გაბედავას დუბლი თბილისურ დერბიში - საბურთალომ სამტრედია გაანადგურა
Aa
Aa

გაბედავას დუბლი თბილისურ დერბიში - საბურთალომ სამტრედია გაანადგურა

საქართველოს ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში თბილისის ''დინამომ'' ''დინამო არენაზე'' თბილისის ''ლოკომოტივი'' 2:0 დაამარცხა.

მე-17 წუთზე ზორან მარუშიჩის პასის შემდეგ გიორგი გაბედავამ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა.  65-ე წუთზე თბილისის ''დინამოს'' ფორვარდმა გიორგი გაბედავამ პენალტის ნიშნულიდან მეორე გოლი შეაგდო. თორნიკე კირკიტაძემ თამაშის წესი მარუშიჩის წინააღმდეგ ორთაბრძოლისას დაარღვია და მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

18 ტურის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს თბილისის ''დინამო'' და ბათუმის ''დინამო'' 38-38 ქულით იყოფენ.

ხვიჩა შუბითიძის გაწვრთნილმა ''საბურთალომ'' ''მიხეილ მესხზე'' ''სამტრედია'' 4:0 გაანადგურა. ანგარიში მე-16 წუთზე დმიტრი მანდრიჩენკოს აქტიურობას მოჰყვა, დაცვაში ანდრო გიორგაძე შეცდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 42-ე წუთზე იური ტაბატაძის შესანიშნავი პასის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

83-ე წუთზე საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ნონიკაშვილმა ბურთი მაღალ კუთხეში დაარტყა და ლამაზი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე აკაკი შულაიას პასით აფრიკელმა ოგაგა ოდუკომ ახლო მანძილიდან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''საბურთალო'' 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები