ანალიზი: მოსიარულე მკვდრები - საუთგეიტის უშინაარსო გუნდი
Aa
Aa

ანალიზი: მოსიარულე მკვდრები - საუთგეიტის უშინაარსო გუნდი

1996 წლის მაისში ჯგუფმა Lightning Seeds-მა, Baddiel-მა და Skinner-მა ევროპის ჩემპიონატის წინ დიდებული სიმღერა „Three Lions“-ი შექმნეს, რომელიც საფეხბურთო სიმღერებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა მისი შინაარსი ინგლისელთათვის დაუსრულებელ ლოდინად, აუხდენელ ოცნებად იქცა. ფეხბურთი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს და მეეჭვება საუთგეიტის ხელში ოდესმე ეს შეძლოს.


ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ზე ისევ იმ უფერულ და უშინაარსო ფეხბურთს აჩვენებს, რომელიც 2018 წელს რუსეთის მუნდიალზე ვიხილეთ. დიახ, იქ გარეთ საუთგეიტის გუნდმა ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, თუმცა ბადე მათ საკმაოდ ხელსაყრელი შეხვდათ - კოლუმბია, შვედეთი და შემდეგ ხორვატია, რომელთანაც დამარცხდნენ.

ინგლისელთა ამჟამინდელი შემადგენლობა 2 წლის წინანდელზე ძლიერია, თუმცა მწვრთნელი იგივეა და მათი მთავარი პრობლემაც ეს არის.

საუთგეიტს ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდი ჰყავს, თუმცა მრავალფეროვნება და კრეატივი თავად აკლია.

სქემა გასაგებია - შემადგენლობა ზედმეტად დაცვითი და შეუსაბამო

2018 წლის მუნდიალზე საუთგეიტი 3-5-2 სქემით თამაშობდა და არჩევანის მხრივ შეცდომები მაშინაც ჰქონდა. მაგალითად, ნახევარდაცვის ცენტრში ჰენდერსონი-ლინგარი-ალის ტრიოს იყენებდა და გუნდს შეტევებისას კრეატივი საერთოდ დაკარგული ჰქონდა.

დელე ალი და ლინგარდი იმ მომენტში სქემიდან გამომდინარეც და ზოგადადაც, სასურველი კონდიციებისგან შორს იყვნენ, თუმცა საუთგეიტი მათ ჯიუტად ენდობოდა.

ამჯერად, ინგლისელთა თავკაცი 4-2-3-1 ტაქტიკას იყენებს. რესურსიდან გამომდინარე არჩევანი ობიექტურია, თუმცა თერთმეტეული ზედმეტად პრაგმატულია.

ის, რომ ჰარი კეინს ორ მატჩში კარში დარტყმა არ აქვს, ეს შემთხვევითი არ არის და მხოლოდ მისი ცუდი ფორმიდან გამომდინარე არ ხდება.

დავიწყოთ რაჰიმ სტერლინგით. „სიტის“ გარემარბი სეზონის მეორე ნახევარში ფორმიდან ამოვარდა და ექსპერტები ევროზე მას ძირითადში საერთოდ არ ელოდნენ, თუმცა საუთგეიტი ასე არ ფიქრობს.

სტერლინგის ალტერნატივა - ჯეკ გრილიში

რაც შეეხება ფოდენს, მას „სიტიში“ მაგარი სეზონი ჰქონდა, თუმცა სულ სხვაა პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით, მისი სტილით თამაში და საერთოდ სხვა რამეა საუთგეიტის გუნდი და საფეხბურთო ხედვა.

საუთგეიტი ფოდენს ნაკრებში გამოკვეთილად მარჯვენა გარემარბს ათამაშებს, „სიტიში“ კი პეპი მას თითქმის ყველა პოზიციაზე იყენებს და მოედანზე სრულ თავისუფლებას აძლევს.

ფოდენის ალტერნატივა - რაშფორდი და სანჩო

ინგლისელებს ყველაზე დიდი პრობლემა ნახევარდაცვის ცენტრში აქვთ. მწვრთნელმა გამთამაშებლად მეისონ მაუნტი გაამწესა. „ჩელსის“ შემტევს ასევე ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე სათამაშო ფილოსოფიასთან და შეუთამაშებლობასთან გვაქვს.

ტუხელის 3-4-3 სქემაში მაუნტი ძირითადად შემტევი სამეულიდან ერთ-ერთი იყო და მას ზურგს კანტე-ჟორჟინიოს დუეტი უმაგრებდა. ნაკრებში კი 4-2-3-1-ის დროს ნახევარდაცვაში გამთამაშებლის როლი მოარგეს. უკან კი არც ისე ტექნიკური ფილიპსი და რაისი ჰყავს.

ინგლისელებს ცენტრიდან მწვავე გადაცემებით შეტევის წამოწყება უჭირთ. მაუნტი თითქოს ამოვარდნილია და ცალკეა. ნახევარდაცვის სამეული ერთმანეთისგან სტილით ძალიან განსხვავდებიან, რაც გუნდის თამაშზე უარყოფიად მოქმედებს.

ხორვატიასთანაც და შოტლანდიასთანაც საუთგეიტს შეტევის გასაძლიერებლად და თამაშში მეტი კრეატივის შესატანად დეკლან რაისის ნაცვლად ბელინგემის გამოყენება შეეძლო და ამას ქომაგებთან ერთად ექსპერტებიც ელოდნენ, თუმცა სულ ტყუილად.

რაისი „ვესტ ჰემში“ თავის საქმეს თავს კარგად ართმევს, თუმცა „ჩაქუჩები“ შემადგენლობითა და სათამაშო სტილით პრაგმატულები არიან. ასეთ კოლექტივში კი დეკლანის მსგავსი ფეხბურთელი გამოსადეგია.

ინგლისის ნაკრებში თამასა უფრო მაღლაა აწეული (ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან და ითხოვენ) და გუნდიც ლოგიკურად მეტად თამამად, გააზრებულად და აგრესიულად უნდა თამაშობდეს.

რაისის ალტერნატივა - ბელინგემი

დღეს ინგლისურ პრესაში ერთი საინტერესო მოსაზრება გაჩნდა, რომელიც აზრს მოკლებული არ არის, თუმცა...

რომელი აწყობს ინგლისს - პირველი, თუ მეორე ადგილი? პლუსები და მინუსები...

Telegraph-მა ინგლისის ნაკრებს სტატია მიუძღვნა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფზეა საუბარი. წყაროს თანახმად, „სამი ლომი“ იგივე მდგომარეობაშია, რომელშიც 2018 წლის მუნდიალზე იყო და მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, შედარებით მარტივი ბადე ელის.

ინგლისის ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება და გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფებში ერთის გარდა, ყველა დარჩენილ მატჩს „უემბლიზე“ გამართავს. „სამ ლომს“ შანსი აქვს, მასპინძლის სტატუსი მოიპოვოს, საშინაო კედლების უპირატესობა ჰქონდეს და მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემები მინიმუმამდე დაიყვანოს, თუმცა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას უარყოფითი მხარეებიც აქვს.

D ჯგუფის მოგების შემთხვევაში, ინგლისი მერვედფინალური ეტაპის შეხვედრას „სიკვდილის ჯგუფის“ ერთ-ერთ წარმომადგენელთან საფრანგეთთან, პორტუგალიასთან ან გერმანიასთან გამართავს. წარმატების შემთხვევაში, „სამ ლომს“ სავარაუდოდ, E ჯგუფის პირველადგილოსანი ელის, რომელიც ალბათ, ესპანეთი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, „ფურია როხა“ მესამე პოზიციის დამკავებელ გუნდთან დამარცხდეს. ნახევარფინალში კი ინგლისის მეტოქე დიდი ალბათობით, ნიდერლანდები იქნება.

მეორე მხრივ, თუ „სამი ლომი“ მეორე ადგილზე გავიდა, მერვედფინალში E ჯგუფის მეორეადგილოსანს გაეჯიბრება, რომელიც სავარაუდოდ, შვედეთი, პოლონეთი ან სლოვაკეთი იქნება, აი მეოთხედფინალში კი უკვე უძლიერესი მეტოქე ეყოლება, რაც ევროპის ჩემპიონატზე გასაკვირი ნამდვილად არ არის.

სულ სხვა საქმეა საერთოდ რა შეიძლება აწყობდეს ასე მოთამაშე ინგლისის ნაკრებს, რომელიც AMC-ის ცნობილი ტელესერიალის „მოსიარული მკვდრებში“ მყოფ ზომბებს ჰგვანან - უმოტივაციო, უემოციო, უფანტაზიო ცარიელი სხეულები, რომლებიც აქეთ-იქეთ უაზროდ დაეხეტებიან და საჯარიმოსთან მიახლოების შემდეგ, მეტოქე გუნდის მცველებს ისე ეხეთქებიან, როგორც The Walking Dead-ში ზომბები ადამიანების მიერ დაგებულ მახეში, წამოცმულ შუბებებზე ეგებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები