რომარიო
Aa Aa

ზღვის სანაპირო, ვარჯიშის გაცდენა, სექსი და ყინვა - მე რომარიო ვარ

„იუთუბზე“ არსებობს საკმაოდ პოპულარული გადაცემა The Players' Tribune, რომელიც ლეგენდარულ ყოფილ სპორტსმენებზე საინტერესო გადაცემებს აკეთებს. ერთ-ერთი ასეთი რომარიოზე გაკეთდა. CrystalSport აღნიშნული გადაცემიდან ყველა საინტერესო ისტორიას გთავაზობთ.

რომარიო:

„ზოგიერთ ჩემს კლუბთან მქონდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გარეთ გვიანობამდე შემეძლო ყოფნა, მაგრამ ვარჯიში არასდროს გამომიტოვებია. ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ, ყველა პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ადრე გაღვიძება მიჭირდა. ამიტომ შუადღისას უნდა მევარჯიშა. ბევრი ამით უკმაყოფილო იყო და ჩემს შესახებ არაერთი საუბარი მომისმენია.

რომარიოს არ სძინავს, მაგრამ ყოველთვის მეძინა. რომარიო არ ვარჯიშობს, მაგრამ ყოველთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ არა დილის 9 საათზე. პრეზიდენტები საქმის კურსში იყვნენ და მწვრთნელებს ეუბნებოდნენ, თუ არა ეს ჩემი პრობლემა არ იყო. თამაშის წინა ღამეს გარეთ არასდროს გავსულვარ. თუ კვირას გვიწევდა თამაში, მხოლოდ პარასკევს ვერთობოდი. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ძალიან იშვიათად.

მადლობა ღმერთს ნარკოტიკებს არასდროს ვეკარებოდი. არც ვსვამდი და არც ვეწეოდი. ერთი წვეთიც კი არ დამილევია. რა საჭიროა გართობის დროს ასეთი რაღაცების კეთება? მე ეს ყველაფერი სხვანაირადაც შემეძლო..

სანაპიროს ისტორია? დიახ ეს მართალია. „ფლუმინენსესთან“ გვქონდა მატჩი და გადავწყვიტე, რომ არ მეთამაშა. სიმართლე გითხრათ, ამის მიზეზი არ მახსოვს. ბიჭები თამაშამდე 24 საათით ადრე შეიკრიბნენ, მე კი ზღვის სანაპიროზე ვერთობოდი. ამის შემდეგ, რატომღაც გადავწყვიტე, რომ თამაში მინდოდა და პირდაპირ „მარაკანაზე“ წავედი. გასახდელში შესვლის მომენტში ფეხებიდან სანაპიროდან გამოყოლილ ქვიშას ვიშორებდი.

ჩემს ნაცვლად ახალგაზრდა ფეხბურთელს მარსელოს უნდა ეთამაშა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა და ამის გამო მან სტადიონზე მთელი ოჯახი დაპატიჟა. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში მე ვითამაშე. საწყალი ბიჭი.. ორი გოლი გავიტანე და მატჩი მოვიგეთ. ჩემი იარაღი ჩემს მენტალობაში და დამოკიდებულებაში იყო. უბრალოდ მიდი, მაისური ჩაიცვი და გაიტანე. სხვა საიდუმლო არასდროს მქონია..

ეს ყველაფერი რაღაცით სექსს ჰგავდა. თქვენ უნდა აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სექსი კი ჩემთვის ყოველთვის ყველაზე სასიამოვნო იყო. თამაშის წინა დღეს ხშირად დავრჩენილვარ სახლში, რათა გაღვიძებისას სექსი ცოლთან მქონოდა. ასე სტადიონზე თავს გაცილებით მსუბუქად ვგრძნობდი.

სხვათაშორის ძაღლების მეშინია. 13 წლის ვიყავი და სტუმრად ბებიასთან წავედი. გზაში სამი ძაღლი დამესხა თავს. პატივს ვცემ ძაღლებს და მათ არასდროს მივაყენებ ზიანს. მიუხედავად ამისა კატასტროფულად მეშინია მათი. რაც უფრო პატარაა ძაღლი, მით უფრო მეშინია. გერმანულ ნაგაზს გავუმკლავდები, მაგრამ თუ ჩიჰუაჰუას დავინახავ, იქიდან აუცილებლად გავიქცევი.

ამპარტავანი არასდროს ვყოფილვარ. მე უბრალოდ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. იცით რას ვგულისხმობ? როდესაც დავიბადე, ღმერთმა შემომხედა და თქვა - „ის კაცია“ ! ხალხი ამ ყველაფერს თავისებურად იგებს. ისინი ამბობენ, რომ რომარიო ამპარტავანია, თვითკმაყოფილია, უყვარს წვეულებები, და ქალების გამო ვარჯიშებს აცდენს. შემდეგ მე სამ გოლს გავიტანდი და სხვანაირი საუბარი იწყებოდა. მაქებდნენ, მადიდებდნენ და კარგს მეძახდნენ. მე საკუთარ თავში ვიყავი დარწმუნებული და თავხედი არასდროს ვყოფილვარ! ყველას სიმართლეს ვეუბნებოდი, მაგრამ მეც მქონდა ჩემი ტრაბახის მიზეზები.

როდესაც 20 წლის ვიყავი ვთქვი, რომ 1000 გოლს გავიტანდი. ბრაზილიაში არსებობს ჟურნალი, რომლის ყდაზეც ეს სიტყვები წერია. ასე, რომ ვერავინ იტყვის, რომ ეს იღბალი ან შემთხვევითობა იყო.

კარგად მახსოვს მამაჩემთან ერთად როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს რკინიგზის ლიანდაგთან ჯაკარეზინიოში. როდესაც 4 წლის ვიყავი ასთმა მჭირდა და ძალიან ცუდად მეძინა. ღამე ვიტანჯებოდი. ერთი ხელით მამაჩემის ხელი მეჭირა, ხოლო მეორეთი ბურთი. იმ დროს ფეხბურთი უკვე მიყვარდა. მხოლოდ ბურთის დარტყმაც კი მაბედნიერებდა. 10 წუთი ვთამაშობდით, სახლში ბედნიერი ვბრუნდებოდი და მშვიდად მეძინა.

სახლების აშენება არასდროს გვეთაკილებოდა. მამაჩემი საღებავების ქარხანაში მღებავად მუშაობდა, თუმცა იმდენს არ გამოიმუშავებდა, რომ მე და ჩემი ძმა ფეხბურთზე ვეტარებინეთ. სწორედ ამიტომ მან დამატებითი სამსახური იშოვა და მშენებელი გახდა. 5 წლის ასაკში საცხოვრებლად პენიაში გადავედით და ყოველ შაბათ-კვირას მამას მშენებლობაზე ვეხმარებოდით. დავატარებდით სამშენებლო მასალებს და ფიზიკურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მოტივაცია არასდროს დაგვიკარგავს. სანამ მამა სახლებზე მუშაობდა, ჩვენ ვოცნებობდით. ფეხბურთი გვაძლიერებდა..

მამაჩემს ხუთი მცნება ჰქონდა - ნუ შეაშინებ ფუტკარს, არ დალიო ღვინო, არ მიიღო ნარკოტიკები, არავის გაამარჯვებინო შენთან კამათში და როდესაც ვინმეს ხელს ართმევ ყოველთვის თვალებში უყურე. მე სწორედ ამ პრინციპებით გავიზარდე.

თავს ყოველთვის საუკეთესოდ ვთვლიდი. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ საუკეთესო „ფინიშერი“ ვიყავი. თუ მე საუკეთესო ვარ, რატომ უნდა დაამთავროს სხვამ შეტევა? ასე არ არის? გუნდისთვის სასარგებლო ვიყავი და პასს ყველა მე მაძლევდა. ეს იგივეა, რომ კალათბურთში ბოლო წამზე 3-ქულიანი გჭირდებოდეს და პასი მაიკლ ჯორდანს არ მისცე.

ვგრძნობდი თუ არა ზეწოლას? ჯანდაბა, ზეწოლა ძალიან მიყვარდა. სხვა მოთამაშეებისთვის საგოლე მომენტი უფრო რთულად გამოსაყენებელი იყო, ვიდრე ჩემთვის. მე ყველაფერი მიმარტივდებოდა.

არასდროს მინდოდა, რომ სტადიონზე 90 წუთი მეთამაშა. თამაშის გარკვეულ მონაკვეთებში ზედმეტად მშვიდად ვიყავი და მცველებს ვავიწყდებოდი. სწორედ ასეთ დროს მიყვარდა გოლის გატანა.

ნიდერლანდებში გადასვლა და ცხოვრება გამიჭირდა. მაშინ 22 წლის ვიყავი და რიოს გარდა არასდროს არსად არ მიცხოვრია. ისეთ ადგილზე დავსახლდი, სადაც ძალიან ციოდა. ერთ ღამეს -17 გრადუსიც კი დაფიქსირდა. თავისუფლად შეგიძლიათ დამაბრალოთ, რომ პსვ-ში ბევრს არ ვვარჯიშობდი. ერთხელ სახლიდან სამი დღე არ გავედი. თანაგუნდელები ანერვიულდნენ და მომაკითხეს. კარზე მიკაკუნებდნენ, მაგრამ პასუხი არ გავეცი. ჰიბერნაციაში ვიყავი ძმაო!!!

თუმცა ეს ყველაფერი ღირდა. იცით რატომ? ბრაზილიაში იმის ნახევარსაც არ გამოვიმუშავებდი, რამდენსაც ნიდერლანდებში. როდესაც ფეხის თითები ისე მეყინებოდა, რომ მგრძნობელობას ვკარგავდი, მაშინვე ის დრო მახსენდებოდა, როდესაც მამაჩემს მშენებლობაზე ვეხმარებოდი. სიცივის გამო ოცნებაზე უარის თქმას არ ვაპირებდი. საბოლოოდ, ჩემს მშობლებს ფრეგუსიაში და ჯაკარეპაგუაში სახლი ვუყიდე. ეს ჩემი პირველი ჯოჯოხეთური გამარჯვება იყო.

ცხოვრების ბოლომდე პსვ-ს მადლიერი ვიქნები. იქ არაჩვეულებრივი 5 წელი გავატარე, თუმცა უნდა წავსულიყავი. „ბარსელონა“, „ბარსელონაა“ - მათ უარს ვერავინ ეტყვის.

ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იოჰან კრუიფი გახდა. კამათიც არ ღირს, ის ჩემი საუკეთესო მწვრთნელი იყო. როდესაც ბარსაში გადავედი 11-ნომრიანი მაისური მინდოდა, მაგრამ კრუიფმა 10 მომცა. კრუიფს ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ 11 მერჩივნა. იოჰანმა მითხრა, რომ მის გუნდში საუკეთესოები 10-ნომრით თამაშობდნენ. ჯანდაბა, უარი როგორ უნდა მეთქვა? ამ დღის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სამუდამოდ 10 ნომრით ვითამაშებდი.

ყველაზე რთული ვარჯიშები კრუიფთან მქონდა. ის ისეთ რაღაცებს გვავალებდა, რაც შესასრულებლად თითქმის შეუძლებელი იყო. მის ტვინში კი ყველაფერი მარტივად ხდებოდა. კრუიფი მაგიური იყო და ღვთისგან ბოძებული ნიჭის გარეშე მის ვარჯიშებს ვერ შეასრულებდი.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უნდა წავსულიყავი. დიახ, ეს სიმართლეა. მწვრთნელებს ხშირად გავურბოდი და მათ ნაკრებში არასდროს უნდა გამოვეძახე. ბრაზილიას საკვალიფიკაციო ეტაპი მარტივად უნდა გაეარა. ბოლო ტურში ურუგვაის ვხვდებოდით და მუნდიალზე ფრეს შემთხვევაშიც გავიდოდით. მთავარმა მწვრთნელმა იცოდა, რომ თუ წააგებდა ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა. რა გააკეთა ალბერტო პერეირამ? საუკეთესო მოთამაშესთან ანუ ჩემთან მოვიდა და თამაში მთხოვა. დავთანხმდი. არანაირ ზეწოლას არ განვიცდიდი და ჩემი სიამოვნებისთვის ვითამაშე. შეგიძლიათ ნებისმიერს ჰკითხოთ, ვინც ურუგვაისთან მატჩი იხილა. გეტყვიან, რომ მე კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. 10-ბალიანი სისტემით, რომ შევაფასოთ 11 მეკუთვნოდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად ბრაზილია მოიგებდა. რომ არ მოგვეგო ეს ჩემი ბრალი იქნებოდა. ვიცოდი რამდენად კარგი ნაკრები გვყავდა და დარწმუნებული ვიყავი ჩემი ცხოვრების საუკეთესო მატჩებს ჩავატარებდი. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა..

ფულადი პრიზები? მე გავაკეთე ის, რაც ყველასთვის საუკეთესო იყო. 1990 წელს ჩვენ სპონსორებიდან შემოსულ თანხებზე ვკამათობდით და ამან ჩვენი ფეხბურთისადმი კონცენტრაცია მოადუნა. 1994 წელსაც პრობლემა შეიქმნა. მე გამიჩნდა იდეა, რომ ყველა ფეხბურთელს თანაბარი პრემია მიეღო. ბომბარდირ რომარიოს იმდენი უნდა მიეღო, რამდენსაც შეფ-მზარეული აიღებდა. ფეხბურთელებმა ჩემს იდეას მხარი დაუჭირეს და იმ დღეს ვიგრძენი, რომ ბრაზილიის ნაკრები მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

მირჩევნია ვიყო ბედნიერი, ვიდრე მდიდარი ან ჩემს შემთხვევაში უფრო მდიდარი. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ რიოში დავბრუნდი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ შევიგრძენი იმის ძალა, თუ რას ნიშნავს იყო მსოფლიოს ჩემპიონი. რიოში დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფი. ხალხი მეფერებოდა და მადლობას მიხდიდა. ამის გამო ესპანეთში 2 კვირის დაგვიანებით დავბრუნდი. „ფლამენგომ“ ტრანსფერი შემომთავაზა. მაშინ 29 წლის ვიყავი და ევროპაში საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ მქონდა. არცერთი სხვა ფეხბურთელისთვის ასეთი მსუყე კონტრაქტი ბრაზილიაში არ შეუთავაზებიათ. 1995 წელს „ფლამენგოში“ გადავედი. ბევრს შეიძლება ეს გიჟურად მოეჩვენა, მაგრამ მე ახლოს ვიყავი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, შვილებთან, ნათესავებთან და რაც მთავარია ზღვის სანაპიროსთან. ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

35 წლის ასაკში ფეხბურთის კარგად თამაში შევწყვიტე. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ 1000-გოლიანი ნიშნულის მიღწევა იყო. ხალხი ამბობდა, რომ აღარ ვვარჯიშობდი. დიახ ეს ასე იყო. სხვა ფეხბურთელებს მინდორზე 70 მეტრის შეუჩერებლად გარბენა შეეძლოთ, მაგრამ მე კარში 70-ჯერ ზუსტად დარტყმა გამომდიოდა. ამისთვის კი სპეციფიკურ ვარჯიშებს ვასრულებდი.

ბევრჯერ უთქვამთ, რომ ეგოისტი ვიყავი. რეალურად კი ასე არ იყო. გოლს თუ გავიტანდი ხო მოვიგებდი? ასევე ჩემი გუნდიც მოიგებდა. ეგოისტობა რანაირად გამოდის? მეათასე გოლი ჯოჯოხეთურ პირობებში გავიტანე. 41 წლის ვიყავი და ჩემს გონებას ის უნდა გაეკეთებინა, რაზეც ჩემი ფეხები უარს ამბობდნენ. აღარ ვიცოდი მინდორზე რა უნდა მეკეთებინა და მცველები როგორ მომეტყუებინა. ყოველი მატჩის შემდეგ, ჩემს ტვინს სუნთქვა უჭირდა.

მეათასე გოლის სანახავად ჩემი მეგობრები მთელი მსოფლიოდან მოვიწვიე. ისინი ჩამოფრინდნენ ნიდერლანდებიდან, ავსტრალიიდან, მაიამიდან.. სამ მატჩს უყურეს და ვერ გავიტანე.. ჩემნაირი მოთამაშისთვის ეს მარადისობა იყო. დღესასწაულის შექმნას ვცდილობდი, მაგრამ ბოლოს ყველა კარიერის დასრულებისკენ მიმითითებდა.

რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა, რომელმაც 1000 გოლი გაიტანა? წვეულება დიდხანს არ გაგრძელებულა. ახალი მიზანი მჭირდებოდა, მაგრამ ფეხბურთში ბევრი აღარაფერი დამრჩენოდა..

ყველა პოლიტიკოსია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრს ვსაუბრობთ და ვკამათობთ. როდესაც სენატში შევედი იგივე პრობლემას წავაწყდი, რაც ფეხბურთში მქონდა, რადგან ფეხბურთშიც იყო პოლიტიკა. ჩემი ავთენტურობის გამო გამუდმებით კონფლიქტი მქონდა, როგორც მწვრთნელებთან და პრეზიდენტებთან, ასევე პოლიტიკოსებთან. ფეხბურთს არასოდეს ჰქონია ტოლერანტობა ისეთი ადამიანის მიმართ, როგორიც მე ვარ. შემეძლო კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე და კიდევ ორ ოლიმპიადაზე წავსულიყავი, მაგრამ ეს ის ფასია, რაც ჩემი ცხოვრების სტილისთვის უნდა გადამეხადა.

პოლიტიკაში ისეთი ადამიანების გამო წავედი, როგორიც ჩემი ქალიშვილი აივი არის. 16 წლის წინ, ის ჩემი მეექვსე შვილი გახდა და სამწუხაროდ დაუნის სინდრომით დაიბადა. მიუხედავად ამისა ის საოცარია. ღმერთმა ანგელოზი გამომიგზავნა. სანამ აივი დაიბადებოდა, არასდროს მყავდა ისეთი ადამიანი ნანახი, რომელსაც რაიმე სახის ნაკლი ექნებოდა. მათი პრობლემების შესახებ არაფერი ვიცოდი და ბრმა ვიყავი.

აივიმ გამაგებინა, რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ და ბრაზილიაში არავინ არაფერს აკეთებდა. ახლა კი მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც მათ ეხმარება. ისინი, როგორც ჩვენ, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან.

როდესაც აივი დაიბადა, ბევრმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მათი ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემები. აქამდე ეს არავისთვის უთქვამთ და მე ბედნიერი ვარ, რომ მათ დავეხმარე. რა არის დასამალი? არაფერი! აივი თავს გამუდმებით ამაყად მაგრძნობინებს.

ვნანობ თუ არა რამეს? ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ გამიგია ჩემზე. ვიყავი თავხედი, ამპარტავანი, უპასუხისმგებლო და ა.შ., მაგრამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ გარკვეულ მომენტში, როგორ ადაპტირდება ადამიანი სიტუაციასთან. ფეხბურთი ჩემთვის სხვა სამყარო იყო. მწვერვალზე ასასვლელად იმდენი ბრძოლა მომიწია, რომ ბოლოს ჩემი ემოციები მთლიანად გადმოიფრქვა. არ აქვს მნიშვნელობა კარგი გავაკეთე თუ ცუდი. მთავარია, რომ მე ყველაფერს გულით ვაკეთებდი.

გავაკეთებდი თუ არა იგივეს? დიახ, მაგრამ დრო ხომ ყველასთვის გადის? ახლა 56 წლის გახლავართ და უფრო მშვიდი ვარ. ასე რომ, იგივეს აუცილებლად გავაკეთებდი, მაგრამ სხვანაირად. ეს არის სიმართლე.

და კიდევ ერთხელ - არავინ არის სრულყოფილი და მადლობა ღმერთს ამისთვის!"

გაზიარება: