დინამო v ნეფთჩი: ყველაფერი, რაც მატჩზე უნდა ვიცოდეთ
Aa
Aa

დინამო v ნეფთჩი: ყველაფერი, რაც მატჩზე უნდა ვიცოდეთ

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. 

საქართველოს ჩემპიონი პირველ მატჩს 7 ივლისს, სახლში, დინამო არენაზე ჩაატარებს. შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება. განმეორებითი დაპირისპირება კი 14 ივლისს შედგება და სტარტს თბილისის დროით 21:00 საათიდან აიღებს.

დინამო თბილისის განაცხადი

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი

მცველები: ალექსანდრე კალანდაძე, დავით კობოური, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, ნოდარი იაშვილი, ფირუზ გაბიტაშვილი

ნახევარმცველები: ფაბიან სპორქსლედე, ბაქარ ქარდავა, მილან რადინი, გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე, ნოდარ ქავთარაძე

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ზორან მარუშიჩი, გიორგი ომარაშვილი

ურთიერშეხვედრების ისტორია

ეს გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ. „დინამოსა" და „ნეფთჩის" ურთიერთშეხვედრების ისტორია 52-ს ითვლის - 25 მატჩი „დინამო" თბილისის სასარგებლოდ დასრულდა, 11 შემთხვევაში ბაქოს „ნეფთჩმა" გაიმარჯვა, 16 შეხვედრაში კი გუნდები ფრეს დასჯერდნენ.

შეხვედრის არბიტრები

შეხვედრის მთავარი არბიტრი ისრაელის წარმომადგენელი, დევიდ ფუქსმანი იქნება, რომელსაც ასისტენტობას მატითიაჰუ იაკობოვი და ნატი დოტანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი იდან ლეიბაა. ამავე მატჩში UEFA-ს წარმომადგენელი პოლონელი ლუკას სოისკი იქნება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დევიდ ფუქსმანმა ბოლოს მიმდინარე წლის მარტში , აზერბაიჯანისა და სერბეთის შეხვედრაში იმსაჯა.

რა ითქვა მატჩის წინ

კახა ცხადაძე - „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი

„გასაგებია, რომ ბევრს არ მოგწონვართ, მაგრამ ჩვენ მოვედით, რათა მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.

შანსებზე და პროცენტებზე საუბარი არასერიოზულია, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ნეფთჩი საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ძალიან ბევრი იწერება ამის შესახებ, კი, წარმატებულად ვმუშაობდით აზერბაიჯანის ჩემპიონატში, მაგრამ მას შემდეგ 6 წელი გავიდა. დიდი დროა გასული, ნეფთჩიი გუნდი შეიცვალა, მწვრთნელი შეიცვალა და ამიტომ დღეს, გამოცდილების სახით რაიმე პლუსებზე საუბარი რთულია.

ნეფთჩი ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია, დალაგებულ ფეხბურთს თამაშობს და ნამდვილად ძლიერი მეტოქეა. უნდა ვეცადოთ, რომ შედეგის მისაღწევად, ნეფთჩის პლუსების წარმოჩენაში ხელი შევუშალოთ და მათი მინუსები მაქსიმალურად ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.

გიორგი პაპავა - „დინამო" თბილისის კაპიტანი

„ნეფთჩი ძალიან ძლიერი გუნდია, ამომწურავ ინფორმაციას ვფლობთ მეტოქის თითოეულ ფეხბურთელზე და ზოგადად, გუნდზე.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, დანარჩენი ხვალ მოედანზე გამოჩნდება".

მატჩზე დასასწრები ბილეთები და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი

„დინამო" v „ნეფთჩის" მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად, დინამო არენას სალაროებში. ფასი 5-10-15-20 ლარია. SKY BOX -ის  ერთი ბილეთის შეძენა კი 25 ლარადაა შესაძლებელი.

ონლაინ ყიდვა - TKT.GE  / ონლაინ ყიდვა - Biletebi.ge

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

თანხა, რომელსაც დინამო თბილისი ევროტურნირებიდან მიიღებს

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 280 000 ევროს მიიღებს, მეორე ეტაპის ფინანსური მოგება - 380 000 ევრო იქნება, ხოლო მეორე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში შესაძლოა, აღნიშნულ თანხას დამატებით 480 000 ევრო კიდევ დაემატოს.

აღსანიშნავია, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებულ თანხას ასევე დაემატება 40 000 ევრო, რაც მგზავრობის ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

სხვა საინტერესო ინფორმაცია

მოგეხსენებათ, სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ არსებობს, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან აღნიშნული წესი ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე ამოქმედდება.  იმ შემთხვევაში თუ 2-მატჩიან დაპირისპირებაში გუნდები ერთნაირი რაოდენობის გოლებს გაიტანენ, მნიშვნელობას კარგავს თუ  რამდენი ექნება გატანილი ერთ კონკრეტულ გუნდს, მეტოქის სტადიონზე. ერთნაირი გოლების რაოდენობის შემთხვევაში დაინიშნება 2 დამატებითი, 15-წუთიანი ტაიმი. თუ დამატებით ტაიმებში გუნდებმა იგივე რაოდენობის გოლები დააფიქსირეს ან გაიტანეს, ასეთ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასულის ბედს პენალტების სერია გადაწყვეტს.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, „ოლიმპიაკოსი" იქნება. მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

ფოტოები: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები