კიტეიშვილის მარცხი მონაკოში - ქეცბაიას ანორთოსისის წარუმატებელი სტარტი
Aa
Aa

კიტეიშვილის მარცხი მონაკოში - ქეცბაიას ანორთოსისის წარუმატებელი სტარტი

UEFA-ს ევროპა ლიგის B ჯგუფის პირველ ტურში ''მონაკომ'' შინ გრაცის ''შტურმი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე კრეპინ დიატამ შეაგდო.

''შტურმის'' სასტარტოში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.

ქართველი ლეგიონერის გუნდისთვის ჯგუფური ეტაპი წარუმატებლად დაიწყო, თუმცა ''შტურმს'' შედეგის ჩვენება მეორე ტურში შეეძლება, 30 სექტემბერს ''შტურმი'' პსვ-ს უმასპინძლებს.

UEFA-ს კონფერენს ლიგის B ჯგუფის პირველ ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' შინ ბელგრადის ''პარტიზანთან'' 0:2 დამარცხდა.

მასპინძელთა სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი ნიკა ნინუა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო ქეცბაიას გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ნიკა კაჭარავა 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა:

''მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მეტოქის ფეხბურთელებმა რეალიზება მოახერხეს, ჩვენ ეს ვერ შევძელით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. შედეგი სამართლიანია''.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავამ ოფიციალურ მატჩში 2020 წლის 3 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა, გასულ სეზონში იჯარით პოზნანის ''ლეხში'' ირიცხებოდა, თუმცა ევროპა ლიგაზე ლისაბონის ''ბენფიკასთან'' მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 27 წლის ფორვარდს დაახლოებით 10 თვე გაუცდა.

''ანორთოსისი'' შემდეგ მატჩს სტუმრად გიორგი ჩაკვეტაძის ''გენტთან'' 30 სექტემბერს ჩაატარებს. პირველ ტურში ''გენტმა'' სტუმრად ''ფლორა'' დაამარცხა (0:1), თუმცა ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები