სკანდალი ოლიმპიადაზე - ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო
Aa
Aa

სკანდალი ოლიმპიადაზე - ქართველმა სპორტსმენმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრს, ბენიკ აბრამიანს რამდენიმე საათში, ტოკიო 2020-ზე ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე ვერ გამოვა. ტესტირების საერთაშორისო სააგენტოს, ITA-ს ინფორმაციით, აბრამიანმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო და მას ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

36 წლის სპორტსმენმა დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო და ვითარების გარკვევამდე ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. აბრამიანს ტესტი 31 ივლისს, ტოკიოში ჩაუტარდა და სისხლში ორი აკრძალული სტეროიდის კვალი აღმოუჩინეს.

„სპორტსმენს ამ საკითხის შესახებ ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ და საქმის დასრულებამდე დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო“, - წერია ITA-ს ოფიციალურ განცხადებაში. ქართველ ბირთვის მკვრელს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს და ასევე შეუძლია, B-ნიმუშის ანალიზი მოითხოვოს, თუმცა ქართული მხარის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ეს მეორე შემთხვევაა, როცა სპორტსმენმა დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. 3 დღის წინ, ნიგერიელ მორბენალს, ბლესინგ ოკაგბარეს სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს.

ცხელი ამბები