასი).

პეპი ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით ტრებლი ორმა გუნდმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები