გეგუჩაძე: ''ეჭვი არ მეპარება, სივასს ბრძოლას გავუმართავთ''
Aa
Aa

გეგუჩაძე: ''ეჭვი არ მეპარება, სივასს ბრძოლას გავუმართავთ''

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გადაცემაში ''სპორტი იმედზე'' ბატე-სთან მოპოვებულ გამარჯვებასა და თურქულ ''სივასთან'' მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

გია გეგუჩაძე: ''მე ვიტყოდი, რომ ფეხბურთელებმა დავალებები გადაჭარბებულად შეასრულეს. მათ ირწმუნეს და დაიჯერეს, რომ შეეძლოთ გამარჯვება.

მინდვრის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, თუმცა თამაში შეიძლებოდა. ბიჭებს თვალებში ეტყობოდათ, რომ ბატე-სთან გაიმარჯვებდნენ.

ამ ეტაპზე ''სივასის'' შესახებ საუბარი გამიჭირდება, მეტოქის შესწავლის პროცესში ვართ.

როცა ამ დონის თამაშების გამოცდილება არ გვაქვს, ეს ძალიან რთულია. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ''სივასს'' ბრძოლას გავუმართავთ''.

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამომ'' ორი მატჩის ჯამში ''ბატე'' 4:2 დაამარცხა. აჭარულმა კლუბმა ისტორიაში პირველად ევროპული ტურნირის ორი ეტაპი გაიარა და მესამე ეტაპზე თურქულ ''სივასპორს'' დაუპირისპირდება, რომელმაც მოლდოვური ''პეტროკუბი'' ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

ბათუმის ''დინამოსა'' და ''სივასის'' პირველი შეხვედრა ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი სტუმრად 12 აგვისტოს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები