ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან
Aa
Aa

ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან"

ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში დრო მინისტრის საათს ეთმობა, სადაც სიტყვით  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოდის.

წულუკიანმა აქცენტი სპორტის იმ რამდენიმე სახეობაზე გააკეთა, რომელიც დღეს, საქართველოში შესაშური პირობებით არ გამოირჩევა, ამიტომ მიზანი თანაბარ მდგომარეობაში ყოფნაა:

,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება.

ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ისიც, რითაც უკვე ვამაყობთ.

მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში, რამდენიმე დღის წინ, რაგბის მატჩს დავესწარი და ჩვენმა ნაკრებმა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან გვასახელა. ეს თამაში იყო არამხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში, ეს უნდა გაგრძელდეს, ამგვარი სპორტის სახეობებისთვის ხელშეწყობა.

ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, ის მაღალი მიღწევები, რაც არაერთი სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა რომ ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა, ვაჩვენო კონტრასტი, ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი, ასეთია რეალობა", - წულუკიანის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია, საქართველოს ბიუჯეტიდან მათი ჯამური ანაზღაურება 98 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს.

წულუკიანის მოხსენებაში ითქვა, რომ აღნიშნული ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი დაფინანსება რაგბის კავშირისთვისაა გაწერილი -  27 მილიონ 500 ათასი ლარი, შემდეგ კი კალათბურთის ფედერაციისთვის - 13 მილიონ 580 ათას ლარი.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი" - ლორია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე