აბასოვი: ''დინამოს გოლის შემდეგ ქაოსურად ვთამაშობდით''
Aa
Aa

აბასოვი: ''დინამოს გოლის შემდეგ ქაოსურად ვთამაშობდით''

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ცხადაძის გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' აზერბაიჯანის მოქმედ ჩემპიონ ბაქოს ''ნეფთჩისთან'' 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ აზერბაიჯანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სამირ აბასოვმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

სამირ აბასოვი: ''მოგესალმებით. რა თქმა უნდა დღევანდელი თამაში დაძაბული გამოვიდა, სწორედ ეს მოლოდინი გვქონდა, გამარჯვებული ჯერ ცნობილი არაა, რადგან წინ საპასუხო მატჩი გველის. ‘‘დინამომ’’ ამ მატჩამდე ბევრი შეხვედრა ჩაატარა, ჩვენ კი მხოლოდ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მივიღეთ მონაწილეობა, რაც მეტოქისთვის გარკვეული უპირატესობა იყო.

მე ბიჭებს ვაფრთხილებდი, რომ დღევანდელი მატჩისთვის ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა და სიმშვიდის შენარჩუნება საჭირო იყო. მათ ყველაფერი ჩადეს და გამარჯვება მოიპოვეს. ''დინამო'' კარგად მომზადებული გუნდია. ჩვენი მიზანი ბაქოში გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩავატარეთ. ბაქოში ბევრ რამეს შეცვლით, აქცენტს ბურთის კონტროლზე გავაკეთებთ. მაგალითად, მეზა კოლი ჩვენი გუნდის ახალწვეულია და დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის ფილოსოფიის მიხედვით არ თამაშობდა, რაც ლოგიკურია, თუმცა ბაქოში განსხვავებულ თამაშს ვგეგმავთ.

საპასუხო გოლის შემდეგ ჩვენს თამაშში ქაოსი იყო, თუმცა შესვენების შემდეგ თამაში გამოვასწორეთ და ჩემი გუნდის ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ, დაცვაში მდგომარეობა გამოსწორდა''.

შეგახსენებთ, საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, ბაქოში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები