ჰიმნი, რომელიც საუკეთესოებისთვის ჟღერს, კრისტალ პალასის სიყვარულით შეიქმნა
Aa Aa
12 მარტი 2022  |  19:50

ჰიმნი, რომელიც საუკეთესოებისთვის ჟღერს, კრისტალ პალასის სიყვარულით შეიქმნა

ჰიმნი, რომელმაც ლეო მესის მოტივაცია გაუზარდა, ზინედინ ზიდანი მოხიბლა და კრიშტიანუ რონალდუ აამღერა 1992 წლიდან, პრესტიჟული საკლუბო ჩემიონატის წინ, ევროპის გამორჩეულ სტადიონებზე ჟღერს.

ჩემპიონთა ლიგის ყველასათვის საყვარელი ჰიმნის შემქნელი ბრიტანელი კომპოზიტორი, ტონი ბრიტენია.  ჰიმნი ჯორჯ ფრიდრიჰ ჰენდელის (1727 წელი) ნაწარმოების არანჟირებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელსაც ლონდონის „St. Martin’s in the Fields“–ის ტაძრის აკადემიური ქორო ასრულებს.

 

,,სიმართლე გითხრათ,  ჰიმნის წერას როგორც საქმეს, ისე მივუდექი,  არ მიფიქრია, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვქმნიდი. ეს დიდი ხსნის წინ იყო. UEFA-ს სურდა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი ჩამოეყალიბებინა, რომელიც ფეხბურთისადმი ინტერესს გაზრდიდა. მაშინ ტურნირი სულ 8 გუნდისგან იქმნებოდა და რთული წარმოსადგენი იყო, რომ ოდესმე ისეთი პოპულარული და მასშტაბური გახდებოდა, როგორიც დღესაა.

კრისტალ პალასის გულშემატკივარი ვარ და ეს ყველამ იცის, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ევროპის სხვა სტადიონზე მისულს ჰიმნი საჯაროდ  მომესმინა, რის შემდეგაც მღელვარება და სიამაყე ერთნაირად მეგრძნო“, - იხსენებს კომპოზიტორი.

სხვადასხვა დროს ჰიმნის რებრენდინგი და შეცვლა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღო:

,,გარკვეული პერიოდების შემდეგ, UEFA-ს სხვადასხვა სიახლე შემოაქვს. ასე  ჰიმნის შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო. არსებობდა გარკვეული გეგმა, თუმცა მათ თქვეს: არა, ორიგინალს ვირჩევთ! მუსიკა ყველაზე ძლიერი ბრენდია, ჩვენთვის ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც წითელი ფერი - კოკა-კოლასთვის“, - დასძენს ტონი ბრიტენი.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციის ორიგინალი, როგორც კომერციული პროდუქტი, არასოდეს გამოშვებულა.

თავად ჰიმნის კი, ჩემპიონთა ლიგის ემბლემასთან ერთად,  რამდენიმე ინტერპრეტირებული ვარიანტი აქვს: მოკლე ვერსია, ელექტრონული ვერსია, ინსტრუმენტული ვერსია და სხვა.

ჰიმნის სრული ვარიანტი სამწუთიანია, თუმცა უმეტესად სწორედ მოკლე ვერსიას შეხვდებით, რომელიც ევროპული საღამოების წინ, 3 ოფიციალურ ენაზე: გერმანულად, ფრანგულად და ინგლისურად ჟღერს.

,,თუ მუსიკით ბრენდის გამოცნობა შეგვიძლია, ეს პირველი სწორედ ჩემპიონთა ლიგა იქნება. მე ასე მგონია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად პირველები ვიყავით, ვინც შეძლო და სპორტულ ღონისძიებას საკუთარი იდენტური სახე მუსიკის მეშვეობით უპოვა".

კომიკურია, მაგრამ ყველა წარმატებული ადამიანის ისტორია, ერთიმეორეს ჰგავს. გამონაკლისი არც ბრიტანელი კომპოზიტორია, რომელმაც მუსიკისადმი სიყვარული საკუთარ თავში მცირე ასაკში იპოვა. ტონი იხსენებს, რომ მასში ნიჭი ესტონელმა დეიდამ აღმოაჩინა, რომლის დაჟინებულმა თხოვნამაც შედეგი გამოიღო - მშობლებმა პატარა ბიჭუნას 10 ფუნტიანი ფორტეპიანო უყიდეს და ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო:

,,13 წლის ასაკში უკვე ვიცოდი რისი კეთება მსურდა. იქამდე, სანამ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის შეკვეთას მივიღებდი, სარეკლამო მუსიკაზე მუშაობის გამოცდილება მქონდა. ძალები მოვსინჯე ფილმებშიც".

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკლუბო გათამაშების ჰიმნი ცოცხლად 2009 წელს შესრულდა.  იტალიელი ტენორი, ანდრეა ბოჩელი იყო პირველი, რომელსაც ჰიმნის მღერის პატივი წილად ხვდა.

 

ჰიმნი და მსოფლიო ვარსკვლავები

ლეო მესი: ,,როდესაც ეს ჰიმნი გესმის, ხვდები, რომ საქმე ჯადოსნურ მატჩთან გაქვს. ეს მართლაც შთამაგონებელი და შესანიშნავია".

იოზუა კიმიხი: ,,ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს რაღაც განსაკუთრებული აქვს. ამას უფრო მეტად მაშინ ხვდები, როდესაც მოედანზე უსმენ".

ერლინგ ჰოლანდი: ,,ჩემი მაღვიძარა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნით ჟღერს. დღის ასე დაწყება მოტივაციას მმატებს".

მნიშვნელოვანი ის რწმენაა, რომელსაც გვირაბიდან სტადიონზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივრის წინაშე გაჰყავხარ. რეალურად, სწორედ საკუთარ თავთან დარჩენილი წამები იგებს შეხვედრას.

მოიგებს ის, ვისაც გამარჯვების სურვილი მეორეზე მეტად ექნება, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი კი დიდების კვარცხლბეკთან მდგარს ბოლოჯერ გაგახსენებს, რომ მთავარი მოვლენის ჩემპიონები მხოლოდ საუკეთესოები ხდებიან.

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში