ტორპედოს საწყისი ფასი  567 000 ლარია - ყველა ვალდებულება, რომელიც მყიდველს დაეკისრება
Aa
Aa

ტორპედოს საწყისი ფასი 567 000 ლარია - ყველა ვალდებულება, რომელიც მყიდველს დაეკისრება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთისის ტორპედო", რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს, იყიდება. ინფორმაცია აუქციონზე გაჩნდა.

აუქციონის თანდართულ ფაილში ნათქვამია, რომ ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში მთელი რიგი ვალდებულებები ექნება, მათ შორის: არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად მან  670 000 ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, არანაკლებ 1 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ყველა ვალდებულება, რომელიც მყიდველს დაეკისრება:

მართოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი“ (ს/ნ 212917183) როგორც გულისხმიერმა მფლობელმა, კეთილსინდისიერი კომერსანტის ძალისხმევით, მოიძიოს ინვესტორები, დონორები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის სხვა წყაროები. შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის, ყოველწლიურად განახორციელოს მინიმუმ 1 000 000.00 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიცია, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებისა. ამასთან, აღნიშნულ თანხაში არ შედის შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.

უეფასა და ეროვნული ლიცენზიის ყოველწლიურად ასაღებად, კომპანიაში შექმნას საჭირო პირობები, ლიცენზირების დებულებების შესაბამისად. უზრუნველყოს, კომპანიის საფეხბურთო გუნდების შესაბამის ლიგებში ასპარეზობა. საკუთრებაში გადაცემული კომპანიის გამართულად ფუნქციონირებისათვის, ყოველწლიურად უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა.

უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის დებულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

დაიცვას ადგილობრივ და უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულებებით დადგენილი „სამი წლის“ წესი. (უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის კლუბების ლიცენზირების დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად).

ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის N17 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში www.saras.gov.ge -ზე რეგისტრირებული აუდიტორის ან/და აუდიტორული კომპანიის დადასტურება, ინვესტორის ფინანსური შემოსავლების გამჭვირვალეობის შესახებ.

აიღოს პასუხისმგებლობა შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) მიმართ მესამე პირთა მიერ წაყენებულ, მათ შორის ამ ეტაპზე აღიარებულ, დადასტურებულ ან/და აუღიარებელ, დაუდასტურებელ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე (გარდა პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებისა) არაუმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში. კერძოდ, წინამდებარე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე/ვალდებულებებზე: ა) შპს „საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისს“ პოტენციური ინვესტორებისაგან (შპს „ქოფიმა“ ს/ნ 405033743; და შპს „არგონავტიკა“ ს/ნ 406318364, რომლებთაც სურვილი ჰქონდათ სიმბოლურ ფასად საკუთრებაში მიეღოთ შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ 100%-იანი წილი) 2020-21 წლებში ინვესტიციის სახით მიღებული აქვს 2 754 640,83 (ორი მილიონ შვიდასორმოცდათოთხმეტი ათას ექვსასორმოცი ლარი და 83 თეთრი) ლარი. მათ შორის, შპს „ქოფიმადან“ 2 297 950,83 (ორი მილიონ ორასოთხმოცდაჩვიდმეტიათას ცხრაასორმოცდაათი) ლარი, შპს „არგონავტიკიდან“ 456 690.00 (ოთხასორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარი. ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკება ან/და დავა შპს „ქოფიმასთან“ და შპს „არგონავტიკასთან“ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მითითებული საინვესტიციო თანხის შპს „ქოფიმას“ (ს/ნ 405033743) და შპს „არგონავტიკისათვის“ (ს/ნ 406318364) დაბრუნება.

შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ადგილობრივ ან/და საერთაშორისო, (როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური), ასევე, უეფას მატჩებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ყოველწლიურად, საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, არანაკლებ 10 (ათი) სამუშაო დღისა, წარმოადგინოს არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის საბანკო გარანტია (მხოლოდ საბანკო დაწესებულებიდან, ამასთან, მიკროსაფინანსო ან/და სადაზღვევო ორგანიზაციიდან გაცემული საბანკო გარანტია არ დაიშვება), საბანკო გარანტიის ვადა არ უნდა იყოს საფეხბურთო სეზონის ხანგრძლივობაზე ნაკლები.

 საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის გაგრძელების შემთხვევაში უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად  არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183), განვითარებისათვის თანხის მოზიდვა ყოველწლიურად, არანაკლებ 4 000 000.00 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობით.

არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) სპორტული პროფილი „ფეხბურთი“ და სახელწოდება.

მოზიდული ინვესტიციის 10% გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის, თუ აღნიშნული არ შეეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

მყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) ყოველგვარი დავალიანება კრედიტორების წინაშე.

ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის შეუსრულებლობის შემთხვევაში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის“ (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილი საკუთრებაში უბრუნდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს. ამასთან, მყიდველი ვალდებულია გაუმჯობესებული ქონება ყოველგვარი დავალიანების გარეშე დააბრუნოს დაუყონებლივ შესაბამისი სარეგისტრაციო და სხვა საჭირო პროცედურების გავლის უზრუნველყოფის ჩათვლით, რის შემდგომაც გამყიდველი იმსჯელებს ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს მყიდველს ხელი შეუწყოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემს.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი ტორპედო

რამდენიმე კვირის წინ, ტორპედოში" არსებული ფინანსური დავალიანების გამო, ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და მატჩის ჩატარებაზე უარი თქვეს.  მოგეხსენებათ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ტორპედო" მოედანზე მთავარი გუნდით სწორედ ამ მიზეზით არ გავიდა და შეხვედრა U19-ის და U17-ის ფეხბურთელებით ჩაატარა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასული, 22 ტურის შემდეგ, „ტორპედოს" 19 ქულა აქვს და საქართველოს კრისტალებეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს, რაც პლეი-აუტის ზონაა.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მძიმე დროს, ოფიციალურად, მთავარი მწვრთნელის რანგში კახა ჩხეტიანი დაბრუნდა, რომლისთვისაც „ტორპედო" უცხო არ არის. გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2016/2020 წლებში მუშაობდა, ამ დროში მან საქართველოს ჩემპიონატი, თასი (2) და სუპერთასი (2) მოიგო. გუნდს ასევე დაუბრუნდნენ მეკარე, როინ კვასხვაძე და ნახევარმცველი, მათე ცინცაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები