არონ გუნარსონი, ისლანდიის საფეხბურთო ნაკრები
Aa Aa

“ოცნება, რომელიც რეალობად ვაქციეთ“ - მე არონ გუნარსონი ვარ

„იმედი მაქვს, ამას ჩვენი კონკურენტები არ კითხულობენ, რადგან მე გეტყვით ზუსტად რა გახდა ჩვენი პატარა ქვეყნის ასეთი წარმატების საიდუმლო..

მაგრამ პირველ რიგში, მე რაღაცები ისლანდიის შესახებ უნდა ავხსნა, რადგან შევამჩნიე, რომ ახლა ადამიანები ჩემთან შეხვედრისას გამუდმებით მეკითხებიან: „ოჰ, შენ ისლანდიელი ხარ? რა მაგარია! ჩრდილოეთის შუქები, ეს დიდებულია.“

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, რეიკიავიკში დასასვენებლად უამრავი ადამიანი მიდის, მაგრამ მე ისლანდიის ამ დასასვენებელი ნაწილიდან არ ვარ..

მე ისლანდიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ვარ..

თუ შენ რუკაზე ამ ადგილის ძებნას დაიწყებ, ყველა გეტყვის, რომ იქ ყინულის დრაკონები ცხოვრობენ..

ჩემი მშობლიური ქალაქი აკურეირი გახლავთ, სადაც დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობს. იქ სპორტი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და ამიტომ მე ფეხბურთის თამაში დავიწყე. რა თქმა უნდა, ვოცნებობდი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ იყო ორი პრობლემა..

პირველი ის, რომ მხოლოდ ზაფხულში შემეძლო თამაში, რადგან ზამთარში აქ ყველაფერი თოვლით არის დაფარული. მე არ ვგულისხმობ თოვლს, როგორიც მაგალითად ინგლისშია. რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის, რომელიც ბრიტანეთში სრულ პანიკას იწვევს. არა, ჩემთან უზარმაზარი თოვლი მოდის და გარეთ მინუს 10 გრადუსია. ამ თოვლს კი ყინული ემატება..

ნანახი გაქვთ „სამეფო კარის თამაშები“? ჩათვალეთ იდენტური სიტუაციაა ისლანდიაში..

ამიტომ, ზამთარში ფეხბურთის ნაცვლად ხელბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ამან ჩემი მეორე პრობლემა ვერ გადაჭრა. როდესაც თოვლი დნებოდა ბალახზე მაინც ვერ ვთამაშობდი. ეს სხვა გაცილებით სახელოვანი ფეხბურთელების ფუფუნებაა..

ფეხბურთის თამაში ასფალტზე მიწევდა..

ასე უსაფრთხოების ზომებს ვერ იცავ.. ერთ დღეს სახლში ისეთი ჭრილობით დავბრუნდი, რომ დედაჩემი შოკში ჩავარდა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი მეტოქის წინააღმდეგ ფეხებში ვარდნა იყო, მაგრამ ისე გამოვიყურებოდი, თითქოს დათვთან ვიბრძოლე..

ჩემს პირველ გუნდს „თორი“ ერქვა. ჭექა-ქუხილის ღმერთის სახელი.. ფეხბურთელობა ძალიან მინდოდა. დავდიოდი სპორტ დარბაზში, დავრბოდი ცალკე მარტო, მაგრამ ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი, რომლის პასუხიც არ მომწონდა..

„არონ, რამდენი პროფესიონალი ფეხბურთელი გინახავს, რომელიც აკურეირიდან ევროპაში წავიდა?“

არც ისე ბევრი..

„და რამდენად კარგი ფეხბურთელი იქნები მხოლოდ ზაფხულში ასფალტზე თამაშით?“

ალბათ არც ისე კარგი..

ამ ფაქტის იგნორირება გადავწყვიტე და სულ მალე ყველაფერი შეიცვალა.. ისლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ დარბაზებში ხელოვნური საფარი დააგო და აბსოლუტურად ყველა ბავშვს შეეძლო ფეხბურთზე სიარული..

ხვდებით ეს რამხელა რაღაც იყო ჩემთვის? მთელი წელი შემეძლო ვარჯიში..

მაშინვე შევედი ფეხბურთზე. იქ იმდენ დროს ვატარებდი, რომ ღამ-ღამობით ხშირად მაგდებდნენ.. არავის სჯეროდა, რომ ისლანდიელი ფეხბურთელის რანგში რაიმე წარმატების მიღწევა იყო შესაძლებელი.. ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ მისი ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო, რომელიც ვერ აისრულა..

ვიცოდი, რომ თუ განვითარება მსურდა ისლანდია უნდა დამეტოვებინა. 17 წლის ასაკში „ალკმაარში“ გადავედი, სადაც პირველივე ვარჯიშზე 4-ჯერ დავისვენე. იქ ფეხბურთის სულ სხვა ტემპი დამხვდა. იცით როგორ შემრცხვა? პირველივე რეისით სახლში დაბრუნება მინდოდა..

იცით? ყველაზე რთული ოჯახის დატოვება იყო. პირველი ორი თვე სასტუმროში ვცხოვრობდი. დედას ყოველდღე ვურეკავდი და ვტიროდი. ვეუბნებოდი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო.. საბედნიეროდ, ჩემმა ოჯახმა მოტივაცია მომცა და უკან არ დამაბრუნა. სინამდვილეში, ფეხბურთის თამაში ჯოჯოხეთურად მსურდა..

ვხვდები, რომ ჩემმა ცრემლებმა შედეგი გამოიღო, რადგან 18 თვის შემდეგ, ისლანდიის ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. მალტასთან ამხანაგური მატჩი გვქონდა. თამაში ახლოვდებოდა და სასწრაფოდ რეისზე მომიწია ასვლა. მანქანა მარტო მე არ მყავდა. ნიდერლანდებში ველოსიპედით გადავადგილდებოდი..

იცით დედაჩემმა რა გააკეთა? სკუტერი მიყიდა..

წითელი სკუტერი, რომელიც მოტოციკლს უფრო ჰგავდა და ვთვლიდი, რომ ეს ცუდი იყო.. საბოლოოდ მასზე მიჯაჭვული გავხდი.. დედა, მადლობა ამისთვის!!

ჩემი ოცნების ასასრულებლად მივდიოდი, ისლანდიის ნაკრებში უნდა მეთამაშა.. თვითმფრინავით მივფრინავდი და ვგრძნობდი, რომ უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. რკინიგზის სადგურთან მივედი, სადაც ჩემი სკუტერი მეგულებოდა, მაგრამ რას ვხედავ?

ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩემი სკუტერი უნდა ყოფილიყო, არაფერია გარდა ერთი საბურავისა, რომელსაც ჯაჭვი ჰქონდა შემოხვეული..

ვიღაცამ ის მოიპარა..

დედაჩემმა ამაზე ბევრი იცინა, მაგრამ მე იმედგაცრუებული ვიყავი და ამ ფაქტმა მიწაზე სწრაფად დამაბრუნა..

რამდენიმე წლის შემდეგ, მე იმ 21-წლამდე ნაკრების წევრი ვიყავი, რომელიც დანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. ეს ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან აქამდე ისლანდიას მსგავსი რამ არ გაუკეთებია. როდესაც 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, ეროვნულ ნაკრებში ბევრი 21-წლამდე გუნდის ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის მეც..

იმ ახალგაზრდული ნიჭის ფონზეც კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო..

ხალხი ყოველთვის ამბობდა: „ისლანდია? არა იქ ძლიერი ფეხბურთელები არ თამაშობენ..“

რეალურად ისლანდიაში 330 000 ადამიანი ცხოვრობს და ბევრი ფეხბურთელი მართლაც არ გვყავს..

ამიტომ, მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა. სწორედ ამ დროს ჩვენი ყოფილი მწვრთნელი ლარს ლაგერბეკი გამოჩნდა..

როცა ლარსს უყურებ პროფესიონალი მწვრთნელი არ გეგონება. ის ძალიან დაუფასებელი სპეციალისტია!! მან კარგად იცის თავისი საქმე.. ჩვენი ძირითადი მიმართულება დაცვის სიმყარე იყო..

ჩვენს კოლექტივს დიდი სულისკვეთება ჰქონდა და პლეი-ოფში მოვხვდით, სადაც ხორვატიას დავუპირისპირდით. პირველი მატჩი ისლანდიაში 0:0 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში 0:1-ს ვაგებდით, რა დროსაც მათ კაცი გაუგდეს. ჩვენ მხოლოდ ერთი გოლი გვჭირდებოდა და ოცნებას ავისრულებდით..

მაგრამ ეს არ გამოგვივიდა..

ხორვატიამ 2:0 მოიგო..

ჩვენი გასახდელი სასაფლაოს ჰგავდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოვიგეთ, არამედ იმიტომ, რომ ცუდად ვითამაშეთ. შემდეგ ვიღაცამ თქვა: „მოდით, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ“..

დღემდე არ ვიცი ვინ თქვა ეს, მაგრამ ის მართალი იყო..

ასე რომ, ეს არის ის, რაც გავაკეთეთ.. ჩვენ კიდევ უფრო მონდომებით დავიწყეთ ვარჯიში. ევროპის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე წინ მივდიოდით.. ჩვენი გულშემატკივრები ამაში დიდ როლს თამაშობდნენ.. მახსოვს, ნიდერლანდებს 1:0-ს ვუგებდით და ერთ მომენტში სტადიონი მთლიანად დადუმდა.. შემდეგ კი..

ბუმ ბუმ ჰუუუუჰ!!

შემოვტრიალდი.. ეს რა იყო? ჭექა-ქუხილის ხმას ჰგავდა..

ბუმ ბუმ ჰუუუუჰ!!

კანკალი ამიტყდა..

ბუმ ბუმ ჰუუუუუჰ!!

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა ფანებმა ვიკინგების ცნობილი ტაში დაუკრეს. ჩვენ შეიძლება სტადიონზე 10 000 გულშემატკივარი გვამხნევებდეს, მაგრამ როდესაც ისინი ვიკინგების ტაშს უკრავენ ისეთი შეგრძნება ჩნდება თითქოს ისინი 100 000 არიან..

იმ ღამეს ნიდერლანდების რამდენიმე ფეხბურთელს დავაკვირდი და აშკარად დათრგუნულები იყვნენ. ეს კი ჩვენი გულშემატკივრების დამსახურებაა..

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საკუთარ კედლებში ყაზახეთთან 1 ქულა გვჭირდებოდა და ჩვენ გავხდებოდით ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. წითელი ბარათიც კი დავიმსახურე. 0:0 დასრულდა და ჩვენ ეს შევძელით!! მოედანზე გავედი და ვიკინგების ტაში იმხელა ხმაზე შევასრულეთ, რომ მთელს ისლანდიას უნდა გაეგო..

სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ქვეყანა ჩვენით ამაყობდა..

რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი საქმე იყო, მაგრამ თვითონ ტურნირი? ხალხი ფიქრობდა, რომ თუ სამარცხვინოდ არ წავაგებდით ძალიან გაგვიმართლებდა..

სასაცილოა, რადგან ზუსტად მახსოვს ის მომენტი, როცა გავიაზრე, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვქონდა.. ეს ტურნირის დაწყების წინ, ვარჯიშზე მოხდა, როცა ჩემთან ეიდურ გუდიონსენი მოვიდა..

მან თქვა: „იცი არონ? მე ნამდვილად არ მენდომებოდა ისლანდიის წინააღმდეგ თამაში..“

მე ვკითხე: „რას გულისხმობ?“

გუდიონსენი: „ისლანდიასთან თამაში ადვილი არ იქნება. დაცვაში მყარად დგახართ, სივრცეებს კეტავთ და კომბინაციის გათამაშება შეუძლებელია.“

და მაშინ რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი.. გუდიონსენი ისლანდიის გმირია.. ის გუარდიოლას „ბარსელონაში“ თამაშობდა. მისი თანაგუნდელები უფრო ადრე რონალდინიო და მესი იყვნენ.. და თუ ის ამბობს, რომ ჩვენი დაცვა შესანიშნავია, მაშინ მართლაც შესანიშნავია..

პირველი მატჩი პორტუგალიასთან გვქონდა და ყველაზე იმაზე საუბრობდა, თუ რას გვიზამდა კრიშტიანუ რონალდუ.. როდესაც მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა პორტუგალიელები ბედნიერები არ იყვნენ..

რა თქმა უნდა, აღვნიშნეთ და გავიგე, რომ რონალდუმ გაგვაკრიტიკა. მან თქვა, რომ ჩვენ პატარა მენტალიტეტის მქონე ქვეყანა ვართ..

ეს სრული სისულელე იყო, რადგან ჩვენ იქ პირველად ვთამაშობდით და რა თქმა უნდა, პორტუგალიასთან დაფიქსირებული ფრე საამაყო იყო!!

შემდეგ ტურში უნგრეთთან ისევ ფრე ვითამაშეთ და ბოლო ტურში ავსტრიასთან 1 ქულა გვჭირდებოდა. ანგარიში 1:1 იყო.. კუთხური მოვიგერიეთ და კონტრ-შეტევაზე გადავედით.. გავიტანეთ!!


არნორ ტრაუსტასონი!! 94-ე წუთი!! ისლანდია ჯგუფიდან გავიდა!!

დაუჯერებელია..

ვფიქრობ, ყველას ნანახი გაქვთ ისლანდიელი კომენტატორის რეაქცია ტრაუსტასონის გოლზე.. ეს ვიდეო ვირუსივით გავრცელდა..

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველა ასე ვიყავით.. მთელი ერი!!

მოედანზე აღნიშვნის დროს ნაცნობი დრამერი გამახსენდა, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა. მის მოსაძებნად წავედი. ვიპოვე.. მან ყველას უთხრა, რომ გაჩუმებულიყვნენ და შემდეგ ჩვენ ვიკინგის ტაშის ყველაზე ცნობილი ვერსია გავაკეთეთ!!

ასე არასდროს გაგვიკეთებია. ამას ფეხბურთელები და გულშემატკივრები ერთად ვაკეთებდით.. დიდებული მომენტი იყო..


ინგლისთან მატჩის წინ მოდუნებულები ვიყავით. ჩვენ, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ყველა დანარჩენი ბონუსი იყო. დამატებითი მოტივაცია გვქონდა, რადგან ისლანდიაში პრემიერ ლიგა ყველას უყვარს. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გვაქვს და ახლა ჩვენი გმირების დამარცხების შესაძლებლობა გვქონდა.. მატჩის წინ, გუდიონსენმა გვითხრა:

„ყველა მზად არის? მეტი გვინდა? ისევ გვშია?“

წარმოიდგინეთ ჩვენი ღრიალით პასუხი..

ინგლისი კი პირიქით იყო. მათზე დიდი ზეწოლა მიდიოდა, რადგან ყველამ კარგად იცოდა რა კრიტიკა დაატყდებოდათ თავს ჩვენთან წაგების შემთხვევაში. ინგლისელები მარტივ შეცდომებს უშვებდნენ და თამაში გაგვიადვილდა..

ყველამ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად ცუდი იყო ინგლისი, მაგრამ უყურეთ თამაშს კიდევ ერთხელ. ნახეთ, რამდენად ორგანიზებულები ვართ..

გახსოვთ გუდიონსენმა პირველი მატჩის წინ რა მითხრა? ჩვენი დაცვის წინააღმდეგ თამაში მართლაც საშინელებაა!!

როდესაც თამაში დასრულდა, ისე სწრაფად გავვარდი ჩვენი გულშემატკივრებისკენ, რომ ინგლისელებისთვის ხელის ჩამორთმევა დამავიწყდა. ასე რომ, თუ თქვენ ახლა ამას კითხულობთ.. ბოდიში!

შეიძლება ჩემგან უცნაურად ჟღერდეს, რადგან მე ვარ სვირინგებიანი ისლანდიელი მკაცრი გამომეტყველებით.. კიდევ ერთხელ შესრულებული ვიკინგების ტაშის დროს ავკანკალდი და ტირილი მომინდა..

უნდა ვაღიარო, რომ ტურნირის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ.. ევროპის ჩემპიონატის დროს, ლარსთან ერთად ჰეიმირ ჰალგრიმსონი მუშაობდა, ხოლო შემდეგ ლარსი წავიდა და ჰეიმირი მთავარი მწვრთნელი გახდა. ამან თავიდან აგვანერვიულა, მაგრამ მისი შეტყობინება მარტივი იყო.

„ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს ყოფილა. რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ ეს?“

შეგვეძლო გვეთქვა: „ჩვენ პატარა ერი ვართ. კვალიფიკაციას ჩვენგან არავინ ელის. დამატებითი ზეწოლა არ გვაქვს..“

მაგრამ ასეთი მიდგომა ჩვენ აღარ გვქონდა!!

საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე სხვა ნაკრებების თამაშის შესასწავლად სკაუტები გავგზავნეთ. ეს კი ჩვენს აზროვნებაზე მეტყველებს. ჩვენ გაცილებით მეტი გვინდოდა!!

ზოგიერთი ჩვენი ფეხბურთელი ახლა კარიერის ბოლო ეტაპზეა. გვესმის, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს გზა უნდა დავუთმოთ. რუსეთში წასასვლელად ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რადგან მემკვიდრეობა იყო დასატოვებელი. ამის გარეშე არაფერს არ ექნებოდა აზრი!!

მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით!! ეს ოცნებაც რეალობად ვაქციეთ!! გარკვეულწილად,  მე ვხედავ ჩვენს სტილს ისლანდიის სიმბოლოდ.. უბრალოდ გადახედეთ ჩვენს ზოგიერთ მოთამაშეს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ არ ვართ ყველაზე ტექნიკურები. შესაძლოა შესახედად არც ყველაზე ლამაზები ვიყოთ, მაგრამ ჩვენთან ბრძოლის სურვილი გააქვთ? მე ასე არ ვფიქრობ..

ჩვენში ძალიან დიდი ერთიანობაა!! მკაცრები ვართ და არაფრის გვეშინია!!

და ეს არის გაკვეთილი, რომელიც ახალ თაობას მინდა გადავცე..

მინდა მათ გააცნობიერონ, რომ თუ ბევრს იმუშავებენ და თუ იქნებიან ბიჭები, რომლებიც მზად არიან ერთად იყვნენ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია..“ - მე არონ გუნარსონი ვარ

გაზიარება: