მოყვარულთა ლიგა, ბასიანი
Aa
Aa

ცოტა რამ ბასიანზე, გუნდზე, რომელიც ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის თასზე ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, ბასიანი მიიღებს, რომელიც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს.

ბასიანი მოყვარულთა ლიგის დაარსებისთანავე, 7 წლის წინ,  სამი უახლოესი მეგობრის მონდომებითა და ფეხბურთის  სიყვარულის შედეგად  ჩამოყალიბდა. შექმნისთანავე, ბასიანი  ლიგა 2-დან მალე ლიგა 1-ში დაწინაურდა.

გიზო ტაბიძე (ფეხბურთელი)

,,თავდაპირველად, 11 ფეხბურთელი ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით და დღეს, ოჯახის წევრებივით ვართ. სახელწოდება ბასიანი ქართული სულისკვეთებიდან გამომდინარე დავარქვით. ჩვენ, ყველას ფეხბურთის სიყვარული გვაერთიანებს და  უკვე მეშვიდე წელია სწორედ ამ ერთობით მოვდივართ. ლიგა 2-ში, ბასიანი 2-იც კი შევქმენით, სადაც შედარებით უფროსი თაობა ვთამაშობთ.

სულ ვამბობ, რომ მოყვარულთა ლიგა სასწაული პროექტია და ნეტავ, 10-15 წლის წინ, ჩემს ბავშვობაშიც ყოფილიყო. მოყვარულთა ლიგაში ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და რაც მთავარია, სწორედ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, დღეს, უკვე ქუჩას ათასობით მოზარდი მოწყდა.  პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ მოყვარულთა ლიგის, მასობრივი ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გარდა ბასიანი UEFA Regions Cup-ზეც მონაწილეობს:

,,თითოეული მოყვარული ფეხბურთელის ოცნებაა: დიდი ფეხბურთის თამაში, თასის აწევა, ჰიმნის შესრულება და ქვეყნის სახელით საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა - ეს ოცნებები მოყვარულთა ლიგაში აგვიხდა.  საქართველოს თასზე გასვლა უდიდესი სასწაული და სიხარულია ჩვენთვის, ამაზე დიდი გამოწვევა და სტიმული არ არსებობს. ბასიანის ბიჭები, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელები ისე ვარჯიშობენ და თვალებში ნამდვილი ცეცხლი უნთიათ, თამაშიდან თამაშამდე ემზადებიან, დაფრინავენ, ასეთი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის უდაოდ წარმატებასა და გამარჯვებას იმსახურებენ”.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება 1990 წლიდან ტარდება, 2021 წელს თასის გამარჯვებული კი საბურთალო გახდა. დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩის მასპინძელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი იყო, სადაც ერთმანეთს წყალტუბოს სამგურალი და თბილისის საბურთალო დაუპირისპირდნენ. სოსო ფრუიძის გუნდი ზედიზედ მეორედ იყო ფინალში და კვლავ დამარცხდა - გადამწყვეტი მატჩი საბურთალომ ანგარიშით -  0-1 მოიგო და საქართველოს თასს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. შეხვედრის ერთადერთი, მაგრამ გადამწყვეტი გოლი იური ტაბატაძის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის კარი 65-ე წუთზე აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს"