გამარჯვება ოქროს დროში - მაისურაძის ბრინჯაო ბაქოში
ძიუდოში, ბაქოს გრან სლემზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი ოქროს დროში ვაზარით დაამარცხა.
ლუკა მაისურაძემ (- 90 კგ.) ტურნირზე პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ ნიჰად შიხალიზადასთან გამართა, ქართველმა იპონით გაიმარჯვა. ლუკამ მონღოლი მუნხბაიარ ბატოგტოხი იპონით დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ყირგიზი ერლან შეროვის ბარიერი შიდოებით დასძლია, თუმცა მისთვის მარკუს ნიმანის ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა, 1/2-ფინალში შვედთან შიდოებით დამარცხდა.
ბაქოს გრან სლემზე ილია სულამანიძემ (-100), გურამ თუშიშვილმა (+100), საბა ინანეიშვილმა (+100) და სოფიო სომხიშვილმა (+78) წარუმატებლად იასპარეზეს, მათ მედლისთვის ბრძოლა ნაადრევად დაასრულეს. რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.
შეგახსენებთ, ლაშა შავდათუაშვილმა (- 73 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასე რომ, საქართველოს ნაკრების აქტივში 2 ბრინჯაოს მედალია.