ნოელ ლე გრე, დიდიე დეშამი
Aa
Aa

ლე გრე მორიგ სკანდალში გაეხვია - დეშამის კონტრაქტი გადაიხედება

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე მორიგ სკანდალში ეხვევა. L'Equipe-ის ინფორმაციით, ლე გრემ ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან კონტრაქტი 2026 წლამდე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებთან დამოუკიდებლად გაახანგრძლივა, რაც უწყების წესდებით აკრძალულია. ამის გამო 81 წლის ბიზნესმენს პოსტის დატოვება ემუქრება.

გამოცემის ინფორმაციით, 6 იანვარს პარიზში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა ლე გრემ კომიტეტის წევრებს დიდიე დეშამის შესახებ გადაწყვეტილება დაუმალა, მეორე დღეს კი დეშამთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გამოცხადდა ინფორმაცია.

ამის გამო, უახლოეს დღეებში კომიტეტი საგანგებო სხდომაზე შეიკრიბება, სადაც დეშამთან გაფორმებულ კონტრაქტზე იმსჯელებენ. დიდიე დეშამს სავარაუდოდ თანამდებობა შეუნარჩუნდება, თუმცა საუბარია, რომ 2026 წლამდე დადებული ხელშეკრულება 2 წლით შემცირდება და ფრანგი სპეციალისტი ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე დარჩება. ასევე, დაგეგმილია, რომ კონტრაქტში ჩაიწეროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში მხარეებს კომპენსაციის გადახდა აღარ მოუწევთ.

რაც შეეხება ნოელ ლე გრეს, მისი პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს სრულდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების გამო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა მას უფლებამოსილება უფრო ადრე შეუწყვიტონ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ლე გრე აპირებდა, რომ მოქმედ მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაეხანგრძლივებინა, თუმცა დიდიე დეშამისა და მისი აგენტის ზეწოლის შემდეგ თანამშრომლობა 2026 წლამდე გაგრძელდა.

წინა კონტრაქტში დიდიე დეშამის ანაზღაურება ოფიციალურად 2.5 მილიონი ევრო იყო, რომელიც ბონუსებით 3 მილიონამდეც ადიოდა. ახალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დეშამი კვლავ იგივე რაოდენობის თანხას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზიდანს რომ დაერეკა, ყურმილსაც არ ავიღებდი“ - მბაპემ ლე გრეს კრიტიკას უპასუხა
„ზიდანს რომ დაერეკა, ყურმილსაც არ ავიღებდი“ - მბაპემ ლე გრეს კრიტიკას უპასუხა