Aa Aa
13 ივნისი 2021  |  21:26

ისტორიაში მეორედ - ჯოკოვიჩი როლან გაროსის ჩემპიონია!

დასრულდა 2021 წლის „როლან გაროსის“ ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფანოს ციციპასს შორის. სერბმა ჩოგბურთელმა 5-სეტიანი დრამატული მატჩი 6:7 2:6 6:3 6:2 6:4 მოიგო და ისტორიაში მეორე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულს დაეუფლა. საერთო ჯამში კი ნოვაკს 19 დიდი სლემი დაუგროვდა.

პირველი სეტი ძალზედ დრამატული იყო. „ნოლე“ სეტზე აწვდიდა, თუმცა სტეფანოსმა დაუბრეიკა და თამაში ტაი-ბრეიკში გადავიდა. ტაი-ბრეიკზე ჯოკოვიჩს სეტ პოინტი ჰქონდა, თუმცა ციციპასმა ყველაფერი თავის სასიკეთოდ გააკეთა და პირველი სეტი მოიგო.

მეორე სეტი ბერძენისთვის საკმაოდ მარტივად წარიმართა. 22 წლის ჩოგბურთელმა 2-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა. მესამე სეტში ჯოკოვიჩი გააქტიურდა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ამის შემდეგ სტეფანოსმა სამედიცინო პაუზა აიღო. ციციპასს წელზე ჰქონდა პრობლემები. მეოთხე სეტი კვლავ ჯოკოვიჩის დომინაციით წარიმართა.

მეხუთე და გადამწყვეტ სეტში კი 1:1-ის დროს, ციციპასმა თავისი ჩაწოდება წააგო და ჯოკოვიჩა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. რეიტინგის პირველმა ნომერმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ბოლო სეტი 6:4 მოიგო. მატჩი  4 საათი და 12 წუთი გრძელდებოდა. ასევე გეტყვით, რომ ამ გამარჯვებით ჯოკოვიჩმა ATP-ს რეიტინგში 12113 ქულა დააგროვა.

ჯოკოვიჩის განვლილი გზა

პირველი წრეში „ნოლე“ ტენის სანდგრენს შეხვდა და სამ სეტში 6:2 6:4 6:2 გაიმარჯვა. მეორე წრეში ჯოკოვიჩი პაბლო კუევასს გაუსწორდა 6:3 6:2 6:4. ურუგვაელის შემდეგ ბერანკისის ჯერი დადგა.

ნოვაკმა მას შანსი არ დაუტოვა და 6:1 6:4 6:1 გაანადგურა. ამის შემდეგ დრამატული მერვედფინალის ჯერი დადგა. სერბი ჩოგბურთელი მუსეტის გადაეყარა და პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი გამოფხიზლდა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო. გადამწყვეტ ნაწილში კი მუსეტი დანებდა. მეოთხედფინალში ნოვაკის მეტოქე მატეო ბერეტინი იყო, რომელიც 4 სეტში 6:3 6:2 6:7 7:5 დაამარცხა.

ნახევარფინალში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ რეიტინგის პირველი ნომერი გრუნტის მეფეს, რაფაელ ნადალს შეხვდა. 4-სეტიან დრამატული დაპირისპირება ნოვაკმა 3:6 6:4 7:6 6:2 მოიგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში