ბარსელონა, ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა
Aa Aa

ბაიერნი VS ბარსელონა - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

პირველი მატჩები ჩემპიონთა ლიგაზე

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველ ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ინტერს“ ესტუმრა და საკმაოდ მარტივად 2:0 დაამარცხა. გერმანელთა მხრიდან გოლი ლეროი სანემ გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი დე’ამბროსიომ ჩაჭრა საკუთარ კარში.

რაც შეეხება „ბარსელონას“, კატალონიურმა გიგანტმა „პლზენს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ლევანდოვსკიმ, ხოლო თითო გოლი კესიმ და ტორესმა გაიტანეს.

შიდა ჩემპიონატი - „ბაიერნი“

იულიან ნაგელსმანის გუნდი რეალურად ცუდ ხასიათზეა, რადგან ბუნდესლიგის ბოლო 3 ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა. ფრე ჯერ „გლადბახთან“, შემდეგ „უნიონ ბერლინთან“ და უკანასკნელ ტურში „შტუტგარტთან“ 2:2. „რეკორდმაისტერი“ 6 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგაში 12 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „უნიონ ბერლინს“ 2 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი:

ამ მხრივ ნაგელსმანს განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს. „ბაიერნს“ „ბარსელონას“ წინააღმდეგ მხოლოდ კინგსლი კომანი და ბუნა სარი არ ეყოლება.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ ლევანდოვსკი ჰყავთ. მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი! რობერტს „ბარსელონაში“ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდს ახალი სულისკვეთება აქვს.

„ბარსელონასთან“ ბოლო 3 ჩატარებული შეხვედრის შთაბეჭდილება შესაძლოა თავისუფლად წაიშალოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრები ლევანდოვსკის კარგად შეხვდებიან და პატივს სცემენ. მოხარული ვარ, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავ. რობერტმა „ბაიერნისთვის“ ფასდაუდებელი სამუშაო გასწია.

ლუკას ჰერნანდესის შვებულება დასრულდა. ის სრულ მზადყოფნაშია და ბარსას წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ჯერ არ ვიცი ვის დავაყენებ მის გვერდით. უპამეკანოს ლევანდოვსკის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და გამოცდილება აქვს. დე ლიხტის კლასის შესახებ ყველამ კარგად იცით. ვნახოთ, გადაწყვეტილებას სულ მალე მივიღებ. საინტერესო მატჩს ველოდები.“

შიდა ჩემპიონატი - „ბარსელონა“

ჩავი ერნანდესის გუნდი წარმატებულ სვლას აგრძელებს. პირველ ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, „ბარსელონამ“ 4-დან 4 შეხვედრა მოიგო და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას კი 15 ქულით „რეალი“ იკავებს.

გასულ ტურში, კატალონიური გრანდი „კადისს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. „ბლაუგრანას“ მხრიდან გოლები ფრენკი დე იონგმა, ლევანდოვსკიმ, ფატიმ და დემბელემ გაიტანეს.

ასევე გეტყვით, ლევანდოვსკიმ ახალი ისტორია დაწერა. პოლონელი თავდამსხმელი 1959 წლის შემდეგ, გახდა „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პირველ 6 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, ჩავი ერნანდესის გუნდი ამ მატჩს სრული შემადგენლობით ხვდება.

რა თქვა ჩავიმ?

„ბოლო შედეგების გამო ამპარტავნება არ უნდა დაგვემართოს. თავმდაბლები უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ ცუდი პერიოდიც გამოვიარეთ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენს პოტენციალს მთლიანად გამოვიყენებთ. ვფიქრობ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით აუცილებლად გავიმარჯვებთ. წელს „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთეს შედეგს დააფიქსირებს. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება.

ლევანდოვსკის სახით უდიდესი პლუსი აქვს „ბარსელონას“, მაგრამ ჩვენ სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც გვყავს. მნიშვნელოვანია, თუ როგორ პრესინგს ვითამაშებთ და ზონებს როგორ გამოვიყენებთ. მიულერი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც წლებია განსხვავებას ქმნის. ის გუნდის ლიდერია და მისი შეჩერება საკმაოდ რთულია.

საბოლოო ჯამში, სწრაფ და ინტენსიურ მატჩს ველოდები. ასეთი დონის შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს. ვფიქრობ, შანსები 50-50-ზეა. გამარჯვებულის ბედი შესაძლოა მცირე დეტალებმა გადაწყვიტოს. მოიგებს ის, ვინც მომენტებს უკეთესად გამოიყენებს.“

ბაიერნი VS ბარსელონა

ეს გუნდები უკანასკნელად გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ ორივე დაპირისპირება იდენტური ანგარიშით 3:0 მოიგო და შედეგად „ბარსელონა“ ჯგუფში ჩარჩა.

ასევე შეგახსენებთ, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეკორდმაისტერმა“ ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა და ტურნირიდან გამოაგდო. ამ ფაქტს კი იმ დროინდელი ბარსას მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის სამსახურიდან გაშვება მოყვა. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 13 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: