ბერნარდოს ბარსელონაში სურს - სიტი და ბარსა გაცვლას გეგმავენ
Aa
Aa

ბერნარდოს ბარსელონაში სურს - სიტი და ბარსა გაცვლას გეგმავენ

„მანჩესტერ სიტის“ 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბერნარდო სილვა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. „ქალაქელები“ კი ამის წინააღმდეგნი არ არიან და პორტუგალიელს 60 მილიონ ევროდ აფასებენ.

Daily Mail-ის ცნობით, ბერნარდოს აგენტი ჟორჟე მენდეში ამ მომენტში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს მართავს. როგორც ირკვევა, თავად სილვა „კამპ ნოუზე“ თამაშის სურვილს ადასტურებს.

„ბარსა“ „სიტის“ უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის ფასი იკითხა. კატალონიელები 60 მილიონს ამჟამად ვერ გადაიხდიან, თუმცა ჟოან ლაპორტა მზადაა ბერნარდოს სანაცვლოდ მოლაპარაკებებში ფეხბურთელები ჩართოს და ბარტერი განახორციელოს, რაზეც როგორც გაირკვა ინგლისური კლუბი თანახმაა.

„ჩვენი ინტერესის სფეროში ბევრი ფეხბურთელია. ტრანსფერები კიდევ იქნება. ფინანსური ფეარ ფლეისთვის ფორმულებს ვეძებთ, რათა ტრანსფერების განხორციელება ფეხბურთელების გაცვლის გზით შევძლოთ“. - ამბობს კატალონიელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა.

წყაროს ცნობით, „სიტი“ სერხი რობერტოსა და ფრანციშკუ ტრინკაუს ვარიანტებით არის დაინტერესებული, „ბარსელონასთვის“ ეს ორი მოთამაშე სამომავლო გეგმებში ნაკლებად შედის.

Mundo Deportivo ადასტურებს, რომ ბერნარდოსთვის პრიორიტეტს „ბარსელონაში“ თამაში წარმოადგენს და „ატლეტიკო“ ამ მომენტისთვის სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

ბერნარდო სილვამ „სიტის“ მაისურით გასულ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 45 მატჩი ჩაატარა, თავი 5 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები