10-გოლიანი სუპერმატჩი ბათუმში - დინამომ ლოკო 7:3 დაამარცხა
Aa
Aa

10-გოლიანი სუპერმატჩი ბათუმში - დინამომ ლოკო 7:3 დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის ''დინამომ'' საკუთარ კედლებში თბილისის ''ლოკომოტივი'' 7:3 დაამარცხა. სამწუხაროა, რომ სანახაობრივ მატჩს პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების გამო ქომაგი არ ესწრებოდა. პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გავიდა, თუმცა შესვენების შემდეგ 9 გოლი ვიხილეთ.

პირველ ტაიმში მხოლოდ 1 გოლი გავიდა, 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა სტუმართა დებიუტანტ ცენტრალურ მცველს, ადამა ვადის აჯობა, საჯარიმოში შეიჭრა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმის 4-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა 2 გოლი შეაგდეს, 51-ე წუთზე ბექა დარცმელიამ ანგარიში გაათანაბრა, 55-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძის საგოლე პასის შემდეგ თორნიკე კირკიტაძემ ეფექტური გოლით სტუმრები წინ გაიყვანა. ამ ეპიზოდში კირკიტაძემ მასპინძელთა უკრაინელ მცველს, ოლეკსანდრ აზაცკის თავბრუ დაახვია, აშკარად დაჯაბნა.

64-ე წუთისთვის ანგარიში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სასარგებლოდ 1:2 იყო, თუმცა დარჩენილ დროში გეგუჩაძის ფეხბურთელებმა 6 გოლი გაიტანეს. 

65-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ნავალოვსკიმ საკმაოდ მახვილი კუთხიდან მეკარისაგან შორეული კუთხისკენ ზუსტად დაარტყა, ''ლოკომოტივის'' მცველი ადამა ვადი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა ამჯერადაც შეცდა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

69-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა თავური დარტყმით დუბლი შეასრულა, ბათუმის ''დინამო'' დაწინაურდა - 3:2.

72-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ფანცულაიამ გაიტანა და სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა - 4:2, რასაც გაფრინდაშვილის ულამაზესი გოლი (მე-80 წუთი) და ფანცულაიას მეორე გოლი მოჰყვა (84-ე წუთი). ''ლოკოს'' ახალწვეული ადამა ვადი ფანცულაიას მეორე გოლის ეპიზოდშიც შეცდა, ფანცულაიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და კარისკენ დარტყმის საშუალება მისცა.

ბათუმის ''დინამოდან'' მე-7 გოლი ირაკლი აზაროვის ანგარიშზეა (87-ე წუთი), მარცხენა ფეხით მაღალ კუთხეში გაიტანა.

საინტერესოა, რომ ბათუმის ''დინამოს'' მხრიდან 4 გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფანცულაია (2), თორნიკე გაფრინდაშვილი.

მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე თბილისის ''ლოკომოტივის'' ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა, რომელიც თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.

24 ტურში ბათუმის ''დინამომ'' 50 ქულა მოაგროვა, გათამაშების ლიდერია და მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს'' 5 ქულით უსწრებს.

24-ე ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა თბილისის ''დინამომ'' შინ გორის ''დილასთან'' ფრედ 0:0 ითამაშა. ასე რომ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2 შეხვედრაში დამარცხდა და ერთ მატჩში ქულა მოიპოვა.

''საბურთალოსა'' და გორის ''დილას'' ანგარიშზე 39-39 ქულაა, თბილისის ''ლოკომოტივი'' კი 36 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები