„დინამოში ინდივიდუალური ოსტატობა ბევრ ფეხბურთელს აკლია
Aa
Aa

„დინამოში ინდივიდუალური ოსტატობა ბევრ ფეხბურთელს აკლია" - კახა ცხადაძე

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დინამო არენაზე შედგა - „დინამო" თბილისმა  „მაკაბის" უმასპინძლა და ანგარიშით - 1-2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ მატჩი „დინამო"თბილისის მთავარმა მწვრთნელმა ტრადიციულ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

კახა ცხადაძე - „მაკაბისთან" მატჩზე

სამწუხაროა, რომ ასეთ გოლებს ვუშვებთ. იგივე მოხდა, რაც წინა მატჩებში.

დინამო თბილისში ფეხბურთელები ინდივიდუალურად უკეთ უნდა იყვნენ მომზადებულნი.  ბურთის საჯარიმოში მიტანა შევძელით, თუმცა კარში დარტყმები და ფლანგზე შედეგიანი გადაცემები აღარ გამოგვივიდა. ეს ინდივიდუალური ოსტატობაა, რაც სამწუხაროდ, დინამოში ბევრ ფეხბურთელს აკლია.

როცა მიზნები დიდია , შესაბამისად, ფეხბურთელები, ოსტატობის მხრივ, მაღლა უნდა იდგნენ. ბოლო, დამამთავრებელი ფაზა გვაკლდება და თუ ამ კომპონენტში სუსტი ხარ, შეხვედრას ვერ მოიგებ, ეს ბუნებრივია. მომენტებს ვქმნით, მაგრამ  15-16 მეტრიდან ვერ გაგვაქვს. მომენტების რეალიზაცია პრობლემაა.

აქ მთავარი საკითხი ფსიქოლოგიაა - ადამიანს საკუთარი თავის უნდა სჯეროდეს. შიშის ფაქტორი როდის არის? როცა თავდაჯერება გაკლია.

არის გამოუცდელობის მომენტიც. შეიძლება, გამოუცდელს შეეშინდეს, მაგრამ როცა გამოცდილი ხარ, შენში შიში აღარ უნდა იყოს.

 ეს ერთადერთი პრობლემაა, რასაც მე ამ გუნდში დღეს ვხედავ.

სიმართლე რომ გითხრათ, გუნდში სუფთა გულითა და არასახარბიელო პირობებით მოვედი და მინდა, რომ დინამოს დავეხმარო. თუ ერთმანეთის ნათქვამი პირობები არ შესრულდება, რატომ უნდა ვუშალოთ ერთმანეთს ნერვები?

პესიმიზმში გადავარდნა არ მინდა, გუნდი და მე სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკებთ".

საინტერესოა, რომ აქამდე, „დინამო" თბილისს ისრაელის გუნდებთან ოფიციალური საერთაშორისო მატჩი არ ჩაუტარებია და „მაკაბი" ჰაიფასთან პაექრობა სადებიუტო იყო.

განმეორებითი შეხვედრა

გუნდების განმეორებითი მატჩი 29 ივლისს, სტუმრად შედგება. ისრაელში გასამართი საპასუხო შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი მატჩის ჯამში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „მაკაბის" ბარიერს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მეტოქეობას ფარერების „ტოშვანისა" და მონტენეგროს „ბუდუჩნოსტის" წყვილში გამარჯვებულს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები